სტატიები

13:03 | 12.06.2012 | ნანახია [] - ჯერ

უბრალოდ, “შევა”

დამოუკიდებელი უკრაინის არსებობის ისტორიაში ამ ქვეყნის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ მატჩს ატარებდა და ბუნებრივია, ხელიდან არ გავუშვი შესაძლებლობა, რომ მისთვის თვალყური უკრაინელ ფანებთან ერთად მედევნებინა. მით უმეტეს, ფან-ზონაში ჟურნალისტებისთვის ცალკე ლოჟაა გამოყოფილი და უზარმაზარ ეკრანზე თამაშის ყურება კომფორტულად შეიძლება. აქვე ვიტვყვი, რომ თამაშის მსვლელობისას ადგილობრივმა, ხარკოვულმა “მეშვიდე არხმა” ლოჟაში მსხდომი ჟურნალისტებიდან სწორედ მე ამომარჩია ინტერვიუსთვის. თავიდან ინგლისურად მომმართეს, მაგრამ როცა გაიგეს, რომ რუსულად ვსაუბრობდი და თბილისიდან ვიყავი, ძალიან გაუხარდათ. მათ აინტერესებდათ ჩემი აზრი ქალაქზე, ზოგადად ქვეყანაზე, სამუშაო პირობებზე და ა.შ. მეც გავუზიარე საკუთარი შთაბეჭდილებები, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ დადებითია და “მსოფლიო სპორტი” ხარკოველებსაც გავაცანი.

მატჩის დაწყებამდე ერთი საათით ადრე, სცენიდან ადგილობრივმა დიჯეიმ კარგი მოთელვა ჩაუტარა გულშემატკივრებს, რომლებიც, თავის მხრივ, ლუდით “ითელებოდნენ”. ცოტა ხანში მოედანი გადაიჭედა და საკუთარი თვალით დავრწმუნდი, რა გულმხურვალედ შეუძლიათ უკრაინელებს ეროვნული გუნდის მხარდაჭერა.

ოლეგ ბლოხინის შეგირდები ევროპირველობაზე სასტარტო შეხვედრას ატარებდნენ და ცხადია, უკრაინაში გამარჯვების გარდა, სხვა შედეგზე არ ფიქრობდნენ. ისტორიული სამი ქულა კი, მასპინძლებს ანდრეი შევჩენკომ მოუტანა. თამაშს ლეიტმოტივად გასდევდა თანამედროვეობის ორი ძალიან მაღალი კლასის ბომბარდირის - შევჩენკოსა და შვედი ზლატან იბრაჰიმოვიჩის დაპირისპირება, რომელიც საბოლოოდ უკრაინელის გამარჯვებით დასრულდა.

მართალია, შევჩენკოს საუკეთესო წლებმა უკვე ჩაიარა, რაზეც იბრაჰიმოვიჩზე ნამდვილად ვერ იტყვი, მაგრამ 35 წლის “შევამ” დაამტკიცა, რომ კლასი არასოდეს იკარგება და ორი საუცხოო თავურით, კრიტიკოსები, თუ ბოლო პერიოდში მისი თამაშით უკმაყოფილო ხალხი, დაადუმა. ახლა უკვე რაც უნდა მოხდეს, შევჩენკო სამუდამოდ დარჩება უკრაინული ფეხბურთის ისტორიაში, როგორც მოთამაშე, რომელმაც ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე პირველად მოაგებინა და როგორც ხსენებულ ტურნირზე პირველი დუბლის შემსრულებელი უკრაინელი.

შევჩენკო უკრაინაში ძალიან რომ უყვართ, ამის შესახებ ბევრი მსმენია, მაგრამ ორშაბათს ყოველივეში თავადაც დავრწმუნდი. ჯერ იყო და, ორივე გოლის დროს ხარკოვის თავისუფლების მოედანი კინაღამ დაინგრა, ხოლო როდესაც ფორვარდი შეცვალეს, ათიათასობით ფანი სკანდირებდა: “შევა”, “შევა”. სხვათა შორის, ჩემს გვერდით რუსული “რია-ნოვოსტის” ჟურნალისტი იჯდა, რომელმაც ფან-ზონაში არსებულ სიტუაციაზე მითხრა: “რუსეთში მსგავსი გულშემატკივრობა არასოდეს იქნებაო”. თან დაამატა: “ხარკოვის “მეტალისტის” დონის სტადიონი რუსეთში არ არისო”.

შევჩენკოს დავუბრუნდეთ, რომელიც შვედებთან მატჩის უპირობო გმირი იყო. მას დიდი ხანია, წელის ტრავმა აწუხებს და ამიტომ, კიევის “დინამოშიც” ყველა თამაშს არ ატარებდა, რადგან თავს ევროპის ჩემპიონატისთვის ინახავდა. უკრაინა-პოლონეთში მიმდინარე ტურნირი ხომ მის კარიერაში პირველი და ალბათ, უკანასკნელიცაა. ასაკიდან და იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ “შევა” ადრინდელივით სწრაფი აღარაა, “დინამოში” ის უფრო უკანდახეულ ფორვარდად თამაშობდა. თუმცა, ტურნირამდე ბლოხინმა განაცხადა, რომ შევჩენკოს ადგილს სწორედ ცენტრფორვარდად ხედავდა. მწვრთნელის ჩანაფიქრმა გაამართლა და “შევამ” მეორე გოლი მას მერე გაიტანა, რაც უშუალოდ იბრაჰიმოვიჩს მოუგო პირადი დუელი. როგორც ერთ-ერთმა უკრაინელმა საფეხბურთო ექსპერტმა თქვა: “მეორე გოლის დროს შევჩენკომ იბრაჰიმოვიჩს ისე შემოურბინა, როგორც ბავშვმა საახალწლო ნაძვისხესო”. გასაკვირი არაა, ტურნირის ოფიციალურმა სპონსორმა ლუდსახარშმა “კარსლბერგმა” მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად შევჩენკო დაასახელა და პრიზი უკრაინელს ხორვატების ლეგენდარულმა ბომბარდირმა დავორ შუკერმა გადასცა. თავად ფეხბურთელმა მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ 10 წლით გაახალგაზრდავდა - ნახევარი წლის წინ ვერც კი წარმოვიდგენდი, ევროპის ჩემპიონატზე თუ ვითამაშებდიო.

თამაში დასრულდა და ფან-ზონაც “აფეთქდა”. უკრაინის ნაკრების ათიათასობით ფანი ბოლო ხმაზე გაჰყვიროდა: “უკრაინა! უკრაინა!” აქვე უნდა ვთქვა, რომ ამა თუ იმ მატჩში გოლის გასვლისას, ფან-ზონის სცენაზე დადგმული სპეციალური აგრეგატი ავტომატურად პეტარდებს ისვრის. როდესაც იბრაჰიმოვიჩმა ანგარიში გახსნა, ცხადია, ფან-ზონაში პეტარდებისთვის ყურადღება არავის მიუქცევია. თუმცა, უკრაინელების გოლების დროს ფოიერვერკს გაცილებით მეტი დატვირთვა ჰქონდა. მატჩის შემდეგ, თავისუფლების მოედანზე გრანდიოზული ფოიერვერკი მოაწყვეს, ხოლო ავტომანქანების სახურავებზე ამხედრებული უკრაინელები შვედების დამარცხებას სიგნალებითა და დროშების ფრიალით აღნიშნავდნენ.

ყოველივეს საინტერესო ფინალი ჰქონდა, რომელსაც გვერდს ვერ ავუვლი. შინისკენ მიმავალმა, მეტროს ვაგონში შესულმა, უკრაინის ნაკრების ფორმაში გამოწყობილი ახალგაზრდა შევნიშნე. ეტყობოდა, რომ ლუდი ბევრი ესვა და უკრაინის გამარჯვებით გამოწვეულმა ემოციამაც თავისი დაღი დაატყო. ისე იყურებოდა, რომ იტყვიან, შარს ეძებსო. იქვე წყვილი იჯდა და გოგონამ ხსნებულ ფანს ჰკითხა: “ვინ მოიგოო?” პასუხი ხმამაღალი და მართლაც “კარგი” აღმოჩნდა: “და კაკაია ვამ რაზნიცა?” ცხადია, ამის შემდეგ, მისთვის რაიმეს კითხვის სურვილი აღარ გასჩენიათ...
 

 

ლაშა თაბაგარი, worldsport.ge-ს სპეციალური კორესპონდენტი ხარკოვიდან

ავტორის ფოტოები

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.105836