თავის ჯეელობაში, მარტინ პალერმოს ნათქვამი აქვს, რომ მისი საყვარელი გართობა ზღაპრების კითხვაა და თუკი, თავისუფალი დრო აქვს, უსაქმურად ყიალს, დივანზე წამოდრანგვა და ზღაპრების წიგნის ფურცვლა ურჩევნია. ეს სიტყვები პალერმომ მაშინ თქვა, როდესაც კოპა ამერიკის გათამაშებაში, კოლუმბიის ეროვნულ გუნდთან, არც მეტი, არც ნაკლები: 3 პენალტი არ ჰქონდა გაფუჭებული და ოპტიმისტი არგენტინელების თვალში, ჯერ კიდევ ამომავალ ვარსკვლავად ითვლებოდა. სამწუხაროდ, ვერ გეტყვით, როგორი ზღაპრები იზიდავდა პალერმოს. თანამედროვე, ლათინოამერიკული, ბალკანური, აზიური თუ სვანური, მაგრამ იმას კი აუცილებლად გეტყვით, რომ მას, საფეხბურთო კარიერის დასასრულს, დიეგო მარადონამ თითქმის ყველაზე დაუჯერებელი ზღაპარიც კი რეალურად დაუსახა და სამსოფლიოსჩემპიონატო განაცხადში დაასახელა.
მარადონას ეს გადაწყვეტილება, ბუნებრივია, მსწრაფლ გახდა ოპონენტების საქირქილო თემა და ამაში არაფერია გასაკვირი. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს არგენტინის ჩემპიონატში მოთამაშე პალერმო, მართლაც კარგად ათამაშდა, “ორი თავი უნდა გქონდეს”, რომ მუნდიალზე წაიყვანო ის კაცი, რომელსაც არგენტინის თითქმის ყველა ქომაგი, როგორც წესი, კოლუმბიასთან დანავსული მატჩით იხსენებს და ამ გახსენების დროს, მარტინისადმი კარგს რომ არაფერს ამბობენ, ადვილი მისახვედრია.
ანტიპალერმოისტებმა ამაზე ერთი ანეკდოტიც კი შეთხზეს: “მარადონას ბებერი ფეხბურთელები ისე უყვარს, არდილესსაც კი გაუგზავნა ნაკრებში მოწვევა, მაგრამ არდილესს შვილიშვილი ჰყავდა მიბარებული და მუნდიალისთვის დრო ვერ გამონახაო”. ეს საკმაოდ ცინიკური ანეკდოტიც ცხადყოფს, რომ არგენტინის ნაკრების განაცხადის გარშემო უამრავი კითხვაა დაგროვილი, თუმცა, ყველას ერთი რამის იმედი აქვს. არც ლუის მენოტის დაჰკლებია გინება და ქოქოლის მიყრა 1978 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე წაყვანილ-არწაყვანილი ფეხბურთელების გამო, მაგრამ ბოლოს, ყველა ნიჰილისტს ლუისისათვის ბოდიშის მოხდა მოუწია, რადგან სწორედ მისმა გუნდმა მოუტანა არგენტინას ისტორიაში მათთვის პირველი მსოფლიოს ჩემპიონატის ტიტული. მარადონა რამდენად ჰგავს მენოტის და პალერმო კი ბერტონის, ეს მკითხველმა განსაჯოს. მაგრამ ეს მსგავსებები ვინმემ რომც აღმოაჩინოს, ძნელად სავარაუდოა, ქომაგს მარტინ პალერმოსადმი გული მოუბრუნდეს და “უწმინდურმა მარტინმა”, (როგორც მას არგენტინელი ქომაგები ცინიკურად უწოდებენ), მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ჰეთ-თრიქიც რომ შეასრულოს, ბუნებრივია, ყველა გაიხარებს, მაგრამ მაინც არავის დაავიწყდება კოპა ამერიკაზე კოლუმბიის ნაკრებთან ჩატარებული ავადსახსენებელი მატჩი. მართლაც და, მოხერხება არ გინდა, რომ ერთ მატჩში 2 გაფუჭებული პენალტის შემდეგ, მესამედაც ჯიუტად მიხვიდე პენალტის ნიშნულთან, მესამეც ვერ გაიტანო და საფეხბურთო კარიერა ისე განაგრძო, თითქოს არც არაფერი მომხდარიყოს.
უნდა გითხრათ, რომ მქონდა “ბედნიერება”, საკუთარი თვალით მენახა 1999 წლის კოპა ამერიკაზე არგენტინა-კოლუმბიის მატჩი და პალერმოს თამაშითაც “დავმტკბარიყავი”. შეცდომა ყველას მოსვლია და ადამიანი გამომთვლელი მანქანა არ არის, რომ შეცდომა არ ეპატიებოდეს. თუმცა, როდესაც ამ თამაშს ვიხსენებ, თვალწინ მიდგას თეთრ ბუცებში გამოწყობილი მაშინ სრულიად ახალგაზრდა პალერმო, რომელსაც ზედიზედ მესამე პენალტი უკვე გაფუჭებული ჰქონდა და მართალია, სიმწრით, მაგრამ მაინც ისე საზიზღრად იცინოდა, იმდენი ყველაფერი კარგი და გახარება თქვენ, რამდენ არგენტინელსაც იმ წუთში მისთვის კინკრიხოში ლაწანის ადენა მოუნდა.
ის თამაში არგენტინამ კოლუმბიასთან 0:3 წააგო, მაგრამ წაგებისაგან გამოწვეული გაბრაზება მეათეხარისხოვანი იყო იმასთან შედარებით, რასაც ბევრი არგენტინელი პალერმოსადმი დღემდე განიცდის და თუ გსურთ ხალხის აზრის წინააღმდეგ წასვლის კლასიკური შემთხვევები განიხილოთ, მსჯელობა, უპირველესად, მარადონას გადაწყვეტილებებით უნდა დაიწყოთ.
ასეა თუ ისე, დიეგო ამჟამად “ვერცხილისქვეყნელთა” მთავარი მწვრთნელია და სრულებით მისი კომპეტენციაა, ვის წაიყვანს სამხრეთ აფრიკაში და ვის დატოვებს. გარდა ამისა, არც მარტინ პალერმო გახლავთ სერიოჟა ორჯონიკიძე, რომ საკუთარ სამშობლოს ყველგან და ყველაფერში უმუხთლოს. თუმცა, თუკი არგენტინამ ამ მსოფლიოს ჩემპიონტზეც ვერაფერს მიაღწია და ეს წარუმეტებლობა მარტინ პალერმოს “დამსახურება” აღმოჩნდა, მტერს არ ვუსურვებ იმ დროს მარადონას გვერდით ყოფნას. თუმცაღა, წინ მუნდიალია და ვინ იცის, ეგებ “უწმინდურმა მარტინმაც” გამოიღოს ხელი.
ლევან სეფისკვერაძე







