იტალიური ”მილანის” პრეზიდენტმა სილვიო ბერლუსკონიმ გუშინ დაადასტურა, რომ თავისი კლუბის შვედ ფორვარდს, ზლატან იბრაჰიმოვიჩს ნამდვილად ურჩია ვარცხნილობის შეცვლა. როგორც იტალიის პრემიერ-მინისტრი და ”მილანის” მფლობელ-პრეზიდენტი ამბობს, მისი ეს შენიშვნა მხოლოდ ზლატანს კი არა, ”მილანის“ ყველა წევრს ეხება.
როგორც დონ სილვიო განმარტავს, მას შვედი ფორვარდისათვის მხოლოდ კარგი სურს და ზლატანს ვარცხნილობის შეცვლაც ამიტომ მოსთხოვა. ბერლუსკონის უნდა, რომ ”მილანის” ყველა ფეხბურთელი ისე გამოიყურებოდეს, როგორც ამ უძველესი ტრადიციების გუნდს ეკადრება და არავის მისცემს ნებას, თავისი ექსტრავაგანტურობით ”მილანის” საძირკველი შეარყიოს. ფეხბურთელების ამ კუთხით შეზღუდვა არის თუ არა უფლებების დარღვევა, ამ კითხვაზე ბერლუსკონი, რასაკვირველია, დუმს.
იტალიელ ჟურნალისტებს ზლატანის ვარცხნილობის დამწუნებელი სილვიო ბერლუსკონისათვის სამწუხაროდ არ გაუხსენებიათ მთელი რიგი ფეხბურთელებისა, რომლებიც ”მილანში” გარჯის დროს უცნაური ვარცხნილობით გამოირჩეოდნენ. მარტო დიდებული რუუდ გულიტის ხსენებაც კი რად ღირს... თუმცა, ბერლუსკონიმ ისიც კარგად იცის, რომ საბოლოო ჯამში მაინც თავისას გაიტანს და ზედმეტი მაგალითები რაღაში სჭირდება...







