ნეაპოლის “სან პაოლოზე” ჩატარებულ იტალიური სერია A-ს ცენტრალურ მატჩში ადგილობრივმა “ნაპოლიმ”, დიდი უპირატესობის მიუხედავად, რომაული “ლაციოს” ძლევა ვერ მოხერხა. ამის მიუხედავად, სამხრეთელთა მთავარი მწვრთნელი ვალტერ მაცარი მაინც კმაყოფილი დარჩა, დანარჩენს კი მისი სახელდახელო ინტერვიუდან შეიტყობთ.
- მეტად პრინციპულ შეხვედრაში საკუთარ მინდორზე 2 ქულა დაკარგეთ. ამის გამო “ლაციოსთან” მატჩის დასრულების შემდეგ ბიჭებს საყვედური ხომ არ უთხარით?
- არა, პირიქით. ფეხბურთელებს გასახდელში მადლობა გადავუხადე. მთლიანობაში “ნაპოლიმ” მაღალ დონეზე იასპარეზა და სულაც არ გამიკვირდებოდა, საბოლოოდ 4:0 რომ მოგვეგო. დაკარგული ქულების მიუხედავად, კმაყოფილი დავრჩი. გუნდი პროგრესირებს, რაც ლამის ყოველ შეხვედრაში იგრძნობა. წლეულს პირველად ვმონაწილეობთ ჩემპიონთა ლიგაში. ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. ბიჭებმა ორივე ფრონტზე მთელი სერიოზულობითა და მონდომებით ასპარეზობენ და ორივე ასპარეზზე ურიგოთ არ გამოვდივართ. “ლაციოსთან” დაპირისპირებას რაც შეეხება, გოლის გატანას მატჩისთვის განკუთვნილი დროის განმავლობაში ვცდილობდით. ბურთს ჯიუტად არ სურდა მოწინააღმდეგის კარში გახვევა, რაც უიღბლობითაცაა განპირობებული. რომაელებთან ფრე პირადად ჩემთვის მოგების ტოლფასია. თუკი ამგვარი სტილით, მონდომებითა და ოსტატობით ვითამაშებთ, მიმდინარე სეზონში ბევრ გამარჯვებას მოვიპოვებთ.
- უფრო დეტალურად ხომ ვერ გვესაუბრებოდით ედოარდო რეიას გუნდთან დაპირისპირებაზე?
- განსაკუთრებით ძლიერად მეორე ტაიმი ჩავატარეთ. მთლიანობაში კი უამრავი საგოლე სიტუაცია შევქმენით და დასანანია, ვერცერთი მათგანი გოლად რომ ვერ გარდავსახეთ. “ლაციომ” ჩვენი კარის მიმართულებით ერთადერთი სახიფათო დარტყმა განახორციელა, ჩვენი ერთ-ერთი იერიშის შედეგად კი ბურთმა ხაზი გადაკვეთა, თუმცა, არბიტრმა გოლი არ ჩათვალა. ჩემი აზრით, ამ ეპიზოდში მსაჯებმა შეცდომა დაუშვეს, თამაშგარე მდგომარეობა არ იყო, მაგრამ არბიტრების გადაწყვეტილებების კომენტარი და ანალიზი მწვრთნელების საქმე არაა. რამდენიმე “მკვდარი ბურთი” აიღო რომაელთა მეკარემ ფედერიკო მარკეტიმ. ამასთან, მატჩი მთლიანობაში უნდა შევაფასოთ და არა მისი ცალკეული ეპიზოდები განვიხილოთ. “ნაპოლი” ყოველთვის წინ იყურება. სამშაბათს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტი მატჩის ჩატარება გველის “მანჩესტერ სიტისთან”. კარგად გვესმის, როგორი ურთულესი გამოცდის ჩაბარება მოუწევს “ნაპოლის”. ჩვენი მომდევნო მოწინააღმდეგე ინგლისურ პრემიერლიგაში ერთადერთი გუნდია, რომელსაც ჯერ მარცხი არ განუცდია და მხოლოდ ეს ერთი ფაქტიც კარგად მიუთითებს ჩვენი მომავალი მეტოქის ძლიერებაზე. ყოველმხრივ შევეცდებით, სამშაბათისთვის ფორმის პიკზე “გავიდეთ”, საკუთარი თამაში მოვახვიოთ თავს რობერტო მანჩინის გუნდს და სასურველ შედეგს მივაღწიოთ.
- რომაელებთან მატჩის მსვლელობისას თქვენ ფეხბურთელებს თავში “სიტისთან” სამომავლო დაპირისპირება ხომ არ უტრიალებდათ, რამაც გარკვეულწილად ქულების დაკარგვა გამოიწვია?
- არავითარ შემთხვევაში. ბიჭები მაქსიმალურად მოტივირებულები და კონცენტრირებულები იყვნენ. ხომ არ გავიწყდებათ, მიმდინარე სერია A-ში “ლაციომ” 4 საგარეო მატჩი რომ მოიგო. რეიას გუნდი გასვლაზე უკეთაც კი თამაშობს, ვიდრე საკუთარ “ოლიმპიკოზე”. ჯერ კიდევ სეზონის სტარტის წინ ვამბობდი, “ლაციო” ჩემპიონატის აღმოჩენა რომ გახდებოდა და როგორც ხედავთ, არც შევმცდარვარ.
- “ნაპოლის” სერია A-ში წლევანდელი გამოსვლით ბოლომდე კმაყოფილი ხართ?
- თუკი საკითხს იმ მხრიდან მივუდგებით, რომ წინა გათამაშება მესამე საფეხურზე დავასრულეთ, სადღეისოდ კი გათამაშების ცხრილში მეექვსე პოზიციაზე ვართ, გარკვეული უკმაყოფილების საბაბი ჩნდება. მაგრამ, ჯერჯერობით, მთლიანი სურათი ნათელი არაა და საბოლოო შეფასების გაკეთება მხოლოდ პირველობის დასრულების შემდეგაა უპრიანი. გადამწყვეტი ეტაპი გაზაფხულზე დადგება და სწორედ მაშინაა დაუშვებელი პრინციპულ მატჩებში ქულების დაკარგვა.
- სკუდეტოს მოგების შანსი ყველაზე მეტად რომელ გუნდებს აქვთ?
- წლეულს მეტად დაძაბული და დაბალანსებული პირველობის მომსწრენი ვართ. ჩემპიონობისთვის 6 გუნდი – “მილანი”, “იუვენტუსი”, “ინტერი”, “ლაციო”, “რომა” და “ნაპოლი” – იბრძოლებს. ჩემი აზრით, პირველი 3 კლუბი სხვებზე უფრო ძლიერია.
- “მანჩესტერ სიტისთან” შეხვედრის წინ რა გსურთ უთხრათ “ნაპოლის” გულშემატკივრებს?
- ქომაგების მხარდაჭერა ჩვენი გუნდისთვის დიდი ძალაა. ერთგული მომხრეები ენერგიასა და დადებით მუხტს გვმატებენ. გულშემატკივრებმა ჩვენი შესაძლებლობები ირწმუნეს და “სიტისთანაც” მათი აქტიური მხარდაჭერის იმედი გვექნება. ჩვენი მხრიდან კი, მათ მაქსიმალურად დახარჯვას ვპირდებით.
გოჩა კაჭარავა







