საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა ზესტაფონში ჩავიდა და ადგილობრივი კლუბის ქომაგებს შეხვდა. “დავით აბაშიძის” სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში თითქმის ერთი საათის განმავლობაში განიხილებოდა საკითხები, მათ შორის - “გორის “დილას” თუ გადაეცა თანხა (მილიონი ლარი), რა დააშავა “ზესტაფონმა”? “რა იქნება გამოსავალი?”
ამასთან, როგორც იცით, “ზესტაფონის” პრეზიდენტმა ქალაქ ზესტაფონის მუნიციპალიტეტს მიმართა:
“მოგახსენებთ, რომ საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, შეწყვიტოს კლუბში ინვესტიციების განხორციელება. ვინაიდან საქართველოში საფეხბურთო კლუბების უმრავლესობა ადგილობრივი ბიუჯეტებიდან გამოყოფილი თანხებით ფუნქციონირებს, კლუბის შესანარჩუნებლად გთხოვთ, შპს “საფეხბურთო კლუბი ზესტაფონი” აღირიცხოს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბალანსზე და ეს უკანასკნელი გახდეს კომპანიის 100 პროცენტიანი წილის მესაკუთრე. გთხოვთ, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თქვენი პასუხი უახლოეს დროში შეგვატყობინოთ”.
სიჭინავასთან ერთად ქომაგებთან შეხვედრას ესწრებოდა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუგზარ ქამუშაძე და იმერეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ვალერი მანაგაძე. ზესტაფონში არ ჩასულა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი. ასევე, დარბაზში არ ყოფილა რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი ქავთარაძე.
“ვერ გავიგეთ. თუ გორში ჩავიდა ლევან ყიფიანი, ზესტაფონი რა, გამოეყო საქართველოს და ნიკარაგუამ აღიარა? თუ “დილაზე” ნაკლები საფეხბურთო ისტორია გვაქვს?” – ასეთი წინადადებაც გაისმა დარბაზში. სიჭინავამ ამაზე ვერ უპასუხა: ვერ გეტყვით, ყიფიანი რატომ ვერ ჩამოვიდა, ის მინისტრია და სადაც სურს, იქ მივაო.
სიჭინავამ საერთო სურათის გარდა, კონკრეტული ფაქტებიც მოიყვანა. თქვა მწარე რელობაზე, რომელიც საქართველოში გამეფებულია – ფეხბურთი ბიზნესმენებს ვერ იზიდავს.
“ფედერაციაში გუშინ საღამოს მოვიდა წერილი და მაშინვე მინდოდა ზესტაფონში წამოსვლა. ილია კოკაიას მეგობარი ვარ, თუმცა მასთან არ მისაუბრია, რადგან ჯერ თქვენთვის უნდა მომესმინა. ფეხბურთში ბიზნესიდან მოვედი და ჩემზე უკეთ არავინ იცის, რომ საქართველოში ეს წამგებიანია. ზუგდიდის “ბაიას” აღზრდილი 27 ფეხბურთელია სხვადასხვა კლუბში და როგორ გგონიათ, რამდენი მათგანის ტრანსფერში გვაქვს აღებული ფული? მხოლოდ ერთში. “ზესტაფონმა” გადაიხადა გურამ სამუშიაში.
...კოკაიას პირადად მე არაერთხელ გადავაფიქრებინე წასვლა. ვამშვიდებდი, ზესტაფონში და არა მარტო ზესტაფონში, ხალხს უყვარხარ-მეთქი. დამიჯერა, მაგრამ დაიღალა კაცი. აქ მოხუცებული ადამიანებიც არიან და მათაც ვპირდები, რომ კიდევ ერთხელ ვთხოვ კოკაიას, რათა ზესტაფონში ფეხბურთი შეგინარჩუნოთ. ადამიანურად თავს მოვალედ ვგრძნობ თქვენს წინაშე, რადგან კარგად მესმის, “ზესტაფონი” ყველაზე მეტად დაიჩაგრა.
...კოკაიას გადაწყვეტილება და ჩვენი დღევანდელი შეხვედრა “დილასთვის” თანხის გადარიცხვამ განაპირობა. სათქმელს ყოველთვის ვიტყვი და პირადად მივუგე ყიფიანს, ერთი კლუბის დაფინანსება “დომინოს პრინციპს” გამოიწვევს-მეთქი. ანუ, გუშინ “დილა”, დღეს “ზესტაფონი”, ხვალ სხვა, ზეგ კიდევ სხვა... აი, ქუთაისის “ტორპედოშიც” ცუდი სიტუაციაა: ფხაკაძეები ცდილობენ, აწუხებენ ხალხს, შეღავათებს ითხოვენ, მაგრამ ჯერ არავინაა დამხმარე. კოკაიას არ ვამტყუნებ. სადაც ერთს, იქ მეორესაც უნდა მისცე, მაგრამ აქ დავკონკრეტდები: არ შეიძლება, “ზესტაფონსაც” მილიონი მისცე და პირველი ლიგის, ან თუნდაც უმაღლესის ზოგიერთ გუნდსაც მილიონი. ეს უნდა ხდებოდეს იმის მიხედვით, თუ რა მნიშვნელობისაა კლუბი.
...მუნიციპალიტეტია თუ ცენტრალური ბიუჯეტი, შუქის, წყლის ფული მაინც გადაიხადოს, რაღაც შეღავათები რომ ჰქონდეთ ინვესტორებს. სხვაგვარად, მხოლოდ ხარჯვა და ხარჯვა გამოდის ბიზნესმენის მხრიდან. დღეს საქართველოში სულ 9 კერძო კლუბია, მაგრამ აქედან 5-ს ისეთი მწირი ბიუჯეტი აქვს, რომ სირცხვილიცაა თქმა. სულ 3 კერძო კლუბია, რომელსაც კარგი დაფინანსება აქვს: იყო “ზესტაფონი”, დაემატათ “დინამო” და “ტორპედო”.
...როდესაც ვამბობდი, დახმარება კერძო კლუბებსაც სჭირდებათ-მეთქი, ასე ამბობდნენ: “რად უნდა “დინამოს” ფული?” ეს აზრი სულ მუსირებდა. არადა, უნდა.
...გპირდებით, შეხვედრის დასრულებისთანავე თბილისში მივდივარ და ვხვდები კოკაიას. ძალიან ბევრჯერ ვთხოვე, მაგრამ კიდევ ვთხოვ. თუ საჭიროა, შევეხვეწები. ციდან არ ჩამოვფრენილვარ და ვიცი, როგორ გიჭირთ”.
ნუგზარ ქამუშაძე: “კოკაიამ არცთუ დიდი ხნის წინ მკითხა, რას იტყვით, კლუბი თქვენ რომ გადაიბაროთო. გამიკვირდა, რამ უბიძგა კაცს, რომელიც ფეხბურთით ცხოვრობს და თავგადაკლული ქომაგია, ასეთი კითხვით მოემართა. ახლა უკვე გაირკვა, რაშიცაა საქმე. ბუნებრივია, მუნიცილაპიტეტი იზრუნებს, რომ სახელმწიფო სტრუქტურები შეაწუხოს და თანხა იშოვოს კლუბისთვის, მაგრამ კარგად გაგვიგეთ, ჩვენ მომზადებულნი არ ვყოფილვართ ამისთვის. საბიუჯეტო ათვლა სექტემბერში იწყება და რომ გვცოდნოდა, ასეთი სიტუაცია იქნებოდა, გავითვალისწინებდით. ახლა კი კონკრეტულად ამა თუ იმ ოდენობის თანხაზე გარანტიას ვერ ვიძლევი. მხოლოდ ერთს დაგპირდებით: კოკაიას შევხვდები, გამოუვალი სიტუაცია არ არსებობს. ზესტაფონში ფეხბურთი ნამდვილად არ მოკვდება”.
www.fczestafoni.ge-ს ფოტოები





