მას შემდეგ, რაც უეინ რუნის, მის გარშემო მომხდარი სკანდალების შემდეგ ზედმეტი თავისუფალი დრო გამოუჩნდა, მანჩესტერელ ფორვარდს დრო არ დაუკარგავს და თავით გადაეშვა ინტერნეტის სოციალური ქსელების მორევში. უეინმა უპირატესობა “ტვიტერს“ მიანიჭა და ამ სოციალურ ქსელზე დარეგისტრირდა. ციფრულ სამყაროში ხმა გავარდა თუ არა, უეინ რუნი “გატვიტერასტდაო“, ათასობით ადამიანი მიაწყდა რუნის პირად გვერდს და ზოგმა მეგობრობა, ზოგმა ძმადნაფიცობა და ზოგმა კი „სხვა რამ“ შესთავაზა.
ამდენი ადამიანის შესევით ერთობ დაბნეულმა უეინ რუნიმ, ბრიტანელ ჟურნალისტებს უთხრა, რომ არანაირად არ მოელოდა ინტერნეტში მისი პერსონით ასეთ დაინტერესებას და თუ ასე გაგრძელდა, იძულებული გახდება, საკუთარი რეგისტრაცია გააუქმოს, რადგან ფიზიკურად ვერც ათასობით წერილის წაკითხვას ახერხებს და ვერც ტრფიალითა თუ უხამსობებით აღსავსე კომენტარებს ტოვებს მთლად უყურადღებოდ.
ერთი სიტყვით, უეინ რუნი არ გამოდგა “ინტერნეტის კაცი“ და წითურ ბრიტანელს ისევ ის ურჩევნია, ფეხბურთის თამაშზე გადაიტანოს მთელი ყურადღება. ოღონდ, ეს ყველაფერი ისე მოახერხოს, რომ ახალ შარებსა და სკანდალებში აღარ გაეხვეს.







