ფეხბურთი

20:26 | 25.07.2012 | ნანახია [] - ჯერ

სფფ-ის აღმასკომმა ჩემპიონატის დებულება დაამტკიცა

დღეს, ვაკეში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომა გაიმართა. აღმასკომმა სფფ-ის სადისციპლინო კოდექსი, ეთიკის კოდექსი და რაც მთავარია, საქართველოს 2012-13 წლების, 24-ე ეროვნული ჩემპიონატის დებულება დაამტკიცა. მაშ ასე, წლევანდელ უმაღლეს ლიგაში 12 გუნდი მონაწილეობს:
1.    “ზესტაფონი” ზესტაფონი
2.    “მეტალურგი” რუსთავი
3.    “ტორპედო” ქუთაისი
4.    “დინამო” თბილისი
5.    “დილა” გორი
6.    “კოლხეთი” ფოთი
7.    “ზუგდიდი” ზუგდიდი
8.    “მერანი” მარტვილი
9.    “ჩიხურა” საჩხერე
10.    “დინამო” ბათუმი
11.    “სიონი” ბოლნისი
12.    “ვიტ ჯორჯია” თბილისი
პირველი ეტაპი გაიმართება 2 წრედ (შინ და სტუმრად). გუნდები, რომლებიც პირველ ეტაპზე I-VI ადგილებს დაიკავებენ, მეორე ეტაპზე საპრიზო ადგილებისთვის ორ წრედ (შინ და სტუმრად) გააგრძელებენ ბრძოლას. მათ გადაჰყვებათ პირველი ეტაპის შედეგები (თამაში, მოგება, ფრე, წაგება, გატანილი და მიღებული ბურთების რაოდენობა, ქულები).
VII-XII ადგილებზე გასულები კი, ორ წრედ (შინ და სტუმრად) უმაღლეს ლიგაში დასარჩენად გააგრძელებენ შეჯიბრს. მათაც ყველა მაჩვენებელი გადაჰყვებათ. ბოლო ორ ადგილზე გასულები უმაღლეს ლიგას დატოვებენ.
პირველ ლიგაში 24 გუნდი ითამაშებს:
ა ზონა
1.    “გურია” ლანჩხუთი
2.    “გაგრა” გაგრა
3.    “ჭიათურა” ჭიათურა
4.    “იმერეთი” ხონი
5.    სტუ Yთბილისი
6.    “სქური” წალენჯიხა
7.    “მეშახტე” ტყიბული
8.    “სულორი” ვანი
9.    სასკო თბილისი
10.    “ბეთლემი” ქედა
11.    “დინამო 2” თბილისი
12.    “რაჭა” რაჭა

ბ ზონა
1.    “სპარტაკი” ცხინვალი
2.    “მერცხალი” ოზურგეთი
3.    “კოლხეთი” ხობი
4.    “ჩხერიმელა” ხარაგაული
5.    “სამტრედია” სამტრედია
6.    “სამგურალი” წყალტუბო
7.    “ლოკომოტივი” თბილისი
8.    “ზოოვეტი” მარნეული
9.    “აეტი” სოხუმი
10.    “ადელი” ბათუმი
11.    “შუქურა” ქობულეთი
12.    “ლიახვი” აჩაბეთი
პირველი ლიგის ა და ბ ზონების გათამაშება სამ წრედ ჩატარდება. პირველი ორი წრისთვის კალენდრის შესადგენად მოეწყობა კენჭისყრა, ხოლო მესამე წრის კალენდარი ორი წრის შემდეგ დაკავებული ადგილების შესაბამისად, ბერგერის ცხრილის მიხედვით შედგება. ორივე ზონის პირველადგილოსნები გაისად უმაღლეს ლიგაში ითამაშებენ, ხოლო თითო ბოლო გუნდი მეორე ლიგაში დაქვეითდება.
უმაღლესი ლიგის დუბლიორთა ჩემპიონატი სამ წრედ ჩატარდება. პირველი და მეორე წრის კალენდარი უმაღლესი ლიგის იდენტური იქნება, ხოლო მესამე წრისა - დაკავებული ადგილების შესაბამისად, ბერგერის ცხრილის მიხედვით შედგება.
უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ქულები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა (უმაღლეს ლიგაში ეს პრიორიტეტები პირველი ეტაპის საბოლოო გამოსავლენადაც იმოქმედებს):
- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა, ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
- ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა, თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს).
- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.
უმაღლესი ლიგის კლუბებმა 2012 წლის 1 აგვისტომდე სფფ-ში საწევრო შესატანი – 40 ათასი ლარი უნდა ჩარიცხონ, პირველი ლიგის კლუბებმა – 20 ათასი, დუბლებისთვის საწევრო შესატანი 12 ათასი ლარია. სფფ-ის მიმართ ყველა სახის გადასახადი (დავალიანება) დადგენილ ვადაში უნდა დაიფაროს (საგარანტიო წერილები არ მიიღება). გადაუხდელობის შემთხვევაში, გუნდი მიმდინარე გათამაშებიდან მოიხსნება.
ჩემპიონატი, სავარაუდოდ, 10 აგვისტოს დაიწყება.


სოლომონ გულისაშვილი

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.161212