ინტერვიუები

12:15 | 8.02.2010 | ნანახია [] - ჯერ

უხერხული შეკითხვები "ფოლადის" ხელოვნურსაფარიანზე

ყველაფერი “საინტერესო” ქართველებს რომ უნდა დაგვემართოს, ადრეც ვიცოდით, მაგრამ 20-სანტიმეტრიანი თოვლი თუ უეფას სტანდარტებით დაგებულ საფარზე ჩემპიონატის მატჩის ჩატარებას სათუოს გახდიდა, ამას აღარ ველოდით. არადა, დიდსაც და პატარასაც როგორ უხაროდა - ზამთარ-ზაფხულ ვითამაშებთო. ისე, ვინ დაუშალა ფედერაციას და მის კონტრაქტორ პროფლიგას ზაფხულში დაენიშნათ ეროვნული ჩემპიონატის შეხვედრები, დღემდე არავინ იცის.
უეფას “ჰეთ-თრიქის პროგრამა”, საქართველოსნაირი საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მქონე ქვეყნებისთვის, ხელოვნურსაფარიანი მოედნის უმთავრესი ატრიბუტის (უმაღლესი ხარისხის საფარი) შესაძენი თანხის გამოყოფას ითვალისწინებს. შარშან გამოყოფილი, დაახლოებით, ნახევარი მილიონი ევრო სწორედ რომ ამ საქმეს უნდა მოხმარებოდა. თუმცა, ამ მხრივ, ყველაზე “ფხიანი” რუსთაველები აღმოჩნდნენ და მათი ხელმძღვანელობის დაჩქარებულ ტემპში ამუშავებამ, იქაურ “ოლიმპს” ორვარსკვლავიანი საფარი დაუგო. ანალოგიური სამუშაოები დაწყებულია და დასასრულსაა მიახლოებული მცხეთაში (სადაც საშინაო მატჩებს თბილისის “ვიტ ჯორჯია” მართავდა) და “ბასას” სპორტულ ცენტრში.
რუსთავში დაგებული ხელოვნური გაზონის პრეზენტაცია შარშან, 17 დეკემბერს, სუპერთასის მატჩისას შედგა. მას შემდეგ, ადგილობრივმა “ოლიმპმა” 10-მდე საკონტროლო შეხვედრა იქ გამართა. იქაურები “ფოლადზე” არც სხვა გუნდების მონაწილეობით იანვარში გამართულ სპარინგებზე ამბობდნენ უარს (ბუნებრივია, შესაბამისი ანაზღაურების საფასურად). მოკლედ, “ფოლადი” ისე გახურდა, მისგან, აშკარად, კარგი საფეხბურთო ნაკეთობა უნდა გამოჭედილიყო.
მაგრამ თბილისსა და მისგან 30-კილომეტრიან შემოგარენში, თე-ბერვლის დასაწყისში, “მოულოდნელად” მოთოვა. თებერვალში რომ ციდან ოცდაათ გრადუსამდე გამთბარი სხივები არ გადმოიფრქვეოდა, მგონი, ამის პროგნოზირება უნდა შეგვეძლოს. მოკლედ, თურმე, არ შეძლებიათ და პარასკევს განახლებული ეროვნული ჩემპიონატის XIX ტურის 5-დან 2 (ჯერჯერობით) მატჩი უკვე გადაიდო. მიზეზი - როცა რუსთავურ საფეხბურთო არენაზე თოვლის საფარის აღება დაუწყიათ, ნიჩაბს კაუჩუკიც აჰყოლია და გაწმენდითი სამუშაოები შეუჩერებიათ. უფრო იოლი, ექვს და შვიდ თებერვალს “ფოლადზე” გასამართი “ოლიმპი”-”ბაია”-სა და “ვიტ ჯორჯია”-”სამტრედია”-ს გადადება იყო, ვიდრე ასე ძვირადღირებული საფარის გაფუჭება.
“მსოფლიო სპორტი”, საკითხში გასარკვევად, საქართველოში საქვეყნოდ ცნობილი ფირმა “ტარკეტის” წარმომადგენელს, “ჯორჯიან სპორტსერვისის” ხელმძღვანელს, კობა ახალკაცს დაუკავშირდა. სწორედ “ტარკეტის” საფარი დაიგო რუსთავში.
- ბატონო კობა, როგორც ვიცოდით, “ტარკეტის” მიერ დამზადებულ ხელოვნურ საფარზე ფეხბურთის თამაში ზამთარ-ზაფხულ შეიძლება.         
- თოვლი უნდა გადაწმინდო, თორემ თამაში როგორ არ შეიძლება.
- როგორც გვითხრეს, როცა თოვლის აღება დაიწყეს, საფარი დაზიანდა და ამიტომ გაჩერდნენ.
- რა იცით? თოვლი უნდა გადნეს და ბურთი წესიერად გაგორდება. არის სპეციალური დანადგარი, რომლის მინდორზე გატარებისას, იგი თბილ ჰაერს უშვებს და თოვლს ადნობს. ნიჩბით რომ აიღებ თოვლს, რა თქმა უნდა, კაუჩუკიც აჰყვება. თუ კაუჩუკს გინდა მოერიდო, მაშინ იმ დონეზე უნდა აიღო, რომ კაუჩუკს არ შეეხო და თოვლის დნობა დაჩქარდება.
ისე, ჩვენთან ისეთი თოვლი მოდის, ორ დღეში დადნება ისევ. როცა თოვლის საფარი 20-30 სმ-ს სცილდება, ჩვენთან კი არა “აიაქსის” სტადიონზე არ ტარდება თამაში.
- მცხეთაში რის გამო გაჩერდა თქვენს მიერ ხელოვნური საფარის დაგების პროცესი?
- არ ვიცი, ფედერაციის კომპეტენციაში მე ვერ ჩავერევი. იქ რაღაც ნიუანსებია გასარკვევი და ალბათ, გაზაფხულიდან საქმე წინ წავა.
- როგორც ვიცით, საფარის დაგების თანხა, რომელიც ფედერაციისაგან თქვენ ფირმას უნდა მიეღო, უეფამ უკვე გადაიხადა. ფულმა თქვენამდე ვერ მოაღწია, თუ მოაღწია და თქვენმა ფირმამ ვერ უზრუნველყო სამუშაოების დროული შესრულება?
- ჩემთვის ეს ცოტა უხერხული შეკითხვაა. მე რომ თანხა მიმეღო და დამთავრება ვერ მომესწრო, აქამდე ხომ “ჩამომახრჩობდნენ”? თანხა საქართველოში ჩამოვიდა თუ არა, ეს ჩემი საქმე არ არის. ჩემი საქმეა სამუშაო დროულად და ხარისხიანად შევასრულო.
თავიდან თანხის მიღება ნორმალურად მიმდინარეობდა, მაგრამ ფედერაციაში რომ ცვლილებები მოხდა, რაღაცები დაიბლოკა, რაღაცები, მგონი, ვალებში ჩაითვალა. მოკლედ, სიმართლე გითხრათ, ზუსტად რა მოხდა, ვერ გეტყვით. ყოველ შემთხვევაში, როგორც კი ამინდები გამოვა, ჩვენ სამუშაოებს აუცილებლად გავაგრძელებთ. ძალიან ცოტა დარჩა – “ბასაში” ბოლო პირის დაგება, ფაქტობრივად, დამთავრებულია და მცხეთაში, ყველაზე ცოტა, ერთი კვირის სამუშაოა დარჩენილი, რათა გრუნტი ხელოვნური ბალახის დასაგებად გავამზადოთ.
- სამუშაოების დასამთავრებლად, კარგი ამინდი და თანხა ერთდროულად გჭირდებათ, თუ ანაზღაურების გარეშე შეასრულებთ დარჩენილ საქმეს?
- რა თქმა უნდა, ორივე საჭიროა.
- თქვენ სამუშაო უფრო მეტი გაქვთ შესრულებული, თუ თანხა მიღებული.
- სამუშაო გაცილებით მეტი შევასრულეთ, მაგრამ არ მინდა ამის აფიშირება. მე რომ დამეშავებინა რამე და დროზე არ დამემთავრებინა, მაპატიებდა ვინმე? ჩვენი ინტერესი, ვინმესთვის პრეტენზიების წაყენება კი არაა, კარგი საქმე ვაკეთოთ, ის გვინდა. მაგალითად, ეროვნული სტადიონის სარბენ ბილიკებს რომ ვაგებდით, ისეთი შემცირებული ვადა გვქონდა მოცემული, 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობდით და საფრანგეთთან, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების თამაშისთვის, მაინც მოვასწარით. ისეთი დონისაა,  ზედ ოლიმპიადის ჩატარება შეიძლება. აქ მარტო ჩვენს მუშაობაზეც არაა დამოკიდებული, ცოტა დახმარებაც გვჭირდება.
- ისევ დასაწყისს დავუბრუნდეთ. ის ტექნიკა, რომელიც თოვლს საფეხბურთო მოედნიდან “უმტკივნეულოდ” აიღებს, საქართველოში არსებობს?
- ეს ძალიან ძვირადღირებული ტექნიკაა და ჩვენი ქვეყნის კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, მისი საჭიროება არ არსებობს. ასეთი თოვლი, შეიძლება, წელიწადში 2-3-ჯერ მოვიდეს და ერთი თამაში რომ არ გადაიდოს, ამისათვის იმ ტექნიკის ყიდვა გაუმართლებელია. კი, ცუდი არ იქნება, თუ კლუბები ისე მოძლიერდებიან ფინანსურად, რომ შეიძინონ, მაგრამ ეს უკვე მათი პირადი საქმეა.

ფრიდონ კერვალიშვილი


 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089534