46 წლის, ერთ დროს კრივის მეფე, მაიკ ტაისონი, ძალიან კეთილი და თავმდაბალი ადამიანი გამხდარა, მოჭმული ყურების დანახვაზე კი, თურმე ცუდად ხდება. ახლა, ტაისონი ფილმებში მონაწილეობს, სხვადასხვა ღონისძიებებს ესწრება, მომღიმარი სახით ჟურნალისტებს ესაუბრება და მიუზიკლებზე, სიმღერასა და ცეკვაზე ოცნებობს.
“აღარ მინდა ცუდი ბიჭი ვიყო, - ირწმუნება სახელგანთქმული სპორტმენი, – სულ ცუდი ბიჭი ვიყავი და ყოველთვის მსურდა, კარგი ვყოფილიყავი! თუმცა, არ ვიცოდი ეს, როგორ მომეხერხებინა. ალბათ, ძალიან ბევრს ვფიქრობდი ბოროტმოქმედის იმიჯის შენარჩუნებაზე. ახლა კი, მიუზიკლებში სიმღერა და ცეკვა მინდა!”
შარშან, მოკრივე საცეკვაო შოუში მონაწილეობდა, ხოლო წლეულს – თეატრალურ დადგმაში.
ამჟამად, მაიკი ჰონგკონგში, კუნგ ფუს სამშობლოში იმყოფება. “რას იტყვით ბრუს ლიზე?”, - დაინტერესდა ჟურნალისტი და ტაისონისგან ამგვარი ორაზროვანი პასუხი მიიღო – “მისი კონცეფცია და ფილოსოფია გასაოცარია! ბრუს ლი ქუჩის მოჩხუბარი იყო და ყოველთვის სასიკვდილოდ იბრძოდა. მასთან ჩხუბს არ ვისურვებდი”.







