ფეხბურთი

15:05 | 12.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვიმ ვან ზვამი: “ცუდ დღეს შეიძლება კვიპროსთან წავაგოთ, ხოლო კარგ დღეს – ნებისმიერს მოვუგოთ”

ჰოლანდიის 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები არსებობის ისტორიაში ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მეორედ ითამაშებს. ჰოლანდიელებმა ლიტვის საგზური გერმანიასთან მატჩის ძირიტადი დროსთვის დამატებულ წუთებზე, ტომ ჰაიეს გოლის წყალობით მოიპოვეს. კენჭისყრის შემდეგ, ვიმ ვან ზვამის შეგირდები, ჯგუფში ესპანეთთან, პორტუგალიასთან და ლიტვასთან ერთად მოხვდნენ. ამის მიუხედავად, ჰოლანდიელთა თავკაცის მიზანი მინიმუმი ნახევარფინალში გასვლაა.

- როგორ აფასებთ ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის კენჭისყრის შედეგს?

- რთული იქნება, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს, რომელ ჯგუფში მოვხდით. ორივე ძლიერია. ესპანეთის ნაკრები თითქმის ყოველთვის ფავორიტია. ეს გუნდი ევროპის ჩემპიონი 6-ჯერ გამხდარა და წინა ორ გათამაშებაში ზედიზედ გაიმარჯვა. პორტუგალიელებიც ძლიერები არიან. გარდა ამისა, თამაში მასპინძლებთან მოგვიწევს, რაც ტურნირის სტარტზე ყოველთვის ძნელია, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე თამაში იოლი არასოდესაა.

- რა იცით ლიტვის ნაკრების შესახებ?

- ლიტველებს რამდენიმე წლის წინ ვეთამაშეთ. რთული მატჩი იყო და ვფიქრობ, იოლი არც მომავალი დაპირისპირება იქნება. მეტოქის კარგად შესწავლას შევეცდებით. ლიტველები პირველი მატჩისთვის კარგად მოემზადებიან და იბრძოლებენ. ასე რომ, ჩვენ სრული კონცენტრაცია გვმართებს.

- ჰოლანდიის 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე პირველად 2010 წელს მოხვდა, ხოლო ამჯერად წარმატება გაიმეორა. ე.ი. ამ ასაკში ჰოლანდიელი ჭაბუკები პროგრესირებენ?

- ჩვენ ყოველთვის ახლოს ვართ ფინალურ ეტაპზე მოხვედრასთან, მაგრამ ასეთ დონეზე დეტალები ბევრს წყვეტს, ხოლო ამ დროს ჰოლანდიელი ფეხბურთელები ხშირ შემთხვევაში არცთუ კარგად გამოიყურებიან. ისინი ფიქრობენ, რომ კიდევ ერთ შანსს ყოველთვის მიიღებენ, მაგრამ უკვე არა ამ ასაკობრივ ჯგუფში. ყოველთვის ბავშვურ შეცდომებს უშევებენ. მაგალითად, ელიტრაუნდში კვიპროსის ნაკრების წინააღმდეგ ვთამაშობდით. კვიპროსელებმა ერთხელ დაარტყეს და გოლი გაგვიტანეს. ჩვენ ბურთს ვფლობდით, უამრავი საგოლე მომენტი გვქონდა, მაგრამ ცხოვრება გავირთულეთ. ზოგჯერ საუცხოოდ ვთამაშობთ, თუმცა გადამწყვეტ მომენტებში ხელს რაღაც გვიშლის. მეტოქეს მომენტების შექმნის საშუალებას ვაძლევთ და საკუთარ შანსებს ვერ ვიყენებთ. ახალგაზრდა ჰოლანდიელი ფეხბურთელების პრობლემა ესაა.

- ლიტვის საგზური ძირითადი დროსთვის დამატებულ წუთებზე გატანილი გოლით მოიპოვეთ. ეს რაზე მეტყველებს?

- ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ ვფიქრობ, საქმე ოსტატობაშია. ჩვენს გუნდში ბევრი ფეხბურთელია, ვისაც 17-წლამდელთა ნაკრებში უთამაშია, რომელიც არასოდეს ნებდებოდა და ხშირად გოლები ბოლო წუთებზე გაჰქონდა. ელიტრაუნდში, ნორვეგიასთან და გერმანიასტან მატჩებში ბოლო წუთებზე გავიმარჯვეთ. ჩემი ბიჭები ყოველთვის ბოლომდე იბრძვიან და ამით არიან ძლიერნი.

- კიდევ რას იტყვით თქვენი გუნდის შესახებ?

- ჩვენ კარგი დაცვა და ნორმალური შუა ხაზი გვყავს. თუმცა, თავდასხმაში არცთუ ძლიერები ვართ, რადგან ჩვენი საუკეთესო ფორვარდები ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშობენ. კიდევ ერთი ფეხბურთელი ტრავმირებულია და ამრიგად, სამი ფორვარდი გვაკლია. ძნელი იქნება, მაგრამ ჩვენ ვიცით, გუნდურად როგორ უნდა ვითამაშოთ. ჩვენი ძლიერი მხარე ისაა, რომ ვმუშაობთ, რათა ასაკობრივი ნაკრებები რაც შეიძლება უფრო გაძლიერდნენ. 15-წლამდელთა ნაკრებიდან დაწყებული, თითოეულმა მოთამაშემ იცის, მოედანზე რა უნდა გააკეთოს. ჩვენთვის ცუდ დღეს შეიძლება კვიპროსთან წავაგოთ, ხოლო კარგ დღეს – ნებისმიერს მოვუგოთ.

- თქვენი გუნდის ბევრ ფეხბურთელს ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატზე უთამაშია. დაგეხმარებათ ეს გამოცდილება?

- დიახ. ეს ნორვეგიასთან და გერმანიასთან მატჩებშიც გამოჩნდა. მოთამაშეებს ესმით, რომ მატჩის ბედის გადაწყვეტა ბოლო წუთებზეც შეიძლება. მათ ამის გამოცდილება აქვთ. გერმანელებთან დაპირისპირების შემდეგ, ტომ ჰაიეი მიყვებოდა, რომ 88-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 0:0 იყო, გაიფიქრა: “ჩვენ შეგვიძლია გატანა. ეს წინა ჯერზეც გავაკეთეთ და იგივეს გამეორების ძალა შეგვწევს”. ეს ყოველივე გამოცდილებიდან გამომდინარეობს, რაც შეიძლება მეტოქეებთან ჩვენი დიდი უპირატესობა გახდეს.

- რას ელით ფინალური ტურნირისგან?

- პირველ ყოვლისა, ნახევარფინალში გასვლა გვინდა და დანარჩენი შემდეგ გამოჩნდება. რთულ ჯგუფში მოვხდით, მაგრამ არც მეორე ოთხეულია იოლი. ჯერჯერობით სასტარტო მატჩისთვის მოვემზადებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. თუ მოიგებ, ე.ი. ტურნირში კარგად ჩაერთე, წინააღმდეგ შემთხვევაში ფსიქოლოგიური წნეხი იზრდება. პირველ თამაშში გამარჯვებისთვის ვემზადებით და იმედი მაქვს, შემდეგ ყველაფერი კარგად იქნება. 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.064919