ინტერვიუები

10:33 | 15.07.2010 | ნანახია [] - ჯერ

ტომას მიულერი: "გერმანია ესპანეთმა დაამარცხა და არა მსაჯმა"

სამხრეთ აფრიკის მუნდიალზე ერთბაშად ოთხმა ფეხბურთელმა ტომას მიულერმა, დავიდ ვილიამ, ვესლი სნეიდერმა და დიეგო ფორლანმა მოახერხა 5 გოლის გატანა, დამატებითი მაჩვენებლით – შესრულებული უფრო მეტი საგოლე გადაცემის რაოდენობით – ბომბარდირისთვის განკუთვნილი “ოქროს ბუცი” კი 20 წლის გერმანელს გადაეცა. მუნდიალის უმთავრესი სნაიპერი მინდორზე გატარებული დროის მიხედვითაც რომ დაესახელებინათ, მიულერი მაინც პირველი იქნებოდა, მან ხომ კონკურენტებთან შედარებით ერთით ნაკლები, 6 შეხვედრა ჩაატარა სამხრეთ აფრიკის სტადიონებზე. ტომასმა დისკვალიფიკაციის გამო ესპანეთთან სანახევარფინალო ბატალია გამოტოვა და დღეს ლამის მთელი საფეხბურთო სამყარო ამტკიცებს, მიულერის არყოფნამ გერმანელთა შეტევის მარჯვენა ფლანგი “დააობლა” და ტომასს რომ ეთამაშა, სხვა თამაში წავიდოდაო. ასეა თუ ისე, ბუნდესნაკრებისთვის გასული მუნდიალი წარმატებულად ჩაითვალა, ტომას მიულერი კი პლანეტის ყველაზე პოპულარულ მოთამაშეთა სიაში სავსებით დამსახურებულად მოხვდა.  
- სამხრეთ აფრიკის მუნდიალის დაწყებამდე საფეხბურთო საზოგადოება მოკრძალებულ, გულჩათხრობილ და ჟურნალისტების შეკითხვებზე ბანალური პასუხის გამცემ ადამიანად გიცნობდათ, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატის მსვლელობისას ეს სტერეოტიპი დაარღვიეთ – მაგალითად, როდესაც ინგლისთან ფანტასტიკურად ჩატარებული მატჩის შემდეგ რეპორტიორებმა ყველაზე დიდი სურვილის თაობაზე გკითხეს, მათ უპასუხეთ, რომ ყველაზე მეტად ბებია და ბაბუა მოგენატრათ და მასმედიელთა საშუალებით მათ მოკითხვა გადაეცით. რამდენად დაგეხმარათ იუმორი მუნდიალის მაღალ დონეზე ჩატარებაში?
- ნუ მიწყენთ, მაგრამ იუმორი ხშირად თქვენი კოლეგების უადგილო და ნაკლებადპროფესიულ კითხვებზე შესაფერისი პასუხის გაცემაში მეხმარება. ინგლისთან შეხვედრის შემდეგ დასმული კითხვა-პასუხი ახსენეთ. მშვენივრად ვითამაშეთ, მეოთხედფინალში გავედით და ძნელი მისახვედრი იყო, რომ ჩემი ოცნება მუნდიალის წარმატებით ჩამთავრებას რომ უკავშირდებოდა? იმავე დღეს მკითხეს, მთელი სეზონი ტრავმის გარეშე ჩაატარეთ და როგორ ახერხებთ სხვადასხვა სახის დაზიანების თავიდან აცილებასო. მეტი რა გზა მქონდა, ამაზეც იუმორი უნდა მომეშველიებინა. პასუხი დაახლოებით ამგვარი გახლდათ – კუნთები საერთოდ არ მაქვს, რადგანაც ფეხების ნაცვლად ძაფები მაქვს, ამიტომაც მოწინააღმდეგეები ჩემს ქვედა კიდურებს ვერ ხედავენ და ტრავმის მოყენებასაც ვერ ახერხებენ.  
- მოდით სერიოზულად გავაგრძელოთ საუბარი. ნახევარფინალში ესპანეთთან მარცხის შემდეგ ხუმრობის ხასიათზე ნამდვილად ვერ იქნებოდით...
-  ძალიან ძნელია, როცა ტრიბუნაზე ზიხარ და თანაგუნდელებს ვერაფრით ეხმარები. ამ დროს უსასოობა და საკუთარი დანაშაულის შეგრძნება გეუფლება. ბუნდესნაკრები დავაღალატე, თუმცა, არც მწვრთნელებს და არც ფეხბურთელებს ჩემთვის მცირედი საყვედურიც არ უთქვამთ. ესპანეთთან მატჩის დასრულების შემდეგ მინდორზე შესვლა და ბიჭების დამშვიდება მსურდა, მაგრამ თანანაკრებელებთან პოლიციამ არ შემიშვა.
- ბევრს საუბრობენ მუნდიალის მსვლელობისას მსაჯების მიერ დაშვებულ შეცდომებზე. მწვრთნელთა და ფეხბურთელთა დიდი ნაწილი წარუმატებლობას სწორედ მათ შეცდომებს უკავშირებს. ესპანელებთან მა¬რცხს არბიტრებს ხომ არ აბრალებთ?
- არავითარ შემთხვევაში. ჩვენ ესპანეთის ნაკრებმა დაგვამარცხა და არა მსაჯმა.
- ბუნდესნაკრების წარმატების მთავარ შემოქმედად იოაჰიმ ლიოვს ასახელებენ. სპეციალისტტა დიდი ნაწილის აზრით, მან თქვენ თამაშსაც სასიკეთო ხელი დაატყო...
- ლიოვის მაღალ სამწვრთნელო კვალიფიკაციაზე არავინ დავობს, მაგრამ მუნდიალზე ჩემი წარმატებული გამოსვლა უპირველესად საკლუბო დამრიგებლის, ლუის ვან გაალის დამსახურებაა.
- “ბაიერნის” ჭაბუკთა გუნდში წლინახევრის განმავლობაში თქვენი მწვრთნელი გერდ მიულერი იყო. ჯერ კიდევ 2009 წლის დასაწყისში მან საჯაროდ განაცხადა, რომ მოგვარე ტომასის სახით, გერმანულ ფეხბურთს ვარსკვლავი ეზრდებოდა...
- ჰერ გერდის ამ სიტყვებმა ძალიან გამახარა. მისგან ბევრი რამ ვისწავლე – ორივე ფიხით რომ ვუტევ მეტოქის კარს და გადამწყვეტ მომენტებში ნაკლებად ვიბნევი, დიდწილად გერდ მიულერის დამსახურებაა.  
- რა რეაქცია გქონდათ, როდესაც შეიტყვეთ,  მუნდიალის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად რომ დაგასახელეს?
- თავის დროზე ეს ტიტული პელეს, ბეკენბაუერს, პოდოლსკის, ოუენს აქვთ მოპოვებული. ჩემთვის დიდი პატივია, ამ სახელოვან ფეხბურთელთა კომპანიაში რომ მოვხვდი. ამასთან, პირადი ჯილდოს მიღება ფრიად სასიამოვნოა, მაგრამ გუნდურ წარმატებას მაინც არაფერი შეედრება. თითოეული ჩვენთაგანი არაფერს დაიშურებს, 4 წლის შემდეგ გერმანია კიდევ უფრო უკეთ რომ წარსდგეს მსოფლიო ფეხბურთის უპირველეს ფორუმზე.

გოჩა კაჭარავა

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090152