გულშემატკივრის სვეტი

19:13 | 2.09.2012 | ნანახია [] - ჯერ

შესაძლებელი წარსული

ბოლო წლებში, ძალიან საინტერესო ტექსტები დაიწერა იმის შესახებ, როგორ განვითარდებოდა საქართველო, თუკი ჩვენი ქვეყანა გასაბჭოებასა და ბოლშევიკურ ტირანიას გადაურჩებოდა. ეს არის ერთგვარი შესაძლებელი წარსული, რომელიც არასოდეს ყოფილა და ყველაზე გულსატკენი სწორედ ესაა... ბოლო დროს, ხშირად მიფიქრია, როგორ განვითრდებოდა ჩვენი ქვეყანა სპორტული კუთხით, თუკი რუსულ ოკუპაციას გადავურჩებოდით. ახლა მინდა ჩემი ”წარსულის ილუზიები” თქვენც გაგიმხილოთ...
1921 წლის თებერვალი - ერთა ლიგა ოფიციალურად ერთვება საქართველო-რუსეთის ომში და მოსკოვში დადებული ხელშეკრულების თანახმად, წითელი არმია საქართველოდან გადის. საქართველოში ევროპის კოალიციური არმიის ორი ბატალიონი რჩება.
1924 წელი - თბილისის კონიაკის ქარხანა ასხამს საფირმო კონიაკს სახელწოდებით: ”კულა გლდანელი”. კონიაკი წარმატებით იყიდება მთელ კავკასიაში. ამავე წელს იწყება აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე დიდი საჭიდაო დარბაზის აშენება. მშენებლობის მთელს ხარჯებს “ტფილისის მკვიდრთა ფონდი” გასწევს. ფონდს სათავეში ტფილისელი სომხები უდგანან.
1924 წელი - ტარდება საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატი ფეხბურთში. ჩემპიონატში 6 კლუბი: ტფილისის ”ნავთლუღი”, ქუთაისის “რიონისპირი”, ბათუმის “თოლია”, გორის “გორიჯვარი”, გალის “სამურზაყანო” და ფოთის “ფაზისი” გამოდიან. ჩემპიონი ქუთაისის ”რიონისპირი” ხდება, რომლის საკეთესო ფეხბურთელს, როსტომ თხელიძეს, ქართველი პოეტი ტიციან ტაბიძე მიუძღვნის ლექსს: ”გეიხარე როსტომია!”
1926 წელი - ევროპის ლიგის ჯარები საქართველოდან გადიან. თელაველი მოჭიდავე ძმები - ვახტანგ და გაბრიელ კოჭლამაზაშვილები რომში გამართულ ჭიდაობის ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს ხვდებიან. მეორე დღეს ფრანგული გაზეთები აღშფოთებით წერენ, რომ გაბრიელმა უმცროს ძმასთან შეგნებულად დათმო შეხვედრა და “კავკასიელები ამ არასპორტული ქცევისათვის” სათანადოდ უნდა დაისაჯონ. თუმცა, კოჭლამაზაშვილებს მედლებს არავინ ართმევს.
1931 წელი - სოხუმელმა მშვილდოსანმა, ვალერიან აგრბამ მთელი ამერიკა კიდევ ერთხელ გააოცა, როდესაც ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრაში დაუმარცხებელი მონღოლი მშვილდოსანი, აჯი რარახე დაამარცხა. ამერიკული გაზეთები წერენ, რომ ამ გამარჯვების შემდეგ, აგრბამ მონღოლი სპორტსმენი თავის ვილაზე დაპატიჟა და იმდენი ღვინო ასვა, რომ მონღოლი ლამის ქრისტიანად მოინათლა.
1933 წელი - ლონდონის ”ჰაიბერის” სტადიონზე, ტფილისის “ნავთლუღი” ამხანაგურ შეხვედრას ატარებს ლონდონის ”არსენალთან”. მატჩი 3:3 სრულდება. 3 გოლის გამტან ტფილისელ ფორვარდს, ქაიხოსრო გარაყანიძეს კი, ”არსენალი” სასწრაფოდ უფორმებს კონტრაქტს, რასაც ტფილისელი გულშემატკივრების აღშფოთება მოჰყვება. სოლოლაკელი მეჩექმე პოეტი, ნინიტა გაიპარაშვილი თხზავს ლექსს, რომელიც მერე მთელი ქალაქის ჰიტი გახდება:
”ქაიხოსრომ გვიღალატა, გადაგვცვალა ლონდონზედა,
გოლით ინგლისელს ახარებს, ჩვენ ვკიდივართ ფეხებზედა,
დაბერდება, თეთრი ზოლი ჩამოუვლის წვერებზედა,
რომ ჩამოვა არ  მოვუშოთ არც ლხინში არც ქელეხზედა!”
1940 წელი - საქართველო ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს მეორე მსოფლიო ომში, თუმცა, ქართულ პორტებში, დროებით სარგებლობის წესით, ამერიკული სამხედრო კრეისერები დგანან.
1950 წელი - საქართველოს საფეხბურთო ნაკრები პირველად თამაშობს მსოფლიოს ჩემპიონატზე. საქართველოს ნაკრების მწვრთნელს, გულადი გავაშელიშვილს, ბრაზილიის პრეზიდენტი სახელმწიფო ჯილდოს ანიჭებს. ბრაზილიის ნაკრებთან ნახევარფინალური მატჩის დროს, საქართველოს ნაკრებმა წესის დარღვევით გაიტანა გოლი, რომელიც მსაჯმა შეცდომით ჩათვალა. გულადი კი მივიდა მსაჯთან და გააპროტესტა – უსამართლოდ ჩათვლილი გოლი არაფერში გვჭირდებაო. ამავე წელს, ფრანგული გაზეთი ”ეკიპი” მსოფლიოს ჩემპიონატებზე აწესებს პრიზს “საფეხბურთო გულადობისათვის”.
1955 წელი - ჭიათურის “ჭიათურა” (რომლის მფლობელია მულტიმილიონერი, არისტო კუპატაძე) ყიდულობს უნგრელ ფეხბურთელს, შანდორ კოჩიშს. არისტო კუპატაძე ამავე წელს ზესტაფონში აარსებს მოფარიკავეთა სკოლას. ქუთაისში კი აშენებს დიდ საცურაო აუზს - ”არისტიას”. საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, გერმანულ გაზეთ ”ბილდთან” საუბარში შანდორ კოშიჩი არისტო კუპატაძეს ასე იხსენებს: ”ბუდაპეშტში ჩემთან მოვიდა გამხდარი, წვრილულვაშა კაცი, რომელმაც მთხოვა, თქვენთან საუბარი მსურს და თუ შეიძლება აქვე, ჩემი პატარა რესტორანი მაქვს და წამობრძანდითო. შევედით რესტორნის უზარმაზარ დარბაზში, რომელიც იმ დღეს სპეციალურად ჩვენი სტუმრობის გამო არ მუშაობდა. გამაოგნა სუფრის სიუხვემ და ღვინის მრავალფეროვნებამ. როგორ მოვაწერე კონტრაქტზე ხელი არც კი მახსოვს. მხოლოდ ის მახსოვს, რომ დილით არისტო კუპატაძის აპარტამენტებში გავიღვიძე და საუზმედ უცნაური, ნივრით შეზავებული ხორციანი წვნიანი მომართვეს.”
1965 წელი - როგორც იქნა, აღსრულდა ქართველი გულშემატკივრების მრავალწლიანი ოცნება. ტფილისის ”ნავთლუღი” ჩემპიონთა თასის მფლობელი ხდება. გუნდის საუკეთესო ფეხბურთელს, მიხეილ მესხს კი, ფინალში დამარცხებული მადრიდის ”რეალი” სამწლიან კონტრაქტს უფორმებს. ამავე წელს, ჩეჩნეთისა და დაღესტნის ეროვნული ჩემპიონატების საუკეთესო კლუბები: ”იჩქერია” და ”კასპია” საქართველოს ღია ჩემპიონატში ებმებიან.
1989 წელი - მთელი საქართველო უკანასკნელ გზაზე აცილებს დიდ ქართველ ბიზნესმენსა და მეცენატს, კოტე (კონსტანტინე) ბახიას. მისი დამსახურებით მოხდა ისე, რომ უკანასკნელ ორ ოლიმპიურ თამაშებზე, საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა შვიდივე წონაში ოქროს მედლები მოიპოვეს, რაც აქამდე არასოდეს მომხდარა. კონსტანტინე ბახიამ მთელი თავისი უძრავ-მოძრავი, 2 მილიარდი დოლარის ღირებულების ქონება საქართველოს ჭიდაობის ფედერაციას დაუტოვა. ზუგდიდის ცენტრში აღიმართა კოტე ბახიას დიდი ძეგლი და ყველა ქართველი მოჭიდავე ტურნირებზე გამგზავრების წინ, ბახიას ძეგლთან დებს პირობას, რომ თავს არ დაზოგავს წარმატებისათვის.
2012 წელი - საქართველო დიდ სამზადისშია. ორ წელიწადში მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი საქართველოში ტარდება. ჩემპიონატის გახსნა სოხუმის, ფინალური მატჩი კი კასპის 120-ათასიან ”გიორგი სააკაძის სახელობის სტადიონზე” უნდა გაიმართოს. ტფილისში კი განაწყენებული მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ ლოზუნგით: ”ყველაფერი გორსა და სოხუმს... მაშ ჩვენ რაღა?”...
 

 

ლევან სეფისკვერაძე

 

0.09354