გულშემატკივრის სვეტი

10:50 | 18.04.2011 | ნანახია [] - ჯერ

სპორტი თუ “კაი ბიჭობა”?

ბოლო პერიოდში, ქართულ კინომატოგრაფიაში შესამჩნევი გამოცოცხლება შეინიშნება. ეროვნულ კინოცენტრს, სახელმწიფო ყოველწლიურად გარკვეულ თანხებს ურიცხავს და მტვერწაყრილი ქართული კინოც, ერთი შეხედვით, გამოღვიძების სტადიაშია. მაგრამ, თუკი ბოლო წლებში გადაღებულ ქართულ ფილმებს თუ გადავხედავთ, ამ სფეროში ჩაუხედავი ადამიანებიც კი მარტივად მივხვდებით, რომ ასეთ “გამოღვიძებას”, შესაძლოა, ისევ “ძილი” სჯობდეს.
ახალი ქართული კინო ვერა და ვერ გასცდა 90-იანი წლების მარაზმს და ახალ ქართულ ფილმებში კვლავ დაფუთფუთებენ ქურდები და “კაი ბიჭები”, ნარკომანები და “ბარიგები”, კრიმინალი პოლიციელები და უბნებში ჩაცუცქული ჯეელები... კვლავ ძალუმად იტკეპნება ის ძველი გზა, რომელიც ამერიკულმა კინომ გასული საუკუნის 70-იან წლებში ერთხელ და სამუდამოდ გაიარა, დღეს კი, აღარავის იზიდავს 50-იანი წლების განგსტერების ცხოვრება, როდესაც ათასი სხვა საინტერესო თემა და ამბავი არსებობს. ქართულ კინოში კვლავ მივიწყებულია სპორტული თემატიკა და მიუხედავად იმისა, რომ ყველა გამოკითხვებით, ჩვენს ქვეყანაში, ყველაზე პოპულარული ქართული ფილმების ათეულში ორი სპორტული შინაარსის ფილმი – ”ფეოლა” და ”პირველი მერცხალი” შედის, არავინ ჰკიდებს ხელს სპორტულ თემატიკას.
რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, რომ ბოლო პერიოდში სახელმწიფომ და ბიზნესმენთა ნაწილმა დაიწყო ქართულ კინოში ფულის (თუმცა, რა თქმა უნდა, არასაკმარისი რაოდენობით) ჩადება, მაგრამ რას აძლევს ეს დახარჯული თანხები ქვეყანას?! გავკადნიერდები და ვიტყვი, რომ საერთოდ არაფერს! თუკი ვინმეს მოგწონთ ”სვეტსკი” ტყლარჭა გოგჩოების ცხოვრების, ანდა ნარკომანების შესახებ გადაღებული ახალი ფილმები, მაშინ უპრობლემოდ ვაღიარებ, რომ ვცდები, მაგრამ პრაქტიკულად, ვერ ვნახე ადამიანი, რომელსაც მოსწონს ეს თანამედროვე ქართული კონომატოგრაფიული აბსურდი. რატომ არ იღებენ საქართველოში ახალ, სპორტული თემატიკის ფილმებს? – ეს კითხვა ქართველ “კინოშნიკებს” რომ დავუსვათ, აუცილებლად გვეტყვიან, რომ დაფინანსების სიმცირესთან ერთად, აღარ იწერება სპორტული შინაარსის სცენარები. ეს მართლაც ასეა, რადგან სპორტული თემატიკა საქართველოში რატომღაც არასერიოზულად ითვლება (აბა, სპორტი რას მოვა ”ბარიგების” სულიერ წვდომასთან) და აბა, როგორ უნდა მოცდეს დიდი ქართველი სცენარისტი მსგავს “პაჭა-პუჭა” რამეებზე... ამ დროს კი, არავის მოსდის თავში ის, რომ სულ ადვილად შეიძლება მსგავსი საკითხის გადაწყვეტა. გამოცხადდეს კონკურსი სპორტული თემატიკის საუკეთესო სცენარების გამოსავლენად და შესაძლებელია, რიგითმა ქართველმა სპორტის მოყვარულმა ფილმისთვის უფრო საინტერესო ამბებს მიაგნოს, ვიდრე თბილისის ცენტრალური უბნებიდან ცხვირის არგამყოფმა ზოგიერთმა რეჟისორმა, რომლებიც რატომღაც ფიქრობენ, რომ ჯადოებსა და ტყლარჭა გოგჩოებზე გადაღებული ფილმი ფინანსურად უფრო მომგებიანი იქნება, ვიდრე, მაგალითად, ქართველ მორაგბეებზე შექმნილი მხატვრული ფილმი, რომელსაც დარწმუნებული ვარ (თუ ნორმალურად გადაიღებენ), მაყურებელიც ბევრი ეყოლება და უფრო მეტად წაადგება ყველას, ვიდრე ხელოვნურად ცხვირში დუდღუნით მოლაპარაკე უნიჭო “კაი ბიჭების” ბოდვები.
არ ვარ ბატონო კინოს სპეციალისტი და ბევრი რამ ამ სფეროში არ გამეგება, მაგრამ რა დიდი მიხვედრა უნდა იმას, რომ ლიხს იქითაც და აქეთაც, ყველას ძალიან უყვარს ძველი (საბჭოეთის არმადიდებელი) ფილმები, სადაც ორიგინალურად და მართლაც რომ დიდი იუმორით არის გადმოცემული სხვადასხვა საინტერესო ამბები, სადაც ლეგენდარული ქართველი მსახიობები, ხან მწვრთნელის, ხანაც უბრალო ქომაგისა თუ სპორტსმენის როლში გვევლინებიან. დღეს კი... დღეს ვინმე მეტყვით, რომ ბოლო პერიოდში შექმნილი რომელიმე ქართული ფილმი ძველ ფილმს – “ბურთი და მოედანი” - რამეთი სჯობს? თანამედროვე რეჟისორები ხშირად წუწუნებენ ხოლმე, რომ საქართველოში კინო-ბიზნესი არამომგებიანია და ქართველი მაყურებელი ადგილობრივ ფილმებს ისევ უცხოურს ამჯობინებს. მათი ეს წუწუნი ძალიან ჰგავს კრილოვისეულ ვენახში შეპარული მელას წუწუნს. არაფერია გასაკვირი იმაში, რომ დღეს საქართველოში ნაკლებად აინტერესებთ (რაც ძალიან სასიხარულოა) ყავლგასული კრიმინალების ისტორიები და არც “გოგოშკების” კრუსუნით საუბრის მოსმენა იზიდავთ მაინც და მაინც. გადაიღონ ბატონო კარგი, საინტერესო, სპორტული თემატიკის ფილმები (სპორტულ თემატიკაზე ხომ უამრავი რამის მოფიქრება შეიძლება) და მე ვაძლევ გარანტიას, რომ ასეთ ფილმებზე საქართველოში კინოთეატრები პირთამდე გაივსება. ეს დალოცვილები, ან ბიუჯეტიდან გამოყოფილ ფულს რატომ ყრიან წყალში, ან ჩვენ (მათი გადაღებული ”შედევრების” ვერდამფასებელ ხალხს) რას გვერჩიან, ეს ვერ გავიგე...

ლევან სეფისკვერაძე  


 

0.090337