რაგბი

17:21 | 22.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

Top 14-ში მოწინავე ექვსეული ქართველებისაა

საფრანგეთის პირველ ელიტარულ დივიზიონ Top 14-ს ექვსი ტურის შემდეგ ქართველი ლეგიონერების ექვსი გუნდი ლიდერობს. მათგან ერთს ხუთი მოგება და და მხოლოდ ერთი მარცხი აქვს, ხოლო მომდევნო ხუთმა 4-4 თამაში მოიგო და ორ-ორჯერ დამარცხდა.

სატურნირო ცხრილს 23 ქულით დავით ზირაქაშვილისა და ვიტო კოლელიშვილის “კლერმონი” ლიდერობს, რომელმაც “ლიონს” უმასპინძლა და პრემიალური ქულით დაამარცხა - 43:12. მასპინძელთა განაცხადში არ იყო ზირაქაშვილი, კოლელიშვილი სასტარტო შემადგენლობაში მეორედ მოხვდა და შესვენებისას შეცვალეს. საწყისი ნახევარი საათი თანაბარი იყო და გუნდებმა სამ-სამი ზუსტი დარტყმა გაცვალეს, აქედან ერთი არეკნი იყო (“ბრივი” 28-ე წუთზე). შესვენებამდე დარჩენილ 10 წუთში “კლერმონმა” ლელო გაიტანა, გარდასახვა გამოიყენა, მონაგარს ერთი ჯარიმაც შემატა და 19:9 დაწინაურდა, თუმცა, შესვენების წინ ერთი ჯარიმა თავად გაუშვა. მეორე ტაიმი სრულად “ვულკანების” იყო, ქულები მხოლოდ მათ აგროვეს, კიდევ სამი ლელო გაიტანეს და დაგეგმილი 5 ქულა ჩაიწერეს.

მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავასა და კოტე მიქაუტაძის “ტულონმა” კარლენ ასიეშვილისა და გოდერძი შველიძის “ბრივი” სტუმრად პრემიალური ქულით 53:13 დაამარცხა. გორგოძე და ასიეშვილი განაცხადში არ იყვნენ, დანარჩენი სამი ქართველი ლეგიონერი კი, სასტარტო შემადგენლობაში იყო. სამწუხაროდ, შველიძე 21-ე წუთზე დაშავდა და შესაცვლელი შეიქმნა, შესვენებისას შეცვალეს ჩილაჩავა, ხოლო მიქაუტაძემ 65 წუთი ითამაშა. მატჩის ბედი დიდწილად 25-ე წუთზე მომხდარმა ფაქტმა გადაწყვიტა, როდესაც ვიდეორეფერიმ აჩვენა, რომ სტუმრებმა ლელო გაიტანეს, მანამდე კი, პეტ მარაისმა მეტოქეს განზრახ ჩაარტყა ხელი და წითელი ბარათით დაისაჯა. “ბრივმა” შესვენებამდე სამი ლელო გაუშვა, მაგრამ ერთი თავადაც გაიტანა შესვენებაზე 9-ქულიანი დეფიცითIთ გავიდა (13:22), მაგრამ მეორე ტაიმში კიდევ 5 ლელო მიიღო. “ტულონი” 19 ქულით მეორეა, ხოლო “ბრივი” 9 ქულით ბოლო ადგილზეა.

მიხეილ ნარიაშვილის “მონპელიემ” დავით ქუბრიაშვილისა და ზურაბ ჟვანიას “სტად ფრანსე” 23:3 დაამარცხა. ნარიაშვილმა პირველიდან 73-ე წუთამდე ითამაშა, სასტარტო შემადგენლობაში იყო და მის პირისპირ 64 წუთი იდგა ქუბრიაშვილი. ჟვანია, რომელსაც ბოლო დროს ბურჯის ნაცვლად ჰუკერის პოზიციაზე ათამაშებენ, შეცვლაზე 70-ე წუთზე შევიდა, 78-ეზე სინბინით დაისაჯა და მალევე მისი გუნდი საჯარიმო ლელოთი დაისაჯა. “მონპელიემ” ტაიმი 16:0 მოიგო, მატჩის განახლებისას ჯარიმა გაუშვა, რის შემდეგაც 37-მა წუთმა უქულოდ გაიარა და საბოლოო შედეგი საჯარიმო ლელოთი და გარდასახვით დაფიქსირდა. “მონპელიე” 18 ქულით მესამე ადგილამდე დაწინაურდა, ხოლო “სტად ფრანსეს” 1 ქულით ნაკლები აქვს და მე-6 ადგილზეა.

17-17 ქულა აქვთ დავით ხინჩაგიშვილის “რასინგ მეტროს” და ზაზა ნავროზაშვილის “ბორდოს” და ისინი მეოთხე-მეხუთე ადგილებს იყოფენ. “რასინგ მეტრომ” ვასილ კაკოვინის “ტულუზა” 27:16 დაამარცხა. სამწუხაროდ, ამ გუნდების ორივე ქართველი ლეგიონერი ტრავმირებულია. “ბორდომ” დასკვნით 10 წუთში 13 ქულა გააკეთა ლექსო ყაულაშვილის “ლა როშელთან” და 29:26 იმარჯვა. ქართველ ლეგიონერებს მონაწილეობა არც ამ თამაშში მიუღიათ. “ტულუზას” და “ლა როშელს” 10-10 ქულა აქვთ და მე-9-მე-11 ადგილებს იყოფენ.

10 ქულა აქვს გიორგი ჟღენტის “ბაიონსაც”, რომელიც სტუმრად “გრენობლთან” 15:24 დამარცხდა. ქართველი პირველხაზელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 64-ე წუთზე შეცვალეს. Top 14-ის მომდევნო ტური 26-27 სექტემბერს გაიმართება.

თეგებიTop 14
0.117211