ავტოსპორტი

23:23 | 24.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

შოთა აფხაზავას მეორე ადგილი “ლამბორგინების” სუპერ ტროფეოზე

12-13 აპრილს, საქართველოს წრიული რბოლის ჩემპიონატის გახსნის პარალელურად, იტალიაში, ქალაქ მონცაში, გაიმართა საერთაშორისო სერიის ბლანკპეინ სუპერ ტროფეოს პირველი ეტაპი. შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო ქართველმა პილოტმა, ავტოდრომ „რუსთავის" მფლობელმა, შოთა აფხაზავამ. შეჯიბრი ორ დღეს გაიმართა, ორივე დღეს შოთა აფხაზავა ფინიშზე მეორე მოვიდა.

იტალიაში მოპოვებული წარმატება შოთა აფხაზავამ  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროშ გამართულ პრესკონფერენციაზე შეაჯამა, სადაც მედიის კითხვებს მასთან ერთად მევლუდ მელაძემაც უპასუხა.

შოთა აფხაზავა: „შეჯიბრი საკმაოდ ცხელი გამოდგა. კმაყოფილი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ საშინლად დაძაბული ვიყავი. ვიცი, რომ რბოლას თვალყურს ადევნებდა უამრავი ადამიანი საქართველოდან. ვფიქრობ, ბრწყინვალე შედეგს მივაღწიეთ. შესაძლებელი იყო უფრო სწრაფად წასვლაც, მაგრამ გუნდმა მცირე შეცდომა დაუშვა სამუხრუჭე ხუნდების ტიპის შერჩევისას და სამუხრუჭე სისტემის დარეგულირებისას. ეს რომ არა, ალბათ 1.5 ან 2 წამით უკეთესი დრო მექნებოდა. საბოლოოდ, ამ შედეგით, ქულათა ჩათვლის ლიდერი ვარ".

ბლანკპეინ სუპერ ტროფეოზე პილოტების საკმაოდ ძლიერმა შემადგენლობამ მოიყარა თავი, მათ შორის იყო ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტიც. კლასში, რომელშიც შოთა აფხაზავა იღებდა მონაწილეობას, ყველაზე მაღალ კონკურენტულია. თითოეული რბოლა ერთი საათი გრძელდება, ამიტომ წესების მიხედვით გუნდს შეუძლია რბოლის დროს პილოტი შეცვალოს. აფხაზავას პარტნიორი გუნდში უკრაინელი ტარას პოლიშუკია.

„ლამბორგინი გალარდო ჩემთვის სრულიად ახალი ავტომობილია, მე მხოლოდ ორი დღე მოვახერხე ვარჯიში რუსთავის ავტოდრომზე ანალოგიური ბოლიდით და შემდეგ მონცაში გავიარე ორი ვარჯიში" - ამბობს შოთა აფხაზავა.

ბლანკპეინ სუპერ ტროფეოს პირველი შეჯიბრი გაიმართა 2009 წელს. პირველი რბოლები ევროპაში მიმდინარეობდა, ამჟამად კი, უკვე რბოლები იმართება ევროპასა და ამერიკაში. სერიის გენერალური სპონსორია საათების შვეიცარული მწარმოებელი ბლანკპეინი. კომპანიის მფლობელი თავად არის მრბოლელი და ამავდროულად ისეთი ბრენდების აქციების მფლობელი, როგორიცაა საათი „სვოჩი" და ავტომობილი „სმარტი".

www.msy.gov.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116591