საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ირლანდიაში გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე პრესკონფერენცია გამართა. ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" მან ვრცლად ისაუბრა და პრობლემატურ საკითხებს კიდევ ერთხელ შეეხო.
- კიდევ კარგი, თავიდან 28 კაცი გამოვიძახე. საბოლოდ, მიზეზების გამო, 23 ფეხბურთელზე ჩამოვედით და აქედან, 22 ხვალ დუბლინში წამოვა. ერთი, დავით დევდარიანი კი პირდაპირ დუბლინში შემოგვიერთდება. ჩამოუსვლელობა? არის გსამართლებელი საბუთები და არის ისეთებიც, რასაც ახსნას ვერ ვუძებნი. სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ მიწევს ლაპარაკი იმაზე, რომ საქართველოში ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც სხვა ქვეყნებში. ტრაგედიაა ის, რომ ნაკრებში თამაში ფეხბურთელისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არაა. ზოგჯერ ვფიქრობ, ღირს კი საერთოდ ამხანაგური მატჩის დანიშვნა, თუ ასეთ პრობლემებს წავაწყდებით? თუმცა არაუშავს, გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც მათი ჩანაცვლება შეუძლიათ. მატჩებს რაც შეეხება, ორივე მეტოქე ძლიერია. ორივე გასვლაა და მგონი, ნაკრების 27 მატჩიდან, თიტქმის 20 სტუმრად გვიწევს. თუმცა, ყველაფერი ჩვენზე არაა დამოკიდებული: მართალია, აქ თამაში გვინდა, მაგრამ მეტოქეებსაც უნდა სურდეთ. ვარჯიში პირველი დღიდან 8 კაცით დავიწყეთ.
- ამ 2 შეხვედრაში მიზანი რა იქნება? ალბათ, ახალ ტაქტიკურ ვარიანტებს მოსინჯავთ.
- მიზანი ღირსეულად თამაშია. სქემა გვაქვს ჩამოყალიბებული და აღარ შეიცვლება. კარგია, რომ თითო მატჩში 6 შეცვლის უფლება გვექნება და თითქმის ყველას ვნახავთ საქმეში.
- მხოლოდ ერთი თავდამსხმელით მიდიხართ.
- მჭედლიძეს გადამწყვეტი მატჩები
- ოქრიაშვილი და ლევან ყენია რატომ არ არიან სიაში?
- ოქრიაშვილმა, დაღლილი ვარო. რაღაც აწუხებს და ჩვენც გადავწყვიტეთ, არ გვეთამაშებინა. რაც შეეხება ყენიას, ის ქორწინდება და ჩვენთვის ვერ მოიცალა.
როცა სანაკრებო შეხვედრა იყო, ყოველთვის დიდი სიხარულით ჩამოვდიოდი და ყველაფერს ვაკეთებდი მოედანზე. ცარიელ ლაპარაკზე არ ვყოფილვარ... არავისთვის დამიჩოქია, არიქა, ჩამოდით-მეთქი და ამას ვერც გავაკეთებ.
- ამ ფეხბურთელებს, რომლებზეც საუბრობთ, ოფიციალურ მატჩებშიც არ გამოიძახებთ?
- წამყვან ფეხბურთელებს რომ არ გამოვიძახებ და შედეგი არ იქნება, მე დამიწყებენ გინებას. ნორმალურ ქვეყანაში ფეხბურთელთა ჩამოუსვლელობის ამგვარ მიზეზებს არ "გაატარებდნენ", მაგრამ ჩვენთან სხვა სიტუაციაა. ისევ საუკეთესოებს გამოვიძახებ.
- ელგუჯა გრიგალაშვილიც არაა სიაში. რატომ?
- ის ჩვენთან ერთად ვარჯიშობს, თუმცა ვიზის პრობლემა ვერ მოგვარდა და ვერ წამოგვყვება.
- ისევ თავდამსხმელების თემაზე: ამდენი ფორვარდი არ გყავთ და ჯაბა დვალი მაინც არ გამოიძახეთ. ნაკრები მისთვის დახურული თემაა?
- დახურული ნამდვილად არაა. ასე გადავწყვიტეთ, რომ არ გამოგვეძახა. ბოდიშით, მაგრამ ფეხბურთელს მხოლოდ საქართველოს ჩემპიონატში ნათამაშევით ვერ შევაფასებ.
- თუმცა, სიაში არაერთი ფეხბურთელი გყავთ საქართველოს კლუბებიდან.
- დიახ. და ისინი ნათელი წერტილები არიან. კიდევ ისაა საწყენი, რომ არიან ფეხბურთელები, რომლებიც 2 წლის წინ უკეთ თამაშობდნენ, დღეს კი მოუკლეს. ეს ბუნებრივი პროცესია, მაგრამ არ მსურს, რომ ასე გაგრძელდეს.
- ესპანელმა ჩისკომ გამოთქვა საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილი.
- კარგით რა, ხალხნო. რა ჩისკო... გადახედეთ საქართველოს ფეხბურთის ისტორიას, როგორი ფეხბურთელები გვყავდა. რომელ ჩისკოზეა ლაპარაკი. თანაც, წესებით უცხოელი 5 წელი უნდა თამაშობდეს შენს ქვეყანში, რომ ნაკრებში თამაშის უფლება ჰქონდეს. ეს დრო რომ გავა, ჩისკო თითქმის ჩემი ტოლი იქნება.
- 19-წლამდელთა ნაკრები ელიტ-რაუნდის ჯგუფს ლიდერობს. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში ნიჭიერი ფეხბურთელების ნაკლებობა არაა.
- სასიხარულოა, რომ ასაკობრივი ნაკრებები წარმატებით გამოდიან. როგორც გავიგე, 19-წლამდელების მატჩი შოტლანდიელებთან ძალიან ცუდად უმსაჯიათ და ახლა ბელგიასთან 13 კაცით არიან დარჩენილნი. ინგლისთან და შოტლანდიასთან ჯამში 4 ქულის აღება მშვენიერი შედეგია. აქვე, თბილისის "დინამოს" ვულოცავ საქართველოს ჩემპიონობასა და თასის მოპოვებას. ღმერთმა ქნას, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასულიყოს. ტელევიზორში უყურებთ 5000 კილომეტრის სიშორეზე გამართულ თამაშებს და ეგებ, აქაც მოვიდეს დიდი საკლუბო ფეხბურთი, ჩვენს სტადიონზე.
- ახალგაზრდა ფეხბურთელების უთამაშებლობის თემაზე ადრე განაცხადეთ: სურვილი გამოთქვით, რომ ქართულ კლუბებში მათ უწევდეთ თამაში და დუბლებში, ან პირველ ლიგაში არ იყვნენ. ეს საკითხი ფედერაციაში კიდევ განიხილება?
- ჩვენ კი გვსურს, მაგრამ კლუბების ნებაც უნდა იყოს. რა გამოდის, 19-წლამდელებისა და 21-წლამდელების ფეხბურთელები ევროპაში წარმატებით გამოდიან, აქ კი, ქართულ გუნდებში თამაში არ უწევთ. გადავხედოთ, რა ხდებოდა 90-იან წლებში. ქინქლაძემ, არველაძეებმა თუ სხვებმა სწორედ აქ დაიწყეს თამაში, საქართველოს ჩემპიონატში მათ ენდობოდნენ და ასე წავიდნენ ევროპაში. ახლა კი, ახალგაზრდა ფეხბურთელებს დაატარებენ უცხოეთში გასინჯვაზე.
- იმიტომ დაატარებენ, რომ აქ არ უწევთ თამაში.
- დიახ, ასეა და ყველაფერი ერთმანეთთანაა კავშირში.
- ბოლოს ისევ მოახლოებულ მატჩებზე. რაც ნაკრების მწვრთნელი გახდით, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ჩრდილოეთის გუნდებთან არ გქონიათ შეხვედრა. ამ მხრივ კიდევ უფრო საინტერესო არაა ირლანდიასთან და დანიასთან მატჩები?
- დიახ. და რაც მთავარია, ძლიერი მეტოქეები არიან. დანია ის არაა, 80-იან წლებში და 90-იანების დასაწყისში რომ იყო, მაგრამ თქმა რად უნდა, დღესაც ერთ-ერთი ანგარიშგასაწევი ძალაა გრანდებისთვისაც. თანაც, მოედანზე დავალებას მშვენივრად ასრულებენ, სათამაშო დისციპლინა უმაღლეს დონეზე აქვთ. ისე, გვსურდა, რომ მატჩები 1 და 5 ივნისს ყოფილიყო, რათა მეტი დრო გვქონოდა მეორე მათვისთვის მოსამზადებლად, თუმცა ვერ მოხერხდა.
ნაკრები 29 მაისს, 11:00 საათზე გაემგზავრება დუბლინში, მატჩი კი 2 ივნისს დუბლინის 'ავივა სტედიუმზე" თბილისის დროით 20:15 საათზე დაიწყება.
ნაკრების სია:
მეკარეები: ლორია, კვასხვაძე, მიგინეიშვილი;
მცველები: ლობჟანიძე, ხიზანიშვილი, დავით კვირკველია, თომაშვილი, კაშია, ფოფხაძე, ხუბუტია, საბა კვირკველია, მამუკა კობახიძე;
ნახევარმცველები: დაუშვილი, კანკავა, სანდრო კობახიძე, ანანიძე, თარგამაძე, გიგაური, მაისურაძე,
თავდამსხმელი: გელაშვილი.









