სტატიები

10:31 | 13.08.2010 | ნანახია [] - ჯერ

“სიონი” კვლავ გამოცდილების იმედზეა

წლების განმავლობაში, ბოლნისი, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტული საფეხბურთო რაიონია საქართველოში. დრო იყო, “თამაზ სტეფანიაზე” ტევა არ იყო, გულშემატკივრები დილიდან გროვდებოდნენ სტადიონთან და სტუმარ გუნდს სხვადასხვა არასასიამოვნო სიურპრიზს უწყობდნენ. პიკი იყო 2003-2004 წლებში, როცა “სიონი” ნელ-ნელა შეეპარა ეროვნული ჩემპიონატის ლიდერთა ჯგუფს და ჩემპიონობისთვის ბრძოლაც გაბედა, თუმცა, რაც მაშინ ვერ მოახერხა, 2006 წლისთვის გადადო – კახა ცხადაძის თავკაცობით, ქვემოქართლელები საქართველოს ჩემპიონები გახდნენ და არც ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე შერცხვენილან - 9-მილიონიანი ბიუჯეტის მქონე აზერბაიჯანული “ბაკი” გამოთიშეს. იმ სეზონში, ცხადაძემდე ხვიჩა ქასრაშვილი წვრთნიდა გუნდს, ფეხბურთელებიდან კი გამოირჩეოდნენ დავით ბოლქვაძე, გრიგოლ დოლიძე, თენგიზ ჩიკვილაძე (თუმცა, ისინი პირველი წრის მერე წავიდნენ “ამერში”), კოკა მიკუჩაძე, მიხეილ ხუციშვილი, ლევან ხმალაძე…
თუმცა, ბოლო წლებში “სიონი” ვეღარ ყოჩაღობს და უმეტესად, ცხრილის ქვედა ნაწილშია. ასე იყო შარშანაც და სადღეისო ვითარებაც ისეთია, ქვემოქართლელებს ლიდერთა ჯგუფში ნაკლებად უნდა ველოდოთ.
ამ ზაფხულს, “სიონში” ბევრი სიახლე მოხდა. კლუბის აქციების 100 პროცენტს “მადნეული” დაეუფლა და ინვესტორის პრობლემა აღარაა. შესაბამისად, “თამაზ სტეფანიას” ბინადრებს ფინანსური ჭირ-ვარამი არ უნდა ჰქონდეთ.
ყიფ-ყიფ: ბევრი მიხვდება, რომ საუბარია “სიონის” მწვრთნელთა დუეტზე – გიორგი ყიფშიძე და გიორგი ყიფიანი. ყიფშიძეც და ყიფიანიც მთავარი მწვრთნელები იქნებიან. პირველი მათგანი 22 წლის განმავლობაში თამაშობდა “სიონში”, ბოლნისელია და გუნდის სამწვრთნელო შტაბშიც თითქმის მუდმივად მუშაობს, ოღონდ, ზოგჯერ მთავარ მწვრთნელად, ზოგჯერ თანაშემწედ. ყიფშიძის გარეშე, ქვემოქართლური კლუბი წარმოუდგენელიცაა. რაც შეეხება ყიფიანს, ის 32 წლისაა, ერთ დროს თამაშობდა “სიონში”, თუმცა საქართველოში საუკეთესო წლები “ვიტ ჯორჯიაში” გაუტარებია, ჩვენი ჩემპიონატის კვალობაზე, საკმაოდ კარგი ნახევარმცველი გახლდათ. ყიფიანი ახლა იწყებს მწვრთნელობას და საინტერესოა, როგორ კარიერას აიწყობს. ზოგადად, უკვე ბევრჯერ ვნახეთ, როცა ჩვენს ჩემპიონატში დამწყებ მწვრთნელებს უცაბედად მიუღწევიათ წარმატებისთვის - თუნდაც გიორგი კიკნაძე – ზაზა ზამთარაძის დუეტი გავიხსენოთ.
“სიონმა” ქართული გუნდებიდან ყველაზე გვიან დაიწყო ვარჯიში. გუნდი ბოლნისში ემზადებოდა და ზღვისპირეთშიც კი არ წასულა შეკრებაზე, რაც კარგი ცხოვრებით არ იყო გამოწვეული. აკი ვთქვით, “სიონში” ინვესტორის საკითხი გაურკვეველი იყო. შესაბამისად, ქვემოქართლელებმა ძალიან ცოტა ტესტ-მატჩი ჩაატარეს. ბოლოს ცხინვალის “სპარტაკის” დუბლებს 5:2 მოუგეს.
გასული სეზონის მსგავსად, “სიონი” კვლავაც გამოცდილი მოთამაშეების იმედზე იქნება. ქვემოქართლელებს ყველაზე ასაკოვანი გუნდი ეყოლებათ უმაღლეს ლიგაში. მეკარეები მინდია ბობღიაშვილი და მირზა მერლანი იქნებიან, დაცვაში ძირითადი დატვირთვა გივი დიდავაზე, სერგი ორბელაძეზე, ლაშა ჭელიძეზე, მიხეილ კობაურზე და თემურ რაქვიაშვილზე გადაივლის. ნახევარდაცვაში ლაშა ნოზაძე, ვლადიმერ უგრეხელიძე, გიორგი მელქაძე, ლევან სანიკიძე, მურმან ქურასბედიანი და გიორგი ჩივაძე იქნებიან, თავდასხმაში კი გია თოდუა, ლევან მელქაძე და მიხეილ ბობოხიძე გაირჯებიან. აქ ყველა ფეხბურთელი არ ჩამოგვითვლია, რადგან შესაძლოა, ზოგიერთი მოთამაშე წავიდეს გუნდიდან… ისე კი, “სიონი” ამ ზაფხულს დატოვეს მეკარე ზუხბაიამ, მცველმა ქემოკლიძემ, ნახევარმცველებმა – გოგობერიშვილმა და დეკანოსიძემ.
დანარჩენს კი ჩემპიონატი გვაჩვენებს, რომელსაც ბოლნისელები ფოთის “კოლხეთთან” საშინაო მატჩით იწყებენ.  
ილია ნანობაშვილი
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094827