კალათბურთი

22:03 | 14.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვახტანგ ნაცვლიშვილი: “მომდევნო ეტაპზე გასასვლელად სულ ცოტა დაგვაკლდა”

 

3X3 კალათბურთში მსოფლიო ტურის ევროპული ზონის მეორე ეტაპზე, რომელსაც შვეიცარიის ქალაქი ლუგანო მასპინძლობდა, ტურნირის მონაწილე 16 გუნდს შორის “თბილისი ცელენგე 2014” –ის გამარჯვებული “ევროსტეპი” გამოდიოდა, რომელმაც ამ ტურნირზე თბილისის სახელით იასპარეზა. ქართულმა გუნდმა ჯგუფური ეტაპი კი დაძლია, მაგრამ მეოთხედფინალში იტალიის “მეცოსთან” დამარცხდა და მომდევნო ეტაპზე გამსვლელი საგზურის გარეშე დარჩა.

შეგახსენებთ, რომ ქართული გუნდი ძირითადად სუპერლიგის მონაწილე შსს-ს კალათბურთელებით იყო დაკომპლექტებული, ესენი არიან: მერაბ ბოქოლიშვილი, აკაკი ლომოური და ილია ლონდარიძე. გუნდის მეოთხე წევრი ზურაბ მაისურაძე იყო, რომელიც ამჟამად, “თბილისს” თუ არ ჩავთვლით, უგუნდოდაა დარჩენილი.

ლუგანოს ტურნირის შესახებ “მსოფლიო სპორტი” თბილისის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტ, ვეტერან კალათბურთელს, ვახტანგ ნაცვლიშვილს ესაუბრა, რომელიც გუნდს შვეიცარიაში თან ახლდა.

- “ევროსტეპს” სახელი რატომ შეუცვალეთ?

- ლუგანოში ყველა გუნდი იმ სახელით გამოდიოდა რომელ ქალაქსაც წარმოადგენდა, ამიტომ გადავარქვით “ევროსტეპს” სახელი და “თბილისი” დავარქვით.

- თუ შეიძლება მოკლედ გვიამბეთ ლუგანოს ტურნირის შესახებ.

- ტურნირის მონაწილე 16 გუნდი 4-4 გუნდიან ჯგუფში გადანაწილდა. ჩვენთან ერთად გერმანიისა და მასპინძელთა 2 გუნდი მოხვდა. მოვუგეთ გერმანელებსა და შვეიცარიელებს. კონკრეტულად კი “ციურიხს”, ხოლო როცა მომდევნო ეტაპის საგზური განაღდებული გვქონდა, “ლუგანოსთან” წავაგეთ. საბოლოოდ ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავეთ და “ციურიხთან” ერთად მეოთხედფინალში ასპარეზობის უფლება მოვიპოვეთ. მეოთხედფინალში იტალიის გუნდ “მეცოს” შევხვდით. წარმატების შემთხვევაში მომდევნო ეტაპის საგზურს ვინაღდებდით, სამწუხაროდ მომდევნო ეტაპის ერთ-ერთი საგზურის მოპოვებამდე სულ ცოტა დაგვაკლდა, 17:21 წავაგეთ და ასპარეზობას გამოვეთიშეთ.

- მეოთხედფნალში თუ წააგო “თბილისმა” მომდევნო ეტაპის საგზურამდე ცოტა როგორ დაგაკლდათ?

- სიტუაცია ცოტა ჩახლართული იყო, რომელშიც ახლავე გაგარკვევთ. ტურნირი კონკურსგარეშე მოასპარეზე ბელგრადის გუნდმა მოიგო, რომელსაც მომდევნო ეტაპის საგზური ტურნირის დაწყებამდე ჰქონდა მოპოვებული. ნახევარფინალში “ბელგრადმა” “მეცო” დაამარცხა. მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს სლოვენიის 2 გუნდი “ლუბლიანა” და “სლოვანი” დაუპირისპირდა. რადგან ჩვენ ბურთების ყველაზე კარგი შეფარდება გვქონდა მინიმუმ მესამე ადგილზე გავდიოდით, რომელიც მომდევნო ეტაპის საგზურს იძლეოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, “ბელგრადთან” ერთად მომდევნო ეტაპის საგზური მეორე-მესამე ადგილზე გასულმა “ლუბლიანამ” და “სლოვანმა” მოიპოვა. 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119405