ისეთი დიდი საფეხბურთო ტურნირების წინ, როგორიც მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებია, ბევრს საუბრობენ, რომ გუნდების წამყვანი ფეხბურთელები მას არცთუ სასურველ ფორმაში ხვდებიან. ფაქტია, რომ მოთამაშეებს გადამღლელი საკლუბო სეზონის შემდეგ, კონდიციები მართლაც არ ჰყოფნით, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ ხშირად, ესა თუ ის მოთამაშე, სანაკრებო შეხვედრებში სრულად იხსნება და საკუთარი გუნდის წარმატებაშიც ლომის წილი შეაქვს.
ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, 26 წლის თავდამსხმელი რობინ ვან პერსი, სამხრეთ აფრიკაში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატს მართლაც რომ საუცხოო ფორმაში ხვდება. ეს, მექსიკასთან ამასწინათ გამართულმა ამხანაგურმა მატჩმაც დაადასტურა, რომელიც "ნარინჯისფერებმა" სწორედ ვან პერსის დუბლის წყალობით 2:1 მოიგეს. შესაძლოა, ამის მიზეზი ის ტრავმა იყოს, რომელმაც ლონდონის "არსენალის" ფორვარდს სეზონის ნახევარი გამოატოვებინა და ახლა, ნაკრებში ჩაგდებული სეზონის კომპენსირებას ახდენს. თუმცა, რაღა ჩაგდებულს – ჰოლანდიელმა, პრემიერლიგის 16 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა, ახლა კი, ოპტიმალურ ფორმას იბრუნებს.
- როგორც წესი, ჰოლანდიის ნაკრები დიდ ტურნირებზე მუდამ მაღალი მიზნებისთვის იბრძვის, მაგრამ რაღაც ყოველთვის არ ჰყოფნის. ახლანდელი შემადგენლობა, შეძლებს სერიოზული მიზნებისთვის ბრძოლას?
- ყოველთვის უიღბლობა გვსდევს, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ წელს, უსიამოვნო ტრადიციის დარღვევა მოხერხდება. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი დიდი ოთხეულის - სნეიდერი, რობენი, ვან დერ ვაარტი, ვან პერსი - დახმარებით, შორს წასვლა ნამდვილად შეგვიძლია. შევეცდებით, რაიმე მნიშვნელოვანს მივაღწიოთ.
- ახლანდელი გუნდი, დიდად განსხვავდება იმ ნაკრებისგან ,რომელმაც გასულ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა?
- ძნელი სათქმელია, თუმცა, პირადად ჩემი აზრით, უფრო გამოცდილები გავხდით. გუნდს სისწრაფე არ დაუკარგავს და ძველებურად ნათელ, ჰოლანდიურ ფეხბურთს ვითამაშებთ. თუ ეს მთელი ტურნირის განმავლობაში შევინარჩუნეთ, მაშინ, უძლიერესთა შორის აუცილებლად მოვხვდებით.
- მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადებაში, მექსიკასთან ჩატარებული ამხანაგური შეხვედრა ძლიერ წაგადგებოდათ.
- ამ პერიოდში, მსგავსი ხასიათის შეხვედრები მნიშვნელოვანია. პირველი ნახევრის უმეტესი დრო ბრწყინვალედ ჩავატარეთ. ამით, ყველას დავანახეთ, თუ რა შეგვიძლია, როდესაც საუკეთესო კონდიციებში ვიმყოფებით.
- მაგრამ მეორე ნახევარზე იგივეს ვერ იტყვით. რა არის ამის მიზეზი?
- შესვენებამდე, რამდენიმე კარგი შეტევა განვახორციელეთ, მეორე ტაიმში კი ცოტათი დავმუხრუჭდით. სათამაშო ფორმის პიკამდე ჯერ კიდევ შორს ვართ და ტურნირამდეც ორი კვირაა დარჩენილი.
- ანუ, ამაში პრობლემას ვერ ხედავთ?
- რა თქმა უნდა. მართალია, მეორე ტაიმი დავთმეთ (პირველი ტაიმი 2:0 დასრულდა - რედ.), მაგრამ ბოლო პერიოდში ფიზიკურ მომზადებაზე ბევრი ვიმუშავეთ და ამან, მეორე ტაიმში საკუთარი ასახვა ჰპოვა.
- შედეგით თუ ხართ კმაყოფილი?
- ნებისმიერი გამარჯვება მნიშვნელოვანია. ის თავდაჯერებულობას გმატებს, ასე რომ, შედეგით კმაყოფილი ვარ.
- რაზე მეტყველებს ის, რომ დუბლი შეასრულეთ? საუკეთესო ფორმაში ხართ?
- ეს მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ჩემი პარტნიორები, ვან დერ ვაარტი და აფელაი საუცხოო, დიდებულ გადაცემებს მაძლევდნენ. მე მხოლოდ ისღა მრჩებოდა, რომ შესანიშნავი შეტევები გოლებით დამესრულებინა.
- მწვრთნელი, ალბათ ,კმაყოფილი დარჩა.
- ვფიქრობ, პერიოდულად, საინტერესო კომბინაციებს ვანხორციელებდით. ჩვენ მაღალი კლასის გუნდი ვართ და ამაში ეჭვის შეტანა შეუძლებელია.
მოამზადა ზურა ქსოვრელმა







