რაგბი

18:25 | 2.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

შალვა მამუკაშვილი - ერთადერთი ქართველი ლეგიონერი ინგლისის პრემიერლიგაში

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კვაჭმა შალვა მამუკაშვილმა, ინგლისის პრემიერლიგის “სეილ შარქსთან” ერთწლიანი კონტრაქტი ოფიციალურად გააფორმა. ოთხშაბათს ლონდონში ჩავა და კარგი თამაშით ქართველი მორაგბეებისთვის დიდი ბრიტანეთის ფანჯრის გაჭრას ეცდება.

სარაგბო კლუბ “ყოჩების” აღზრდილი 25 წლის მორაგბე ბოლო დროს თბილისის “არმიაში” თამაშობდა. ზაფხულის პირველ დღეებში მან მშობლიურ კლუბში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო და ბოლნისის “ყოჩების” ღირსება უნდა დაეცვა, მაგრამ ევროპის ერთ-ერთი წამყვანი სარაგბო ჩემპიონატის კლუბიდან შეთავაზება რომ მიიღო, ბევრი აღარ უფიქრია. რადგან ასეთი დონის კლუბზე იყო საუბარი, მას ხელი არც ბოლნისურმა კლუბმა შეუშალა და დიდი ბრიტანეთის ვიზასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების შემდეგ, მამუკაშვილი ოთხშაბათს “სეილ შარქსს” შეუერთდება.

ეროვნულ გუნდში შალვას დებიუტი 2011 წელს, ბუქარესტის “ერთა თასზე” სამხრეთ აფრიკის “ა” ნაკრებთან შედგა და დღემდე 24 ტესტში ორი ლელო (10 ქულა) გაიტანა. მსოფლიო თასის შემდეგ, ის “ბორჯღალოსანთა” ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენ ძალად იქცა და ინგლისის პრემიერლიგაში თამაში მის კლასს კიდევ უფრო აამაღლებს.

“მსოფლიო სპორტი” მამუკაშვილს ბოლნისში, “ყოჩებისა” და ქუთაისის “აიას” შესვენების დროს ესაუბრა:

-  დამიკავშირდა აგენტი, რომელიც მუშაობს ინგლისის პრემიერლიგაში და ჩემპიონშიპში და მითხრა, რომ ჩემთან თანამშრომლობა უნდოდა. ბოლო ერთი წელია შენს სანაკრებო თამაშებს ვაკვირდები და შემოთავაზებები მაქვსო. აღმოჩნდა, რომ “სეილ შარქსს” “ბარბაროსებთან” თამაშში ჰუკერი ტომ ტეილორი დაემტვრა და მის შემცვლელს ეძებდა. ინგლისელებმა ჩემი თამაშების ჩანაწერები ნახეს, გამომიგზავნეს კონტრაქტი და მათთან ერთწლიანი შეთანხმება გავაფორმა.

-  თქვენ უკვე იყავით ინგლისში. რატომ დაბრუნდით?

-  ორი კვირის წინ ინგლისში ჩავედი და იქ ინგლისურის გამოცდა ჩავაბარე. ბრიტანეთის სამუშაო ვიზის მიღება იოლი არაა და ბევრ რამეს ექცევა ყურადღება, მათ შორის ენის ცოდნას. ვიყავი კლუბის ბაზაზე და გუნდთან ერთად ოთხი-ხუთი ვარჯიში ჩავატარე. გავიცანი მწვრთნელები და თანაგუნდელები, გავიარე სამედიცინო შემოწმება. მერე საქართველოში დავბრუნდი, რათა ბრიტანეთის სამუშაო ვიზა ავიღო და ოთხშაბათს ვბრუნდები ლონდონში. 6 სექტემბერს გუნდს პირველი თამაში აქვს და იმ დროისთვის უკვე ადგილზე უნდა ვიყო.

-  რადგან 6 სექტემბრამდე ჩასვლა მოგთხოვეს, პრემიერლიგაში თქვენი დებიუტი ამ დღეს შედგება?

-  არ ვიცი, ეს მწვრთნელების გადასაწყვეტია. ოთხშაბათს ჩავდივარ ლონდონში და თუ მწვრთნელები საჭიროდ ჩათვლიან, მზად ვარ ვითამაშო.

-  “სეილთან” უკვე გივარჯიშიათ და რა სხვაობაა ინგლისურ და ფრანგულ კლუბებს შორის, რომელთა შესახებაც ინფორმაცია “ბორჯღალოსნებისგან” გექნებათ?

-  რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, მზადების პროცესში დიდი სხვაობა არაა და ერთნაირი სისტემაა. მაგრამ ამ ორი ქვეყნის ჩემპიონატებს შორის განსხვავებულია თამაშის ტემპი და სტილი. ვერ იტყვი ასე ხელაღებით, რომ რომელიმე ჩემპიონატი მეორეზე ძლიერია. ტემპი ორივეგან მაღალია და სათამაშოდაც ორივე პირველობა რთულია. ერთი შეხედვით იმის თქმა შეიძლება, რომ ფრანგები უფრო გაშლილ რაგბის ანიჭებენ უპირატესობას, ხოლო ინგლისში მეტია ორთაბრძოლები და უპირატესობა ძალისმიერ თამაშს ენიჭება.

-  წელს რა მიზნებს ისახავს “სეილ შარქსი”?

-  პირადად მე მწვრთნელებთან და ხელმძღვანელობასთან ამ საკითხზე არ მისაუბრა, თუმცა, ალბათ იმაზე უკეთესი შედეგის ჩვენებას ეცდებიან, რაც გასულ სეზონში აჩვენეს. მოგეხსენებათ, მათ გასულ ჩემპიონატში მეექვსე ადგილი დაიკავეს და წელს უფრო მაღალი ადგილის დაკავებას შევეცდებით. არ მგონია წელს მაინცდამაინც ჩემპიონობისთვის ვიბრძოლოთ, მაგრამ პლეი ოფში მოხვედრა სრულიად რეალურად მეჩვენება. ჩემპიონატის გარდა ჩემპიონთა თასზეც ვითამაშებთ და ჯგუფში “სარასენსი”, “მანსტერი” და “კლერმონი” გვეყოლება.

-  ნოემბერში საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მნიშვნელოვანი ტესტ-მატჩები ელის და კლუბიდან გამოშვების მხრივ პრობლემა ხომ არ შეგექმნებათ?

-  არანაირი. ამაზე საუბარიც არ ყოფილა, რომ ნაკრებში გამოშვებაზე რაიმე შეფერხება იქნება და სამივე თამაშზე აუცილებლად ვიქნები. ტონგასთან უნდა მოვსინჯოთ ძალები და შევაფასოთ, როგორ შეიძლება მათთან მსოფლიოზე თამაში. ირლანდია ექვსი ერის გამარჯვებული და უძლიერესი მეტოქეა. თან სტუმრად გვიწევს თამაში და მათთან ძალიან რთული იქნება შედეგის მიღწევა. რაც შეეხება იაპონიას, მათ თბილისში ვმასპინძლობთ, რევანში გვაქვს ასაღები და აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ.

0.142485