რაგბი

19:22 | 15.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

უდისციპლინობით მიღებული უარესი შედეგი

 

იმედი იმისა, რომ ქართველ მორაგბეთა ეს თაობა 20-წლამდელთა მსოფლიო თასზე გავიდოდა, იმედად დარჩა. უფრო მეტიც, ელიტური ექვსი ერის გუნდების წინააღმდეგ თამაშით მიღებული გამოცდილების მიუხედავად (სწორედ ეს იძლეოდა საუკეთესი 12 გუნდში აღზევების იმედს), “ალაფაზე” 20-წლამდელთა გუნდმა ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა, ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და ახლა ტრადიციული მესამე ადგილის ნაცვლად, მხოლოდ მეხუთე ადგილისთვის იბრძოლებს.

ჰონკონგში ნაჩვენები ცუდი შედეგის ერთ-ერთი მიზეზი უდისციპლინობა უნდა იყოს. განვლილ სამ მატჩში ქართველი მორაგბეები ყველაზე მეტჯერ - ექვსჯერ დაისაჯნენ ყვითელი ბარათით. მოედანი 10-10 წუთით ორჯერ დატოვეს გიორგი მარგველანმა და ჟორა მღებრიშვილმა, ხოლო თითო-თითოჯერ დავით გულიტაშვილმა და როლანდ კვაჭაძემ. საგულისხმოა, რომ ყვითლების მიღების ოდენობა მატჩიდან-მატჩამდე იზრდებოდა - ტონგასთან ერთი, აშშ-სთან ორი და ჰონკონგთან სამი.

არადა, აშშ-სთან განცდილი მარცხის მიუხედავად, “უმცროს ბორჯღალოსნებს” ფინალში გასვლის შანსი მაინც ჰქონდათ და როგორც შემდგომში აღმოჩნდა, საკუთარი ამოცანის შესრულების შემთხვევაში, ეს შანსი რეალობად იქცეოდა. დიახ, ქართველთაგან 34:10 ძლეულმა ტონგამ, დასკვნით ტურში თავად მოახერხა აშშ-ს დამარცხება (28:22) და საქართველოს ნაკრებს ჰონკონგთან მეტი ყურადღებით რომ ეთამაშა, მოედანზე 4 წუთით 13 კაცის ამარა და 26 წუთით კაცნაკლული არ დარჩენილიყო, მასპინძლებისთვის ოთხი ლელოს გატანა წარმოუდგენელი ამოცანა სულაც არ იქნებოდა.  

არადა, ყველაფერი კარგად დაიწყო და მე-6-ე წუთზე დავით გულიტაშვილმა ლელოთი ანგარიში გახსნა, ხოლო რეზი ჯინჭველაშვილმა, გარდასახვა ტრადიციულად ზუსტად შეასრულა. ზევით ყვითლების სტატისტიკა ვახსენეთ და ისიც ვთქვათ, რომ ჯინჭველაშვილი სამ თამაშში მოგროვილი 37 ქულით საუკეთეო ბომბარდირთა დავაში ამერიკელ ბენ სიმასთან ერთად ლიდერობს. ასეთი სტარტის შემდეგ, 21-ე საუკუნეში, ასეთი მნიშვნელოვანი ტურნირისას მხოლოდ ტექსტური ლაივის ამარა დარჩენილმა გულშემატკივრებმა დიდხანს ვერაფერი შეიტყვეს, 29-ე წუთზე კი, ლელოს ავტორი სინბინით დაისაჯა, ჰონკონგმა ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირა და ტაიმი 7:3 დასრულდა.

მეორე ტაიმი კიდევ უფრო უარესად დაიწყო და პრაქტიკულად მატჩის განახლებისთანავე რაქში დაჯარიმების შემდეგ ყვითელი ბარათი მეორეხაზელმა როლანდ კავაჭაძემ მიიღო. მასპინძლებს დარტყმა გაუფუჭდათ, მაგრამ 6 წუთში სინბინით უკვე ბურჯი გიორგი მარგველანი დაისაჯა და მოედანზე ცამეტნი ავღმოვჩნდით. მასპინძლებმა ამით მალევე ისარგებლეს და ლელოთი დაწინაურდნენ, მაგრამ გარდასახვა არაზუსტი იყო. ის, რომ მეტოქე გუნდი დიდი ვერაფერი ძალა იყო, მალევე გამოჩნდა, როდესაც 13-მა ქართველმა მეტოქეს ლელო დაუდო. თავი ვახტან ამირანაშვილმა გამოიჩინა და ჯინჭველაშვილმაც გარდასახვით ანგარიში 14:8 გახადა.

მალევე მოედანზე გასინბინებული მორაგბეები დაბრუნდნენ, თითქოს, დადგა პერიოდი, როდესაც მეტოქე უნდა გამტყდარიყო, მაგრამ დრო ილეოდა და მეოთხეს ვინ ჩივის, მესამე ლელოც არ ჩანდა. ბოლოსწინა წუთზე რეფერიმ უკვე ჰონკონგელი მორაგბე გაასინბინა და შეცვლაზე შესულმა ჟორა მღებრიშვილმა მესამე ლელო დადო, რასაც ჯინჭველაშვილის მორიგი ზუსტი დარტყმა მოყვა, თუმცა, 21:8 მოგება და მხოლოდ სამი ლელოს გატანა პრემიალური ქულის ასაღებად საკმარისი არ იყო.

დავით ვართანიანის შეგირდები ფინალში გასვლის მცირედ, თეორიულ შანსს მაინც ინარჩუნებდნენ, მაგრამ რაც არ გვერგებოდა, ვერც მივიღეთ! უფრო მეტიც, ტონგამ აშშ-ს 28:22 რომ მოუგო, თან 4 ლელოც გაიტანა და პრემიალური ქულაც მიითვალა, ხოლო აშშ-მ ჯარიმებით სხვაობა 7-ქულაზე ნაკლები დააფიქსირა და ერთი ქულა მასაც ერგო. ამრიგად, 10-10 ქულით ტონგამ და აშშ-მ პირველ-მეორე ადგილი გაინაწილეს, ხოლო საქართველოს ნაკრები მესამეზე დარჩა. არადა, “უმცროს ბორჯღალოსნებს” პრემიალური ქულა რომ აეღოთ და მერე ტონგა-აშშ კვლავ ასეთი შედეგით დასრულებულიყო, პირველი ადგილი საქართველოს ნაკრებს დარჩებოდა.

B ჯგუფის დასკვნით ტურში იაპონიამ კანადა 37:12 დაამარცხა და პირველ ტურში განცდილი მოულოდნელი მარცხის მიუხედავად, ჯგუფი პირველ ადგილზე დაასრულა, რითაც ფინალში მსოფლიო თასის საგზურისთვის ტონგასთან თამაშის უფლება მოიპოვა. შესაბამისად, ბოლოადგილოსანი კანადა ჰონკონგს ტურნირის ბოლოსწინა მე-7-ე საფეხურს შეეცილება.

ამავე ჯგუფში ურუგვაიმ ნამიბიას 16:13 მოუგო და ტურნირზე მესამე ადგილისთვის აშს-ს დაუპირისპირდება, ხოლო საქართველოს მე-5-ე ადგილისთვის ბრძოლა აფრიკის წარმომადგენელ ნამიბიასთან მოუწევს. აფრიკელებმაპირველ ტურში კანადა 37:25 დაამარცხეს, მეორე ტურში იაპონიასთან 28:34 დამარცხდნენ, ბოლოს კი, ურუგვაისთანაც მხოლოდ პრემიალურ ქულას დასჯერდნენ და ჯამში 7 ქულა მოაგროვეს. დასკვნითი მატჩები 19 აპრილს გაიმართება, საქართველოსა და ნამიბიის დაპირისპირება კი, თბილისის დროით 11:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

ირაკლი აბუსერიძე (რაგბის კავშირის სპორტული დირექტორი): “ჩვენი თამაში ვერ ვითამაშეთ და ბრძოლისუნარიანობაც გვაკლდა. ბოლო თამაშის წინ მხოლოდ თეორიული შანსი გვქონდა და მისი გამოყენება ვერ მოვახერხეთ. მთლიანობაში, საქმე უსე არ უნდა გაიხადო, რომ სხვაზე იყო დამოკიდებული”.

დავით ვართანიანი (20-წლამდელთა მთავარი მწვრთნელი): “რა თქმა უნდა, ჯგუფურ ეტაპზე ნაჩვენები შედეგით კმაყოფილი არ ვარ. ვფიქრობ, პრობლემა ჩვენში, მწვრთნელებშიცაა და ვერც გუნდმა მოახერხა ხასიათის გამოვლენა. სადაც საჭირო იყო, იქ სწორედ ეს ხასიათი დაგვაკლდა. მესამე პრობლემა სათამაშო დისციპლინის არქონაა და შედეგად, არაერთხელ დავისაჯეთ. ამ მიზეზების გამო, დაგეგმილის შესრულება ვერ შევძელით და ეს გამოცდა ვერ ჩავაბარეთ. ამ თამაშებით გამოჩნდა რა დონეზეც ვართ”.

გიორგი ნიჟარაძე (რაგბის კავშირის პრეზიდენტი): “ეს იყო სრული ჩავარდნა - ეს ნაკრები ჩავარდა! და ეს ჩემით დაწყებული და მოთამაშეებით დამთავრებული, ყველას ბრალია. ძალიან ბევრი უნდა ვიფიქროთ, რათა მივაგნოთ იმ მიზეზებს, რის გამოც ასეთი რამ დაგვემართა. რა კომენტარი უნდა გავაკეთო, როდესაც ტურნირის მოსაგებად ჩამოვედით, რეალურად კი, მეხუთე ადგილისათვის გვიწევს თამაში და იქაც რას ვიზამთ კაცმა არ იცის. თუ ასე გავაგრძელეთ, დარწმუნებული ვარ იქაც დავმარცხდებით.

ამ თამაშს რაც შეეხება, ეს შედეგი ორმა რამემ განაპირობა: პირველი - დუბაელი რეფერის მსაჯობა, რომელმაც თამაში თავშივე მოკლა, თუმცა, ჩვენ მოთამაშეებს ვაფრთხილებდით, რომ მსაჯობა ცუდი იქნებოდა. მეორე - იმ იშვიათ მომენტებში, როდესაც ჩვენ გვქონდა ბურთი და სალელოვე შეტევის განხორციელება შეგვეძლო, ხან ბურთი გვივარდებოდა, ხან ჯარიმას ვიკიდებდით და ხან აუტებს ვაგებდით.

ალბათ, ეს არის მენტალური პრობლემები - როგორც ჩანს, ახალგაზრდა თაობებში ფსიქოლოგიური პრობლემები გვაქვს და ამაზე ძალიან სერიოზულად უნდა ვიფიქროთ. უნდა დავსხდეთ და მოვძებნოთ მიზეზები, თუ რატომ მოხდა ასე და მათ გამოსწორებაზე ვიმუშაოთ. ამ ტურნირით ცხოვრება არ დასრულებულა. ჩვენ არ გვაქვს ემოციებზე აყოლის უფლება და უაღრესად თვითკრიტიკულები უნდა ვიყოთ. ამ ეტაპზე ზუსტად ვიცით, რომ ბევრი გვაქვს სამუშაო ფსიქოლოგიაზე და მოთამაშეთა პერსონალური პასუხისმგებლობის ამაღლებაზე, უნდა აღმოიფხვრას უპასუხისმგებლობა და დაბალი დისციპლინა.

ზუსტად ვიცით, რომ გამოსასწორებელია ტექნიკური მხარეც. უნდა გავარკვიოთ სად ვუშცებთ შეცდომებს და როგორ გამოვასწოროთ ისინი. ნამდვილად ვიცით, რომ ახლებურად ამუშავდება რაგბის ეროვნული აკადემია; დაგეგმილია ბევრი მატჩების გამართვა. 19-წლამდელები მაისში წავლენ ინგლისში და ორ შეხვედრას გამართავენ საგრაფოების 20-წლამდელთა ნაკრებთან. აგვისტოს ბოლოს საფრანგეთში, “კლერმონში” ჩატარდება ტურნირი, სადაც ჩვენი 19-წლამდელები შეხვდებიან “კლერმონის”, “მანსტერისა” და “ლენსტერის” 20-წლამდელების გუნდებს. ოქტომბერში 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი გაიმართება. ამრიგად, 19-წლამდელებთან სერიოზული მუშაობა მთელი ნახევარი წელიწადი გაგრძელდება. მოთამაშეთა შერჩევისას ყურადღება არა მხოლოდ საუკეთესო მოთამაშეებს, არამედ მყარი ფსიქიკის მქონე, მებრძოლ და მეომარ ბიჭებს უნდა მივაქციოთ, რომელთაც პირადი პასუხისმგებლობის გრძნობა გააჩნიათ.

და ბოლოს, მთელი ჩვენი გუნდის სახელით, ბოდიშს ვუხდი გულშემატკივრებს, რომელთაც იმედები ასე გავუწბილეთ”.

 

 

2014 წლის 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიო “ალაფა”

ჰონკონგი. 7-19 აპრილი

A ჯგუფი

15 აპრილი

საქართველო - ჰონკონგი 21:8 (7:3)

საქართველო: 15. დავით გულიტაშვილი, 14. მურაზ გიორგაძე, 13. გიორგი ფრუიძე, 12. რევაზ ბროძელი, 11. დევი დევსურაშვილი, 10. რევაზ ჯინჭველაშვილი, 9. თეიმურაზ თუთბერიძე; 1. ზაურ ხარებავა, 2. ბადრი ალხაზაშვილი, 3. გიორგი მარგველანი, 4. როლანდ კვაჭაძე, 5. ბესო ბარბაქაძე, 6. საბა შუბითიძე (კაპ.), 7. გიორგი სორდია 8. ვახტანგ ამირანაშვილი.

სათადარიგოები: 16. გიორგი თორაძე, 17. ბექა კაკაბაძე, 18. ფარნავაზ გასვიანი, 19. დავით პაპავაძე, 20. ჟორა მღებრიშვილი, 21. გიორგი ბაბუნაშვილი, 22. შალვა შაშიაშვილი.

3 ლელო: გულიტაშვილი, ამირანაშვილი, მღებრიშვილი

3 გარდასახვა: ჯინჭველაშვილი

3 სინბინი: გულიტაშვილი, კვაჭაძე, მარგველანი

 

აშშ - ტონგა 22:28

 

1              ტონგა                              3             2             0             1             77-72           10
2 აშშ 3 2 0 1 72-40 10
3 საქართველო 3 2 0 1 67-31 9
4 ჰონკონგი 3 0 0 3 24-97 0

 


B ჯგუფი

15 აპრილი

ურუგვაი - ნამიბია 16:13

კანადა - იაპონია 12:37

 

1               იაპონია                  3              2              0            1               99-73                12
2 ურუგვაი 3 2 1 0 67-59 10
3 ნამიბია 3 1 0 2 78-75 7
4 კანადა 3 0 1 2 55-92 2

 

19 აპრილი. პლეი ოფები

მე-7-ე ადგილისთვის

ჰონკონგი - კანადა

მე-5-ე ადგილისთვის

საქართველო - ნამიბია (11:00 საათი. თბ. დრ.)

მე-3-ე ადგილისთვის

აშშ - ურუგვაი

ფინალი

ტონგა - იაპონია

0.465996