სადაც საქმეში ლათინოამერიკელები ან აფრიკელები ჩაერთვებიან, იქ აუცილებლად წამოიწვეს ხოლმე წინ შამან-მჩხიბავ-ჯადოქრობის თემა და ამ მხრივ გამონაკლისი რა თქმა უნდა არც მიმდინარე მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატია. მით უმეტეს, რომ ეს მუნდიალი შამანეთის გულისგულში – ბრაზილიაში ტარდება.
როგორც სამუნდიალო მედიაში ვკითხულობთ, მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან ჩემპიონატზე მოვლენილ შამანთა შორის ყველაზე პოპულარულები და შესაბამისად საკუთარი გუნდის “გამქაჩველები”, ჩილელი შამანები ყოფილან, რომლებიც დღე და ღამე ცდილობენ მათი გუნდის ჯიგრიდან ავი სულების განდევნას.
სხვათა შორის, ჩილელი შამანები იმითაც გამოირჩევიან, რომ ისინი არამხოლოდ საყვარელი ნაკრების წარმატებისათვის აბოლებენ ათასგვარ ბალახ-ბულახს, არამედ სხვა გუნდების წარუმატებლობასაც შესთხოვენ საშიშ სულებს. ერთ-ერთ ბრაზილიელ შამანს უთქვამს – სუარესის კბილთა ღრჭენა ჩემი დამსახურებაა და სწორედ მე შევულოცე ამ ბიჭს კბენა რომ დაეწყოო. მოკლედ, კაცი არ მოიწყენს ბრაზილიაში...







