ფეხბურთი

3:08 | 14.06.2010 | ნანახია [] - ჯერ

სლოვენიამ "უდაბნოს მელია" დაიჭირა

მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე სათამაშო დღე სლოვენიისა და ალჟირის ნაკრებებმა გახსნეს. გუნდების სათამაშო სტილიდან გამომდინარე, ექსპერტები ჩაკეტილ, უსახურ თამაშს ვარაუდობდნენ. თავიდანვე ვიტყვით, რომ ფეხბურთის გულშემატკივართა საუბედუროდ, ვარაუდი სრულად გამართლდა.
მატჩის დასაწყისში ტერიტორიული უპირატესობა ალჟირელთა მხარეს იყო და ისინი მეტოქეზე უკეთ გამოიყურებოდნენ. აფრიკელთა დაწინაურება რაბაჰ ბელჰაჯის შეეძლო, მაგრამ "პორტსმუთის" მცველის ჯარიმიდან გასროლილი სამირ ჰანდანოვიჩმა მოიგერია. მართალია, ტაიმის შუაში სლოვენიელებმა თამაში თანდათან დაალაგეს, მაგრამ მათ მოქმედებაში საკმაოდ ბევრი იყო უზუსტობა, რაც მატიაჟ კეკის გუნდს თამაშის მოწინააღმდეგის მოედანზე გადატანის საშუალებას არ აძლევდა.
მეორე საგოლე მომენტი 36-ე წუთზე, ისევ ევროპელთა კართან შეიქმნა. კუთხურის ჩამოწოდებისას, რაფიკ ალიშმა ოპონენტისგან თავის გათავისუფლება შეძლო, თუმცა, შორეულ ძელთან ზუსტი თავური არ გამოუვიდა და ბურთი მიზანს ასცდა.
შესვენების შემდეგ მოედანზე სურათი დიდად არ შეცვლილა. განსხვავება კი, მხოლოდ ის იყო, რომ ტერიტორიულ უპირატესობას უკვე სლოვენიელები ფლობდნენ. 61-ე წუთზე კეკის შეგირდებს მშვენიერი მრავალსვლიანი კომბინაცია გამოუვიდათ, მაგრამ კირმმა გადამწყვეტი დარტყმა სუსტად შეასრულა და აფრიკელები გოლის გაშვებას გადარჩნენ.
73-ე წუთზე ალჟირელები მოედანზე კაცნაკლულნი დარჩნენ. ხელით განზრახ თამაშის გამო, მსაჯმა წითელი შეცვლაზე შესულ აბდელკადერ გეზალს "აუნთო". აფრიკელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ამის მიუხედავად, ისინი ყრუ დაცვაზე არ გადასულან და გეზალის გაძევებიდან ოთხ წუთში ანგარიშის გახსნაც შეეძლოთ, მაგრამ სლოვენიელები ბოლო მომენტში ისევ ჰანდანოვიჩმა გადაარჩინა.
ამის შემდეგ კი, საფეხბურთო დაუწერელი კანონი ამოქმედდა - სლოვენიელთა კიპერისგან განსხვავებით, შაუშიმ თავისი გუნდი ვერ იხსნა და 79-ე წუთზე, კორენს შორეულ კუთხეში გატანის საშუალება მისცა. თამაშის დარჩენილ დროში "უდაბნოს მელიებმა" ქულის გადარჩენა სცადეს, მაგრამ აქედან ვერაფერს გამორჩნენ. სლოვენიამ შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანა და გათამაშების ცხრილს სათავეში ჩაუდგა.

 
პოლოკვეინი, “პეტერ მოკაბა სტედიუმი”
ალჟირი-სლოვენია 0:1 (0:0)
ალჟირი:
შაუში, იაია, ბუგერა, ალიში, ბელჰაჯი, ლაცენი, იებდა, ზიანი, კადირი (გუედიურა 83), მატმური (საიფი 82), ჯებური (გეზალი 58).
მწვრთნელი: რაბაჰ საადანი.
სლოვენია:
ჰანდანოვიჩი, ბრეჩკო, შულერი, სეზარი, იოკიჩი, კორენი, რადოსავლევიჩი (კომაცი 87), ბირსა (პეჩნიკი 84), კირმი, ნოვაკოვიჩი, დედიჩი (ლიუბიანჩიკი 52).
მწვრთნელი: მატიაჟ კეკი.
გოლი: 0:1 კორენი (79).
გაფრთხილება: გეზალი (59), იებდა (90); რადოსავლევიჩი (36), კომაცი (90).
გაძევება: გეზალი (73).
მსაჯი: კარლოს ბატრესი.
დარტყმა 10 (2)-7 (3); ჯარიმა 17-11; კუთხური 4-3; თამაშგარე 1-3; ბურთის ფლობა 48%-52%; სეივი 2-2.

სლოვენია 1 1 0 0 1:0 3
ინგლისი   1 0 1 0 1:1 1
აშშ             1 0 1 0 1:1 1
ალჟირი     1 0 0 1 0:1 0
18 ივნისი
სლოვენია - აშშ
ინგლისი - ალჟირი
23 ივნისი
სლოვენია - ინგლისი
აშშ – ალჟირი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112113