მაშინ, როცა ათასობით გულშემატკივარი გულისფანცქალით ადევნებდა თვალს ენდი მარეისა და მარკოს ბაღდატისის დაპირისპირებას უიმბლდონის მესამე წრეში, ჩოგბურთის ზოგი მოყვარული პარალელურად სვიტერის ქსოვასაც ახერხებდა.
უცნაური ჟღალთმიანი ქალბატონი ტელეობიექტივმა ცენტრალურ კორტზე დააფიქსირა, ხოლო გაოცებულმა კომენტატორმა შემდეგი განაცხადა: “ვფიქრობ, ძალიან დაძაბული მატჩია, ამ ქალბატონს კი, ეტყობა სცივა და ამგვარად გათბობას ცდილობს. ალბათ, უიმბლდონის ისტორიაში, ამგვარი ფაქტი ჯერ არ დაფიქსირებულა”.
ბევრმა გულშემატკივარმა საკუთარ თვალებს და ვიდეორგოლს არ დაუჯერა, რომელმაც ინტერნეტ სივრცე დაიპყრო. ერთ-ერთმა ფანმა Twitter-ზე დაწერა: “რატომ მოვიდა ეს ქალბატონი ცენტრალურ კორტზე? საქსოვად? უკეთესი იქნებოდა საკუთარი ბილეთი ჩემთვის მოეცა!”.
შეგახსენებთ, რომ ბაღდატისისა და მარეის შერკინება 4 სეტში, ბრიტანელის გამარჯვებით დასრულდა.







