ფეხბურთი

20:00 | 20.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ტორპედო”: ვითომ “გადაიწვნენ” ბიჭები?

“არ ვიცი, რა დაემართა გუნდს. ადრე უფრო კარგად ესმოდათ ფეხბურთელებს ჩემი ნათქვამი. ძალიან გვჭირდებოდა ეს შესვენება, რომელიც დღეიდან დაიწყება ჩემპიონატში. იმედია, მენტალურად, ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად, ფეხბურთელებს ძალიან წაადგებათ ეს შესვენება და თებერვალში სხვანაირები დაბრუნდებიან”, – თქვა “ვიტ ჯორჯიასთან”  0:5 წაგების შემდეგ “ტორპედოს” მწვრთნელმა ჟერარდ სარაგოსამ. ეს, ქუთაისელთა მერვე წაგება იყო ბოლო 9 შეხვედრაში. ცოტა ხნის წინათ ლიდერთა შორის მყოფი და ჩემპიონობის ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი, დღეს ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, 22 ქულით მე-9 ადგილამდე დაქვეითდა და ზედა ექვსეულში მოხვედრა დიდ პრობლემად ექცა. კლუბის ხელმძღვანელობამ წლეულს ერთგვარ ექსპერიმენტს მიმართა, გუნდი გადაახალისა და ახალგაზრდა ფეხბურთელებს უმაღლეს ლიგაში თამაშის საშუალება მისცა. თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ ოქტომბრის შუიდან კრიზისი დაიწყო. დაიწყო და ნელ-ნელა გაღრმავდა. ვითომ, “გადაიწვნენ”?

“ვიტ ჯორჯიამ” კი, წინა ტურში “დინამოსთან” სენსაციურ გამარჯვებას, “ტორპედოს” რბევა მოაყოლა და მე-6 ადგილზე მყოფ “მეტალურგს” მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება.

მალხაზ ჟვანიამ თავის ყოფილ გუნდს,,“მერანს” მოუგო და მერე არაორაზროვნად დასძინა: “მერანთან” თამაში ყოველთვის ძნელიაო. სხვათა შორის, ჟვანია “მერანიდან” ოქტომბრის დასაწყისში წავიდა, მას შემდეგ 10 ტური მიილია და ჭყონდიდელებმა მხოლოდ ერთხელ ითამაშეს ფრედ, დანარჩენი 9 კი წააგეს და ბოლო ადგილზე დგანან.

გორის მოყინულ მინდორზე, “ჩიხურა” – “სიონის” მატჩი ფრედ (1:1) და სკანდალით დამთავრდა. 87-ე წუთზე მსაჯმა საჩხერელი გიორგი რეხვიაშვილი გააძევა მინდვრიდან. ამან მასპინძელი ქომაგებისა და კლუბის მესვეურთა აღშფოთება გამოიწვია. მათ, თამაშის დასრულების შემდეგ, მსაჯები გვარიანად გამოლანძღეს და საბოლოოდ, ვითარება სტადიონის დაცვამ განმუხტა.

მე-18 ტურით ეროვნული ჩემპიონატის საშემოდგომო ეტაპი დასრულდა. ახალ წლამდე ორი მატჩი დარჩა ჩასატარებელი: “ზესტაფონი” – “სპარტაკის” შეხვედრა, წესით, უახლოეს დღეებში უნდა გაიმართოს. 22 დეკემბერს კი, “დინამო” და “ჩიხურა” მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს სუპერთასს გაითამაშებენ.

 

19 დეკემბერი

ჩიხურა (საჩხერე) – სიონი (ბოლნისი) 1:1 (0:0)

გოლები: 1:0 გიორგი რეხვიაშვილი (47), 1:1 გიორგი განუგრავა (80)

გაძევება: გიორგი რეხვიაშვილი (87) 

 

მერანი (მარტვილი) – დინამო (თბილისი) 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 გიორგი მერებაშვილი (24), 0:2 დარკო გლიშიჩი (72) 

 

ვიტ ჯორჯია (თბილისი) – ტორპედო (ქუთაისი) 5:0 (2:0)

გოლები: 1:0 ლევან კუხალეიშვილი (6), 2:0 გიორგი ჯანელიძე (41), 3:0 ელგუჯა ლობჯანიძე (72), 4:0 ნოდარ იაშვილი (79), 5:0 ნიკა საიჭინავა (83) 

 

სპარტაკი (ცხინვალი) – დილა (გორი) 0:0

 

18 დეკემბერი

 

ზუგდიდი – მეტალურგი (რუსთავი) 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 შოთა ლომია (78) 

 

გურია (ლანჩხუთი) – ზესტაფონი 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 გიორგი ადამია (პენ, 29)

 

 

1           დინამო                       18              13             3            2               42:13                42
2 ჩიხურა 18 10 5 3 35:22 35
3 დილა 18 7 7 4 23:15 28
4 გურია 18 9 0 9 20:25 27
5 სიონი 18 7 6 5 22:19 27
6 მეტალურგი 18 7 5 6 23:23 26
7 ზესტაფონი 17 7 4 6 19:15 25
8 ვიტ ჯორჯია 18 7 4 7 25:23 25
9 ტორპედო 18 6 4 8 19:24 22
10 სპარტაკი 17 4 2 11 13:24 14
11 ზუგდიდი 18 3 5 10 8:24 14
12 მერანი 18 4 1 13 14:36 13

 

                          

მეგოლეები:

12 – დიმიტრი ტატანაშვილი (“ჩიხურა”)

9 – დორინ გოგა (“დინამო”), ირაკლი მოდებაძე (“დილა”)

8 – ჩისკო მუნიოსი (“დინამო”)

6 – ვილი ისიანი (“გურია”), თორნიკე კაპანაძე (“ტორპედო”)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108779