საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატში არაერთხელ მომხდარა შემთხვევა, როდესაც მინდორზე ძაღლი, ხბო, ან სხვა შინაური ცხოველი შევარდნილა და ამას გულშემატკივრებში დიდი მხიარულობა გამოუწვევია. მსგავსი შემთხვევები ევროპის დიდ სტადიონებსაც ახსოვთ. თუმცა, მინდორზე ისეთი წონადი არსების შევარდნა, როგორიც სპილოა, ალბათ ბევრს ვერც კი წარმოუდგენია.
მაგრამ, აფრიკაში ასეთი შემხთვევები თურმე არცთუ იშვიათი ყოფილა. ცნობილი კამერუნელი მეკარის, კარლოს კამენის თქმით, იგი ცოტა ხნის წინ დაესწრო ნიგერიის ჩემპიონატის ერთ-ერთ მატჩს, სადაც მასპინძლები დამარცხდნენ. დამარცხებული გუნდის გაბრაზებულმა ქომაგებმა მინდორზე ხელოვნურად გაღიზიანებული სპილოები შეიყვანეს და ორივე გუნდის ფეხბურთელები ძლივს გაექცნენ მათზე მონადირე გიგანტ ცხოველებს.
ქართველ ფეხბურთელთა საბედნიეროდ, საქართველოში სულ სამი სპილოა. აქედან ერთი – ცირკში, ორი კი, თბილისის ზოოპარკშია გამომწყვდეული. ასე რომ, მარცხის შემთხვევაში, ქართველ ფეხბურთელებს სპილოებისგან გადათელვის შიში წესით არ უნდა ჰქონდეთ.







