ფეხბურთი

20:39 | 6.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვინ ამობრწყინდება ბუნდესლიგიდან

ბოლო წლებში გერმანიის ნაკრებში სასწაულად იმატა ახალგაზრდების დაწინაურებამ. ადრე ასე არ ხდებოდა: ბუნდესტიმში იშვიათად თუ ნახავდით 22-23 წლის ფეხბურთელს. ამ ყველაფერზე ხშირად დაწერილა, კურსი 2000 წლიდან შეიცვალა, როცა გერმანიას ძალიან გაუჭირდა საფეხბურთო ტალანტების მხრივ და ნაკრებიც ჩავარდნილი იყო. მაშინ დაიწყეს პროგრამა, რაც ახალგაზრდებზე აქცენტირებას და ნიჭიერებისადმი ნდობას ითვალისწინებდა.

აი, შედეგიც: გერმანია მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და მუნდიალზე ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდული გუნდი ჰყავდა.

ბუნდესლიგაშიც შეიმჩნევა ახალგაზრდებზე დაყრდნობის ტენდენცია. გრანდებიც კი არ ერიდებიან 19-20 წლის ფეხბურთელების სასტარტოში დაყენებას. რომელი ერთი დავასახელოთ... თუმცა ამ სიაში ისეთებს ჩამოვწერთ, რომლებსაც ჯერ ნაკლებად იცნობენ, მაგრამ სწრაფ პროგრესს განიცდიან. ისინი ჯერ არ არიან მარიო გიოტცესა და ანდრე შიურლეს დონისანი, მაგრამ ელიან, რომ დიდ სახელს მოიპოვებენ.

 

ლორის კარიუსი (მაინცი, 21 წლის, მეკარე). ერთი პერიოდი "მანჩესტერ სიტის" ახალგაზრდულ გუნდში გახლდათ. გერმანიის ასაკობრივ ნაკრებებში იძახებდნენ, თუმცა არცთუ ხშირად ათამაშებდნენ.

მაქსიმილიან არნოლდი (ვოლფსბურგი, 20 წლის, შემტევი ნახევარმცველი). ტექნიკური შემტევია, ჩინებული ცაციით. 17 წლისას ჰქონდა დებიური ბუნდესლიგაში და ნელ-ნელა უმატებს თამაშს.

ნიკლას სულე (ჰოფენჰაიმი, 19 წლის, მცველი). ცენტრალური მცველია და შეუძლია საყრდენად თამაშიც. პირველი სეზონი ჩაატარა ბუნდესლიგაში და 27 მატჩში 4 გოლი გაიტანა. გერმანიის ყველა ასაკობრივი ნაკრები გამოიარა.

დეივი ზელკე (ვერდერი, 19 წლის, ფორვარდი). ის წლეულს 19-წლამდელთა ნაკრებში ევროპის ჩემპიონი გახდა. ამ ნაკრებში ჩატარებულ 16 მატჩში 18 გოლი აქვს გატანილი, რაც სასწაული მაჩვენებელია. 192 სანტიმეტრის სიმაღლისაა.  

ტიმო ჰორნი (კიოლნი, 21 წლის, მეკარე). ახალგაზრდა თაობის საუკეთესო გერმანელ მეკარედ მიიჩნევა. მას ბავშვობიდანვე ფენომენალურად იცნობდნენ, 15 წლის ასაკში უკვე 17-წლამდელთა ნაკრებში აყენებდნენ. "კიოლნშიც" კარგად თამაშობს.

ჰაკან ჩალჰანოღლუ (ლევერკუზენი, 20 წლის, შემტევი ნახევარმცველი). თურქი, რომელიც გერმანიაში ჩამოყალიბდა ფეხბურთელად. ალექსანდრე იაშვილის თანაგუნდელი იყო "კარლსრუეში". თურქეთის ყველა ასაკობრივში ძლიერად თამაშობდა, შარშან კი ეროვნულ ნაკრებში მიიწვიეს და 5 მატჩიც მოუგროვდა. "ლევერკუზენმა" წლეულს "ჰამბურგიდან" გადაიბირა. ისე, ჰამბურგელები ბუნდესლიგაში რომ დარჩნენ, ყველაზე მეტად ჩალჰანოღლუს დამსახურებაა.

იოჰანეს გაისი (მაინცი, 21 წლის, ნახევარმცველი). საყრდენი ნახევარმცველია, რომლის გაბრწყინებასაც ამ სეზონში ელიან. წინა სეზონში "მაინცის" ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი იყო, გერმანიის ასაკობრივშიც მუდმივად თამაშობდა. იოაჰიმ ლიოვს ჯერ არ გამოუძახებია და ვნახოთ.

ხუან ბერნატი (ბაიერნი, 21 წლის, ნახევარმცველი). ბევრს გაუკვირდა, რომ ამ ზაფხულს ხოსეპ გვარდიოლამ ბერნატი შეიძინა. ის "ვალენსიას" აღზრდილია და გასული სეზონი ძლიერად ჩაატარა, თუმცა საუკეთესო ნამდვილად არ ყოფილა. ეტყობა, გვარდიოლამ განსაკუთრებული დაინახა ამ ბიჭში. ბერნატი 19-წლამდელებში ევროპის ჩემპიონია.

ლეონ გორეცკა (შალკე, 19 წლის, ნახევარმცველი). მასზე ალექსანდრე იაშვილმაც თქვა, რაც გერმანიაში ვარ, მსგავსი ტალანტი მგონი არ მინახავსო. გორეცკა "ბოხუმში" თამაშობდა იაშვილთან ერთად. ახლა ის დაშავებულია და "შალკეს" მისი სახით საკმაო ძალა დააკლდება. ნახევარდაცვის ლიდერობა შეუძლია, კარგი პასი და დარტყმა აქვს. წლეულს მუნდიალზე წასვლის კანდიდატთა შორისაც იყო.

ლეონარდო ბიტენკური (ჰანოვერი, 20 წლის, შემტევი ნახევარმცველი). ბრაზილიელია და მამამისი, ფრანკლინ ბიტენკური ბუნდესლიგაში თამაშობდა. შემდეგ გერმანიაში დარჩა საცხოვრებლად და ლეონარდოც ლაიპციგში დაიბადა. გასული სეზონი ბიჭმა ძალიან კარგად ჩაატარა და წლეულს უფრო მეტს ელიან. ალბათ, შორს არა ის დრო, როცა ლიოვი ეროვნულ ნაკრებშიც ათამაშებს.  18 წლის ასაკში, ბიტენკური "დორტმუნდში" გახლდათ, თუმცა დიდი კონკურენციის გამო გაყიდეს.  

ილია კახელიშვილი

0.113941