“ეს ბიჭი ისეთი შემართული და მობილიზებულია, მგონი წინ მძიმეწონოსანი ტედი რინერიც ვერ დაუდგება. თქვენს წინაშე ტალანტია” – ასე შეაფასა ევროპის ჩემპიონატის პირდაპირი ტელერეპორტაჟის უცხოელმა კომენტატორმა 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე საქართველოს ნაკრების წევრის, ვარლამ ლიპარტელიანის ჭიდაობა გასულ კვირას, ვენაში ჩატარებულ გუნდურ ევროპირველობაზე. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა და ოქროს ქულა გუნდს სწორედ ლიპარტელიანმა მოუტანა, ფრანგი რომენ ბუფეს დაიპონებით. გუნდურ ჩემპიონატამდე ერთი დღით ადრე 21 წლის ქართველი ინდივიდუალური პირველობის კვარცხლბეკზეც ავიდა, ოღონდ მეორე საფეხურზე, ზედიზედ მეორედ.
ავსტრიიდან დაბრუნებული ვარლამ ლიპარტელიანი გუშინ “მსოფლიო სპორტის” რედაქციაში გვეწვია. გუნდური ოქროს მედლისთვის მილოცვა სიამოვნებით მიიღო, ინდივიდუალური ვერცხლი კი წარმატებად რომ არ მიაჩნია, თავიდანვე მიგვანიშნა.
ვარლამ ლიპარტელიანი: "გუნდურში გაჩემპიონებამ მართლა უსაზღვროდ გამახარა. ინდივიდუალურ პირველობაზე ნაჩვენებმა შედეგმა კი ნაკლებად. ოქროს მედლის გარდა არაფერზე ვფიქრობდი, მაგრამ ფინალში ზედიზედ მეორედ წავაგე".
- შარშანდელი ევროპირველობის ფინალის შედეგი მნიშვნელოვანწილად მსაჯის საეჭვო გადაწყვეტილების ბრალი იყო. წლევანდელი მარცხის მთავარ მიზეზად რას დაასახელებ?
- ამ ფინალმა გამოაჩინა, რომ ჯერ კიდევ ძალიან ბევრი სამუშაო მაქვს გასაწევი. უფრო კონკრეტულად, აუცილებლად უნდა მოვუმატო ფიზიკურად, დასახვეწია ეგრეთწოდებული ჩავლება, მაგრამ ყველაზე მთავარ მიზეზად მაინც ფსიქოლოგიურ მომენტს მივიჩნევ. გადამწყვეტ მომენტში რატომღაც სათანადოდ ვერ განვეწყვე.
- მოგვეჩვენა, რომ ფინალური ბრძოლის წინ ტატამზე ზედმეტად თავდაჯერებული გახვედი. იმიტომ ხომ არა, რომ მეტოქედ ბევრისთვის უცნობი შვედი ძიუდოისტი გყავდა და თან, სულ რაღაც 19 წლის?
- მარკუს ნიმანი ჩემთვის ნამდვილად არ იყო უცნობი მეტოქე. ჩვენ ფაქტობრივად ერთად მოვდივართ და წელს, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ნახევარფინალში დავამარცხე კიდეც. ნამდვილად არ გამოირჩევა მრავალფეროვანი ჭიდაობით. უბრალოდ, ფიზიკურად ძალიან ძლიერია და ერთი ილეთი აქვს. ეს კარგად ვიცოდი, მაგრამ მაინც იმ ილეთზე წამოვეგე. ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ბრალი იყო. ვიფიქრე, აუცილებლად დავაგდებ მეთქი. პირველ-მეორე მისვლაზე რომ არაფერი გამომივიდა, ცოტა ავნერვიულდი. მერე კი ემოციას ავყევი და...
- აშკარად გამოჩნდა, რომ ძირითადი დროის ბოლოს ძალიან დაიღალე...
- შებოჭვაზე მოვყევი. მართალია, თავი დავაღწიე, მაგრამ იმ მომენტს მთელი ენერგია შევალიე. ძალა რომ მთელ შეხვედრაზე თანაბრად ვერ გადავანაწილე, ესეც ჩემი ტაქტიკური შეცდომა იყო.
- დაღლილობა ნახევარფინალში, აზერბაიჯანელი ელხან მამადლისთან ჭიდაობისასაც დაგეტყო...
- ამაში ვერ დაგეთანხმებით. მამადლის ტაქტიკურად მოვუგე. 2 იუკოთი ვიყავი დაწინაურებული და შეგნებულად აღარ ვაქტიურობდი. მოწინააღმდეგეზე ნაკლებად ვიყავი დაღლილი.
- გულახდილად გვითხარი, შარშანდელ ევროპირველობაზე უკეთეს ფორმაში იყავი თუ ახლა?
- შედარება ძალიან ძნელია. ალბათ თითქმის თანაბრად ვიყავი მზად. უბრალოდ იყო მთელი რიგი მომენტები. თუნდაც ის, რომ მაშინ ქართულ ძიუდოში არსებული დაპირისპირებების გამო გუნდშიც დაძაბულობა იგრძნობოდა. ჩემპიონატის სიძლიერეს რაც შეეხება, ჩემს წონაში თბილისურ ევროპის ჩემპიონატზე გაცილებით ძლიერმა შემადგენლობამ მოიყარა თავი. თუნდაც მარტო ის რად ღირს, რომ საფინალო გზაზე რამდენიმე ტიტულოვანი მოწინააღმდეგე ჩამოვიცილე.
- ავსტრიულ ევროპირველობაზე წარმოდგენილ სახელიან ნაკრებთა უმრავლესობა შესუსტებული შემადგენლობით გავიდა ტატამზე...
- ალბათ იმიტომ, რომ 2012 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის მზადებას აქედანვე იწყებენ. ახალი სახეებიც მრავლად გამოჩნდნენ, მაგრამ დიდად ყურადღებამისაქცევი არავინ. ჩემს წონაში უმთავრეს ევროპელ კონკურენტებად ჯარჯი ზვიადაურს, ელხან მამადოვს, კირილ დენისოვს, ანდრეი კაზუსიონაკს და ვალენტინ გრეკოვს ვთვლი.
- ინდივიდუალური შედეგების დაჯამებით საქართველოს ნაკრები გუნდურ ჩათვლაში ათეულშიც ვერ შევიდა. გუნდური პირველობა კი სულაც, ოქროს მედლით დაასრულა. რითი ახსნი ამ აბსოლუტურად განსხვავებულ შედეგს?
- მართლაც ძნელი ასახსნელია. ინდივიდუალურ ჩემპიონატზე ყველა ქართველისგან უკეთეს შედეგს ველოდი. დავით ასუმბანი (60 კგ) და შალვა ქარდავა (66 კგ) დებიუტანტები იყვნენ და ალბათ ამანაც შეუშალათ ხელი. ზაზა კედელაშვილიც პირველად ჭიდაობდა ამ დონის შეჯიბრს ახალ წონაში. ყველაზე მოულოდნელი და გულდასაწყვეტი კი ჩემთვის ლევან წიკლაურის (81 კგ) უმედლოდ დარჩენა იყო. რეპეშაჟის ფინალში თავისზე გამოცდილ მეტოქეს, ჰოლანდიელ ელმონს უგებდა და მოულოდნელად უცნაურ გდებაზე მოჰყვა. მსაჯმა ჰოლანდიელის წმინდა გამარჯვება დააფიქსირა, არადა იპონი კი არა, ვაზარიც საეჭვო იყო. წიკლაურის სამეულის გარეთ დარჩენა უიღბლობაა და მეტი არაფერი. ეს გუნდურმა პირველობამაც დაამტკიცა, რომელზეც ლევანმა წაუგებლად იჭიდავა და რაც მთავარია, ფინალში იმ ფრანგს მოუგო იპონიოთ, ვისთანაც ინდივიდუალურში დამარცხდა.
- ევროპის ჩემპიონატამდე, “მსოფლიო სპორტთან” ინტერვიუში თქვი, რომ ბოლოდროინდელი შიდა დაპირისპირებების გამო საქართველოს ნაკრებს გუნდურ ჩემპიონატებში წარმატების მიღწევა ძალიან გაუჭირდებოდა...
- ძიუდოისტები ერთ მუშტად არ ვიყავით შეკრულები. ამის გარეშე კი გუნდური პირველობის მოგება წარმოუდგენელია. საბედნიეროდ, იმ ცუდმა პერიოდმა ჩაიარა. ბიჭები ისევ გავერთიანდით და რწმენაც მოგვემატა. იმედია, ევროპის ჩემპიონობა პრობლემას საბოლოოდ მოაგვარებს.
- ხომ არ თვლი, რომ გუნდურ ჩემპიონატზე უკეთესად იჭიდავე, ვიდრე ინდივიდუალურში?
- ალბათ მართლაც ასე გამოვიდა. გუნდურ პირველობაზე სულ სხვა მუხტი იგრძნობოდა. ამ სულისკვეთებით ჭიდაობა გაცილებით ადვილი იყო. ვგრძნობდი, რომ არაფრით არ შეიძლებოდა, გუნდი დამეღალატებინა. თან ისე გამოვიდა, რომ მოლდოვასთანაც, პოლონეთთანაც და საფრანგეთთანაც, ჩემს შეხვედრას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. აქვე ერთ საიდუმლოსაც გაგიმხელთ, გუნდური ჩემპიონატის კენჭისყრის ჩატარებამდე ვნატრობდი, შვედეთის ნაკრებს შევხვედროდით, ნიმანისთვის რევანში რომ ამეღო. თურმე შვედეთი გუნდურში საერთოდ არ აპირებდა გამოსვლას. ერთი სული მაქვს, კიდევ როდის მომეცემა მასთან ჭიდაობის შანსი.
- მას შემდეგ, რაც ფინალში ოქროს ქულა მოიპოვე, სიხარული ძალიან ემოციურად გამოხატე...
- უზომოდ გახარებული ვიყავი და სიმართლე გითხრათ, დეტალურად არც მახსოვდა, როგორ მოვიქეცი. ეს ვიდეოჩანაწერში ვნახე. ჩემამდე გამარჯვება ემოციურად წიკლაურმაც აღნიშნა და ევროპის ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტს ჩვენი ბანაკისთვის შემოუთვლია, ცოტა ზომიერად გაიხარეთ, თორემ მომავალში ასეთი საქციელისთვის მკაცრად დაისჯებითო.
- შენი და ფრანგი რომენ ბუფეს შეხვედრისას ერთ ეპიზოდში მეტოქეს ფეხში ჩაავლე და გდება ისე განახორციელე. იყო საშიშროება წაგებულად გამოეცხადებინეთ, მაგრამ მსაჯებმა იმსჯელეს და გაგამართლეს. რატომ გარისკე?
- ჩვეულებრივი საჭიდაო მომენტი იყო. ახალ წესებში არის დეტალი, რომლის მიხედვითაც ფეხში შესვლა ყოველთვის წესის დარღვევად არ ითვლება. მეც წესების სრული დაცვით გავაკეთე ილეთი და ეს ვიდეოჩანაწერზეც კარგად გამოჩნდა. რა თქმა უნდა, იყო საშიშროება, რომ მაინც ჩვენთვის არასასურველი გადაწყვეტილება მიეღოთ, მაგრამ საბედნიეროდ, სამართლიანობა არ დარღვეულა.
- ფინალს რუსეთის პრემიერ მინისტრი ვლადიმერ პუტინიც ესწრებოდა, ეს ქართველებისთვის დამატებითი სტიმული ხომ არ გახდა?
- შესაძლოა ასეც იყო, მაგრამ პირადად ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ამაზე ფიქრი პირიქით, ხელს შემიშლიდა. ინდივიდუალური პირველობის ფინალის წინ, ტატამზე გავდიოდი და იმ დროს შემოვიდა პუტინი დარბაზში. ყურადღება მივაქციე და გავიფიქრე, ცოტა ხანში ჰიმნს მოგასმენინებ მეთქი. არ გამოვრიცხავ, ამ გარეშე ფაქტორმაც შემიშალა ხელი. სპორტი სხვაა, პოლიტიკა სხვა და ეს ორი სფერო ერთმანეთში არასოდეს არ უნდა ავურიოთ.
- აშკარა იყო, რუსებმა აქცენტი გუნდური ჩემპიონატის მოგებაზე გააკეთეს. რა რეაქცია ჰქონდათ, მეოთხედფინალური იმედგაცრუების შემდეგ?
- მართლაც, ყველა პირობა შეიქმნეს, რომ წარმატებისთვის მიეღწიათ. რუსეთიდან გულშემატკივრების საკმაოდ დიდი ჯგუფიც კი ჩამოიყვანეს, მაგრამ მოულოდნელად, იტალიასთან წაიფორხილეს. თან გადამწყვეტ მომენტში ქულა საუკეთესო რუსმა ძიუდოისტმა, ნიფონტოვმა დაკარგა. ადვილი წარმოსადგენია, ამ ჩავარდნის გამო, რა წნეხში გაატარებენ რუსეთში თავიანთ ძიუდოს ფედერაციას. პირველი მინი-კრებები ვენაშივე ჩაატარეს. თუმცა დეტალებზე ვერაფერს გეტყვით. დიდად არც დავინტერესებულვართ.
- როგორ აღნიშნეთ ევროპის ჩემპიონობა?
- საკმაოდ მოკრძალებულად, თითო კათხა ლუდით.
- შემოდგომაზე ჩასატარებელი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადებას როდიდან შეუდგები?
- 22-23 მაისს, რიო დე ჟანეიროს დიდი სლემით. იქამდე კი გერმანიაში ვაპირებ გამგზავრებას, იქაური “ესლინგენის” სახელით ბუნდესლიგაში უნდა ვიჭიდავო. ამავე გუნდის წევრები არიან დავით ასუმბანი, შალვა ქარდავა, ლომერ ჟორჟოლიანი და ზვიად ხანჯალიაშვილი. ამჯერად მხოლოდ მე და ასუმბანი გამოგვიძახეს. შევხვდებით კლუბს, რომლის სახელითაც ლევან წიკლაური ჭიდაობს.
ოთარ მაღლაკელიძე







