ფეხბურთი

1:18 | 24.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

თვალსასეირო მატჩი

სერია ა-ს მეოთხე ტური ემპოლიში დაიწყო. “კარლო კასტელინზე” კარგი თამაში გამოვიდა. სწრაფ ტემპში თამაშის პარალელურად მოთამაშეები ტექნიკურ თვისებებსაც ავლენდნენ. ამის თქმა ორივე გუნდზე შეიძლება. ამიტომაც იყო საყურებლად კარგი შეხვედრა.

ინძაგის სახით თანამედროვე ფეხბურთი შემტევი სტილის მიმდევარი მწვრთნელით გამდიდრდა. როცა მწვრთნელთა უმეტესობა დაცვაზეა ორიენტირებული მნიშვნელობა არ აქვს ინძაგი მაღალი დონის მწვრთნელი გახდება თუ არა. მთავარი ამ შემთხვევაში დასაწყისია, პიპოს სურს შეუტიოს და შემდეგ მოიგოს.

მაურიციო სარის გუნდმა ტურიდან ტურამდე მოუმატა, გაუმჯობესებული ხარისხი ტაბლოზე აისახა, თუმცა საწყის წუთებში გატანილი გოლები მშობლიური სტადიონის ფაქტორმაც განაპირობა.

ტონელისა და პუკარელის გოლს ფერნანდო ტორესის ულამაზესი თავური მოჰყვა. საგოლე პასი იგნასიო აბატემ შეასრულა.

რამდენიმე წუთში არბიტრი შეცდა. მილანელთა საჯარიმოში ბონერას ხელზე მოხვდა, თუმცა თამაში გაგრძელდა. ცდებიან ხოლმე მსაჯები, მაგრამ როცა შედეგზე გავლენას ახდენენ, მატჩის სურათზე ზემოქმედებენ ფეხბურთი კნინდება, გულშემატკივარი რეალობის განცდას კარგავს.

აზიელები მაღალ დონეზე თამაშობენ ფეხბურთს. განსაკუთრებით კორე-იაპონიის წარმომადგენლები გამოირჩევიან, რომელთა ცხოვრებაზე გარკვეული გავლენა 2002 წლის მუნდიალმაც მოახდინა. იმ დროს ჰონდა 15-16 წლის იყო და ფეხბურთს უკვე თამაშობდა უცნობ იაპონურ საფეხბურთო სკოლაში.

ჰონდამ ძალიან კარგად ითამაშა,  მოედანზე იყო ერთ-ერთი საუკეთესო. რაც ადრე ევროპელებს სამხრეთ ამერიკელებში ხიბლავდათ შეუძლიათ აზიელების შესრულებით ნახონ. ბურთთან რბილი შეხება, ბურთის ადვილად დამორჩილება და მოძრაობები მხოლოდ გონების კარნახით, ფეხბურთში ესაა მთავარი - აზროვნება.

“მილანმა” ქერა იაპონელის გოლით გაათანაბრა, საგოლე პასი კვლავ აბატემ შეასრულა, თუმცა ვალდიფიორის გაძევების შემდეგ მოგებაც შეეძლო. წაგებას კი “ემპოლი” არ იმსახურებდა.

მეორე ტაიმში მოედანზე მასიმო მაკარონე გამოჩნდა. ცნობილ ვეტერან ფეხბურთელს ერთხელ თბილისშიც უთამაშია. იტალიის ახალგაზრდული ნაკრების მაისურით გაგვიტანა, თამაში მეორე არხზე იყო და მეორე დღეს ეროვნული ნაკრებების მატჩის კვალად, ძმის გატაცების გამო თვალცრემლიან კახა კალაძეს პაოლო მალდინი ამშვიდებდა, თუმცა ეს ახლა რა შუაში იყო. უბრალოდ 21 წლის მაკარონე გამახსენდა, რომელსაც ალბათ უფრო დიდი ფეხბურთი უნდა ეთამაშა და უბრალო გუნდებში გაატარა საუკეთესო წლები.

“ემპოლი” – “მილანი” 2:2  (2:1)

ემპოლი, “კარლო კასტელანი.”

ემპოლი: სეპე, ლორინი (ჰისაი 69, პუკარელი (ზელინსკი 76), რუგანი, რუი, ტავანო (მაკარონე 64), ტონელი, ვალდიფიორი, ვეცინო, ვერდი

მთავარი მწვრთნელი: მაურიციო სარი

მილანი: აბიატი, აბატე, ბონერა, ზაპატა, დე იონგი, დე შილიო, ჰონდა, მენეზი, მუნტარი (პოლი 46), ტორესი (პაცინი 81), ვან გინკელი (ბონავენტურა 31)

მთავარი მწვრთნელი: ფილიპო ინძაგი                         

გოლი: 1:0 ტონელი (13), 2:0 პუკარელი (21), 2:1 ტორესი (43), 2:2 ჰონდა (57)

მთავარი მსაჯი: ჯამპაოლო კალვარესე

გაფრთხილება: ზაპატა (20), მუნტარი (36), ვეცინო (42), დე შილიო (50), ვალდიფიორი (85), ვალდიფიორი (86)

გაძევება: ვალდიფიორი (86)

დიმა შარიქაძე

0.117734