ფეხბურთი

18:56 | 2.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ტორპედოს" ზედიზედ მესამე გამარჯვება და იღბლიანი “პირველი ტაიმის შეცვლა”

ქუთაისის “ტორპედომ” ზედიზედ მესამე თამაში მოიგო და სამივე შემთხვევაში, რევაზ ძოძუაშვილმა თავისი ყოფილი შეგირდების მიერ გაწვრთნილი გუნდები დაამარცხა. პირველი ტაიმის შემდეგ, ძნელად სავარაუდო იყო, რომ მასპინძლები საბოლოო ჯამში გაიმარჯვებდნენ. საქმე ისაა, რომ “ზუგდიდმა” გოლის გატანის გარდა, შესვენებამდე რეალური საგოლე მომენტები შექმნა, ხოლო ქუთაისელებს მოწინააღმდეგის კარის მიმართულებით ბურთი არ დაურტყამთ.

ანგარიში მე-7 წუთზე გაიხსნა, როდესაც დავით კირკიტაძემ “ტორპედოს” საჯარიმოს ფარგლებს გარედან “ცაციათი” ზუსტად დაარტყა. ტაიმის შუაწელში, სტუმართა კონტრშეტევის დროს, ოთარ ჯავაშვილის პასის შემდეგ, ლაშა ქებაძე ქუთაისელთა საჯარიმოში ძალიან ხელსაყრელ პოზიციაში აღმოჩნდა, მაგრამ “ჭვინტით” ბურთი მეტოქის კარისკენ სუსტად გაგზავნა და როინ კვასხვაძეს პრობლემა არ შექმნია.

30-ე წუთზე, კირკიტაძემ მარჯვენა ფრთიდან მოწინააღმდეგის საჯარიმოში შეიწია და მარცხენა ფეხით შორეულ კუთხეში ძალიან სახიფათოდ დაარტყა – “ტორპედო” გოლის გაშვებისგან ნახტომში კვასხვაძემ იხსნა. 35-ე წუთზე, ძოძუაშვილმა ტრადიციულად “პირველი ტაიმის შეცვლა” განახორციელა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მატჩის გმირი სწორედ ბექა ტუღუში აღმოჩნდა.

33-ე წუთზე, “ზუგდიდის “ მორიგი კონტრშეტევისას, გურამ სამუშიამ ბურთი ქუთაისელთა საჯარიმოში “გახსნილ” კლიმენტი წიტაიშვილს “შეაყოლა”, რომელმაც “ცაციათი” უხეიროდ დაარტყა. მალევე, წიტაიშვილმა შემოტრიალებით საჯარიმოს ფარგლებს გარედან დაარტყა და კვასხვაძე ბურთს დაეუფლა.

მეორე ტაიმი 12 წუთის დაწყებული იყო. რომ ჯავაშვილმა “ტორპედოს” საჯარიმოს მისადგომებიდან “გაისროლა” და კვასხვაძემ ბურთი მუშტებით მოიგერია. 59-ე წუთზე, მარცხნიდან თენგიზ ჩიკვილაძემ კუთხური ჩამოაწოდა და სტუმართა საჯარიმოში მყოფმა დავით ხურციძემ შეუჩერებლად დაარტყა – ბურთი გიორგი ქვარცხავას მოხვდა და კარში აღმოჩნდა.  

68-ე წუთზე, მარჯვენა ფრთიდან “ტორპედოს” საჯარიმოში ბურთი ჯავაშვილმა ჩააწოდა და ქვარცხავამ თავით ახლო მანძილიდან მიზანს ააცილა. საპასუხო შეტევაში ირაკლი ლექვთაძემ სტუმართა მეკარეს ტუღუში შეატოვა, რომელმაც ვიდრე ბურთი კარში დაარტყა, რომეო კანკიამ აართვა. ერთ წუთში, მარჯვნიდან ზვიად სიხარულიას პასის მერე, ნიკა აფაქიძემ ნახტომში თავით კარგი პოზიციიდან ვერ გაიტანა.

71-ე წუთზე, ტუღუშმა ბურთი ერთი შეხებით გაისწორა და საჯარიმოს გარედან ქვილითაიას აუღებლად დაურტყა – 2:1. მალევე, ტუღუში ზუგდიდელთა საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრა და მახვილი კუთხიდან დაარტყა – ბურთი ძელს მოხვდა. 87-ე წუთზე, თემურ მარკოზაშვილი სტუმართა საჯარიმოში მარჯვნიდან შევიდა და პასი ლექვთაძეს მისცა, რომლის დარტყმული ბურთი ქვილითაიამ მოიგერია. ცოტა ხანში, ლექვთაძე მოწინააღმდეგის საჯარიმოში ორ ფეხბურთელს გასცდა და დაარტყა, თუმცა კვლავ ქვილითაიამ იმარჯვა.

ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე, “ტორპედოს” კონტრშეტევისას, ტუღუშმა ბურთი მეტოქის ნახევარზე მიიღო და მას მერე, რაც გიორგი დემეტრაძემ დაუძახა: “კარები, კარებიო”, სტუმართა ფორვარდმა დაახლოები 45 მეტრიდან ულამაზესი გოლი გაიტანა. ამ ეპიზოდში ქვილითაია კარიდან წინ იყო გამოსული.

ტორპედო (ქუთაისი) – ზუგდიდი 3:1 (0:1)

2 მაისი. თბილისი. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანი.

ტორპედო: როინ კვასხვაძე, ოლეგ მამასახლისი (ტუღუში, 35), თოდუა, ადამაძე, ჩადუნელი, ჩიკვილაძე, სავჩენკოვსი, ელიავა (ლექვთაძე, 46), მარკოზაშვილი, დავით ხურციძე, კვერნაძე (გელაშვილი, 63).

მთავარი მწვრთნელი: რევაზ ძოძუაშვილი.

ზუგდიდი: მაქსიმე ქვილითაია, ქვარცხავა, წიტაიშვილი (ცოტნე სამუშია, 51), აფაქიძე, შალიკაშვილი, კირკიტაძე, ქებაძე (სიხარულია, 64), ჯავაშვილი, კანკია (ქათამაძე, 83), მირცხულავა, გურამ სამუშია.

მთავარი მწვრთნელი: გიორგი დარასელია.

გოლები: 0:1 კირკიტაძე (7), 1:1 ხურციძე (59), 2:1 ტუღუში (71), 3:1 ტუღუში (90+3).

გაფრთხილება: მირცხულავა (53), ტუღუში (89).

მთავარი მსაჯი: თორნიკე გვანცელაძე.

 

1.         ვიტ ჯორჯია                              29             12               6                11               38:38             42     
2. ტორპედო  29 12 6 11 33:40 42
3. დილა   29 10 8 11 40:33 38
4. სპარტაკი  28 9 4 15 28:36 31
5. ზუგდიდი 29 7 6 16 21:42 27
6. მერანი 28 6 4 18 21:52 22

 

მეგოლეები:

15 - ჩისკო მუნიოსი (“დინამო”)

14 - დიმიტრი ტატანაშვილი (“ზესტაფონი”)

10 - ვილი ისიანი (“გურია”)

9 - დორინ გოგა, ირაკლი მოდებაძე (2, “დინამო”)

8 - ნიკა საბანაძე (“ზესტაფონი”), გიორგი კორიფაძე (“ვიტ ჯორჯია”)

7 - გიორგი მერებაშვილი (“დინამო”), თორნიკე კაპანაძე (“ზესტაფონი”), ელგუჯა ლობჯანიძე (ვიტ ჯორჯია”)

6 – გიორგი გაბედავა (“ვიტ ჯორჯია”), ჯაბა ჯიღაური (“ჩიხურა”)

 

შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;         

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.145097