სტატიები

15:57 | 12.06.2012 | ნანახია [] - ჯერ

ვის დარჩება ვარშავა...

გდანსკის ბრწყინვალე თამაშს ალბათ ყველა გულშემატკივარმა უყურა და ჩემი “ვახ რა მაგარი იყო!~ არავის სჭირდება, მაგრამ მაინც მინდა გამოვყო, რომ ესპანეთმა ისევ ვერ მოუგო ოფიციალური მატჩი იტალიას 1920 წლის შემდეგ, ჩავიმ 110-ე, ბუფონმა 115-ე, კასილიასმა კი სულაც 132-ე მატჩი ჩაატარეს ნაკრებში! ესპანელები ოდითგანვე ამაყობდნენ საკუთარი სამეკარეო სკოლით და ალბათ მათი დღევანდელი კარის დარაჯი პირველ ადგილზე უნდა დავაყენოთ ესპანური ფეხბურთის ფაქტობრივად სამსაუკუნოვან (19, 20 და 21-ე) ისტორიაში – იკერმა მეოთხე (!) ევროპის ჩემპიონატი ითამაშა (2000 წელს თადარიგში იყო – რედ.)!!! ერთსაც გეტყვით, რომ საერთოევროპულ ჯილდაობას გუშინ 410-მა ჟურნალისტმა და 103-მა ფოტოგრაფმა უყურა, თუმცა ფოტოგრაფები როგორ უყურებენ თამაშებს, უჩემოდაც იცით...
მატჩის შემდეგ ფაქტობრივად ყველა ტელეკომპანიამ მოიძია საჭირო ფეხბურთელები საინტერვიუოდ, დიდი ფუსფუსი იყო აგრეთვე შერეულ ზონაში და გუშინდელი ღამე ჩვენმა კოლეგებმა კომპიუტერებთან და ტელეფონებთან ერთად გაათიეს – ყოველ წელს ხომ არ ტარდება ესპანეთი-იტალია? მასალას მასალაზე აგზავნიდნენ და მეტი რა უნდა გულშემატკივარს? პლუს, ამ მატჩისთვის საგანგებოდ იყვნენ ჩამოსული ესპანეთის პრინცი და პრემიერ-მინისტრი...
თამაშის შემდეგ ტრადიციულად თათბირი ჩავატარეთ და სასტუმროსკენ გამოვეშურე. თქვენ წარმოიდგინეთ, გამიმართლა, მთელი 4 საათი მეძინა! დილაუთენია ვარშავაში გადმოვფრინდი და უმალ სტადიონისკენ ავიღეთ გეზი - ორივე მატჩისწინა ვარჯიში და პრესკონფერენცია მოსამზადებელი იყო. პოლონელებზე ჩემი სხვა კოლეგა აგებს პასუხს, რუსეთის ნაკრების მედიასთან ურთიერთობა მე უნდა უზრუნველმეყო და პრესკონფერენციაზე, რომელიც მე მიმყავდა, დიკ ადვოკატს ზენიტელი კონსტანტინ ზირიანოვი მოჰყვა. საერთო ჯამში ნახევარ საათზე მეტხანს გაგრძელდა და მერე ვარჯიშიც დაიწყო. რუსების ბრწყინვალე დებიუტის მერე, მათდამი ინტერესი გაიზარდა და ხვალაც უამრავი ჟურნალისტი მოაწყდება ვარშავის ეროვნულს. 11 ივნისს მთელი დღე წვიმიანი ამინდის გამო ვარშავის ეროვნული გადახურული იყო (საგანგებო სისტემით სახურავი ძალიან ლამაზად იხსნება და იხურება 18-20 წუთში), 12 ივნისს კი კარგი დარია გამოცხადებული და დილიდანვე გახსნიან სახრავს...
უკვე მესამე სტადიონზე ვმუშაობ და შიგადაშიგ ქალაქებსაც ვათვალიერებ მანქანის მინიდან, ბუნებრივია, მაინტერესებს, რაიმე ისეთი ხომ არ არის აგებული პოლონეთში, რასაც საქართველოში ვერ შევძლებთ და ბოლოსდაბოლოს, მართლა შეგვიძლია თუ არა ევროპირველობის ჩატარება, თუნდაც ათი წლის შემდეგ? მინდა გითხრათ, რომ “ვაი ეს რა ვნახე!~ ჯერ არ მიგრძვნია სტადიონების გარდა – თანამედროვე დიზაინით, ფაქტობრივად ქალაქგარეთ აშენებული სტადიონები ყველა სტანდარტს პასუხობს, გონებაში ჩვენი “დინამოს”, “მესხის” და ქუთაისის სტადიონებს ვჭვრეტ – შეგვეძლება კი მათი თანამედროვე ეტაპზე აყვანა? კი, ძნელია, მაგრამ რესურსი არის!!! ფაქტობრივად ყველა სიახლეს ვაფიქსირებ და ალბათ დაგვჭირდება! ბოლოსდაბოლოს, თუ პორტუგალიამ შეძლო, ჩვენ და აზერბაიჯანს რატომ არ შეგვეძლება? რით ვართ ქართველები სხვებზე უარესები? თუ მოვინდომეთ, გაუკეთებელი არაფერია, ჰოლანდია-ბელგიის ტერიტორია ერთად საქართველოსას არ აღემატება, თუ მკლავები ყველამ დავიკაპიწეთ, ჩვენი თაობაც მოესწრება ამას! მაგრამ იმდენი ოფლი გვაქვს დასაღვრელი, თანაც, იმ პერიოდისთვის 1995-ების თაობა, ყველა რომ იმედით შევცქერით, დაღვინებული იქნება და ალბათ წარმატებისთვისაც ვიბრძოლებთ...
რუსი ჟურნალისტები ბლომად არიან, ვნატრობ ჩემი რომელიმე ქართველი კოლეგა დამანახა, მაგრამ ლაშა თაბაგარი უკრაინაშია, დანარჩენები კი, როგორც ვიცი, მოგვიანებით, ანაც მეოთხედფინალიდან შემოგვიერთდებიან, ასე რომ, ჯერჯერობით კენტად ვარ ეს კაკალი კაცი... ისე, ზოგიერთმა გულშემატკივარმა კომენტარებში დაწერა, ნუღარ დადებთ ამის (ჩემს) სურათებსო, სავსებით მესმის მათი, ძნელია არ შეგშურდეს კაცის, რომელიც დღეს ევროპირველობაზე მოღვაწეობს და ჩემი სურთების ნაცვლად, სტადიონისა და მედია-ზონის სილამაზით დატკბით...

მოგეხსენებათ, დღევანდელი გამარჯვება რუსეთს ფაქტობრივად პირველ ადგილს უბევებს, მეოთხედფინალში “ა” ჯგუფის გამარჯვებული კი ისევ ვარშავაში რჩება და “ეროვნულზე” დაუხვდება “ბ” ჯგუფის მეორეადგილოსანს. დღეს “კარსლბერგის” პრიზს მატჩის საუკეთესო მოთამაშეს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი კრისტიან კარამბე გადასცემს, რომელთანაც ძველი ნაცნობობა მაკავშირებს, რის შესახებაც ხვალ მოგიყვებით...
 

 

უეფას მედია-ოფიცერი მამუკა კვარაცხელია
სპეციალურად worldsport.ge-სთვის, გდანსკიდან

ავტორის ფოტო

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.170886