ბლოგი

11:00 | 21.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

უცნაური კაცი და ძველი მაისურები

რა უნდა ქნა, როდესაც სახლში მიგეჩქარება, ქუჩაში ძველი ნაცნობი გხვდება და თავის საქმეზე გაყოლას გთხოვს? არჩევანი მხოლოდ ორია, ან დათანხმდები და დაქანცულობის მიუხედავად  გაყვები, ანდაც, მიზეზების კორიანტელს დაახვავებ და საბოლოო ჯამში, ეს ნაცნობი, რა თქმა უნდა, მაინც განაწყენებული დაგრჩება. თუკი, ცოტა ხათრიანი ვინმე ხარ, მაშინ გაყოლებ-გამოყოლება, შეიძლება, დიდ თავსატეხად გექცეს...

სწორედ ხათრიანობის ამბავი იყო ის, რომ ამასწინათ, ერთ შორეულ ნაცნობს, რომელსაც თავისი მეორადი ტანსაცმლის მაღაზია გაუხსნია, საქმეზე გავყევი, მერე კი, ამ მაღაზიის საწყობში დიდის ამბით შემიპატიჟა და ფუთებზე დახვავებულ ტანსაცმლის ზვინზე გაყოლილმა, თავმომწონედ მითხრა, რომ მთელს თბილისში ყველაზე მაგარი საფეხბურთო მაისურების კოლექცია, მას ჰქონდა.

ასეთი რამეები ჩემი სუსტი წერტილია და აბა, როგორ არ ვნახავდი მის ასეთ საამაყო კოლექციას. ამოალაგა და რა ამოალაგა... რომელი ქვეყნისა და დედამიწის რომელი კუთხის საფეხბურთო კლუბის თუ ნაკრების მაისური არ გინდოდა რომ ჰქონდა ჩილეს “კოლო-კოლოთი” დაწყებული და ჩინური “შანხაით” დამთავრებული. მხოლოდ იტალიის დაბალი ლიგების ისეთი კლუბების მაისურები მაჩვენა, რომელთა სახელების იქით, ბევრი არაფერი ვიცოდი. მერე ტანსაცმლის ზღვაში უტიფრად ჩაჯდა და მისტიკურ-მითოლოგიური ამბები მომიყვა.

მისი ღრმა რწმენით, “რეალ სოსიედადის” მაისურის ყოფილი მფლობელი, მკვლელი, ანდა, ყასაბი უნდა ყოფილიყო, რადგან მაისურიდან სისხლის ლაქები ვერა და ვერ ამოიყვანა. “იუვენტუსის” მაისურის მფლობელი კი, უეჭველად მძღოლი, ანდა, ავტომანქანის ხელოსანი იყო, რასაც მაისურზე მკვეთრად დამჩნეული ავტომობილის ზეთის ლაქები მოწმობდა. ერთი სიტყვით, გაუტია და გაუტია ამ კაცმა და ბოლოს ისიც კი მითხრა, ბრაზილიის “ბოტაფოგოს” მაისური, ადრე ლოთ ბრაზილელს ეცმეოდა, რადგან ვისკის სუნად ყარსო. Mივხვდი, რომ ჩემი წასვლის დრო დამდგარიყო, თორემ ეს უცნაური კაცი მთლად ექსტაზში გადაიჭრებოდა. მაგრამ...

წამოსვლა კი მინდოდა, მაგრამ ვინ გამომიშვა? ძველმანი ტანსაცმლის გროვიდან, შემთბარი ლუდის ბოთლები ამოაცოცა და ჩემი დიდი პროტესტის მიუხედავად, (ქართული წარმოების თბილი ლუდი, აბა, რა დასალევია?) ლუდის გახსნილი ბოთლი ხელში შემაჩეჩა და სიგიჟენარევ უცნაურობათა საშინელი კორიანტელი დააყენა.

”ძმაოჯან, რო იცოდე, ეს მაისურები ღამეც მესიზმრება ხოლმე. თითქოს ვხედავ, რომ ჩემთან ამ მაისურების ძველი მფლობელები მოდიან და მათი უკან დაბრუნება უნდათ, მაგრამ მე არ ვაძლევ, ანდა, ვემალები. ისინი სულ მეძებენ და მეძებენ. ”საუთჰემპტონის” მაისურის წასაღებად, ჩემს სიზმრებში, ყოველთვის მოხუცი თეთრთმიანი კაცი მოდის, რომელსაც თავის ბებრულ, გაძვალტყავებულ ხელში ბეისბოლის ჯოხი უჭირავს და ერთი სული აქვს, როდის გადამცხებს ბეჭებზე. ვძვრები ამოდენა ტანსაცმლის გროვებში და იქიდან ცალი თვალით ვიჭყიტები და მთელი ღამე ასეთ დღეში ვარ”, – მიყვება და თან მაკვირდება, რა რეაქცია მაქვს. აშკარაა, რომ ამ ამბებითა და ისტორიებით ჩემამდე არაერთი ვინმე ჰყავს დაზაფრული და ეფექტის შედეგები უკვე წინასწარ იცის. თავის შეკავებას ვცდილობ და ვეუბნები, რომ ეს ყველაფერი სისულელეა და საფეხბურთო მაისურები, მხოლოდ მაისურებია და სხვა არაფერი. მაგრამ ისე მაკვირდება, ვგრძნობ, რომ ხვდება სულ სხვა რამეს რომ ვფიქრობ.

მერე ავდექი, დაულეველი ლუდის ბოთლი სასწრაფოდ დავდგი ძირს და ტანსაცმლის ფუთებზე გადალაჯებით, ძლივს გამოვაღწიე მეორადი ტანსაცმლის მაღაზიის საწყობიდან. მოვდიოდი და უკან მესმოდა იმ უცნაური კაცის ხმა, რომელიც თითქოს დამცინოდა ჩემი რეაქციების გამო. ეგ კი არადა, თითქოს ის ძველი, სხვათა ნახმარი მაისურებიც კი დამცინოდნენ. მაღაზიის კუთხეში კი მოხუცი, თეთრთმიანი კაცი იდგა და მიწაზე ბეისბოლის ჯოხს აკაკუნებდა...

0.116414