ფეხბურთი

16:10 | 5.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

საშინაო მატჩები – პირობითი მცნება

გასული ტური ყველაზე უხვგოლიანი გამოდგა სეზონში, 21 გოლი გავიდა და ახლა, მთლიანად, 42 მატჩში 103 ბურთია გატანილი – საშუალოდ, 2,45. წინ კი მერვე ტურია, რომლის ექვსივე შეხვედრა ერთ დროს, 15:00 საათზე დაიწყება. ეს იმიტომ, რომ განათებაზე ვინც ატარებს საშინაო შეხვედრებს, ყველას გასვლა უწევს – "დინამოს", "ზესტაფონსა" და "ტორპედოს".

"სიონი" რუსთავში ეთამაშება თბილისის "დინამოს" და პირდაპირი რეპორტაჟი პირველ არხზე იქნება.

და ერთი თვალის გადავლებით ჩანს სამწუხარო რეალობა: ლანჩხუთელები ქობულეთში თამაშობენ, ბოლნისელები რუსთავში, მარტვილელები სამტრედიაში, საჩხერელები ქუთაისში. არც ზუგდიდი და განმუხურია მაინცდამაინც ახლოს, თუმცა გუნდი შარშანაც იქ ატარებდა თამაშებს. 

"ჩიხურა"  (საჩხერე) – "სპარტაკი" (ცხინვალი)

6 ოქტომბერი. 15:00. ქუთაისი. “ცენტრალური”.

დისკვალიფიცირებული: გიორგი გაბედავა (ჩიხურა), კონსტანტინე ხიზანეიშვილი (სპარტაკი).

მსაჯები: ლ. კვარაცხელია; ზ. ბერულავა, ა. კოკაია; ჯ. ხორავა.

ცხინვალის "სპარტაკმა" ამ მარცხიან სეზონში ერთი მოგება გამოურია, როცა შინ "ზესტაფონს" 1:0 სძლია. ისე ჩანს, რომ გუნდი გამოკვეთილი აუტსაიდერია, თუმცა ნუ დაგვავიწყდება, რომ ჯერ მხოლოდ 7 ტურია გასული. ფავორიტი აშკარად "ჩიხურაა", რომელიც თავდასხმაში შედეგიან თამაშს არ უჩივის, გოლების მესამედი კი, დიმიტრი ტატანაშვილს გაუტანია – 5 ბურთი, 5 სხვადასხვა შეხვედრაში მიითვალა.

საჩხერელებს ევროტურნირებზე გასვლა კვლავაც სწადიათ და ასეთ შეხვედრებში ქულები არ უნდა დაკარგონ.   

"გურია" (ლანჩხუთი) – "დილა" (გორი)M

6 ოქტომბერი. 15:00. ქობულეთი. "ჩელე არენა"

მსაჯები: დ. ხარიტონაშვილი; ლ. თოდრია, ლ. ვარამიშვილი; გ. დოგრაშვილი.

"გურიამ" შინ (შინ პირობითად, რადგან ქობულეთში თამაშობენ) 9 შესაძლებლიდან 9 ქულა აიღო და შესაბამისად, გორის "დილას" იოლი მატჩი არ ელის. გიორგი დევდარიანის გუნდმა ისედაც საკადრის დონეზე ვერ ჩაატარა სექტემბრის მატჩები და ლიდერ "დინამოს" 5 ქულით ჩამორჩება.

გუნდები სხვადასხვაგვარ ხასიათზე შეხვდნენ სეზონს: იმ დროს, როცა "დილა" ევროტურნირებზე თამაშობდა, "გურიას" ბედი გაურკვეველი იყო და დაზუსტებით იმასაც ვერავინ ამბობდა, საერთოდ ითამაშებდა თუ არა გუნდი უმაღლესში. თუმცა, საქართველოს ჩემპიონატი ასეთი უცნაური სპეციფიკისაა – გამოვიდა ეს შეკრებაგაუვლელი გუნდი და "დინამოსაც" კი მოუგო.

"დილას" ფორმაში ჰყავს ირაკლი მოდებაძე, რომელმაც ბოლო 2 თამაშში 3 გოლი გაიტანა.       

"სიონი" (ბოლნისი) – "დინამო" (თბილისი)

6 ოქტომბერი. 15:00. რუსთავი. "ფოლადი"

დისკვალიფიცირებული: უსტარიცი (დინამო)

მსაჯები: ო. ხეცაძე; ზ. ფიფია, ი. უკლება; ლ. სილაგავა.

ბოლნისელებს "ფოლადზე" არჩილ ტვილდიანი და ლაშა პარუნაშვილი დააკლდებათ, რომლებიც "დინამოდან" არიან განათხოვრებულნი. ორივე მათგანი დიდი ძალაა, ისინი საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში გამოდიან და რა თქმა უნდა, "სიონის"  ოპტიმალური თერთმეტეულის წევრებად მოიაზრებიან. თბილისელთა დანაკლისი: ბასკი მცველი უსტარიცი არ იქნება ყვითლების გამო.

"სიონიდან" ბოლო მატჩებში გამორჩეულია კოკა მიკუჩაძე, რომელმაც ზედიზედ ორჯერ გაიტანა ბოლო წუთებზე: ერთხელ მისი გოლი გადამწყვეტი გამოდგა ("ზესტაფონთან" თასზე 1:0), ხოლო ჩემპიონატში "ჩიხურას" 83-ე წუთზე რომ გაუტანა, მოსაგებად საკმარისი ვერ გამოდგა - იმერლებმა ბოლოს გაათანაბრეს.

"დინამოს" რაც შეეხება, გუნდმა ჩემპიონატ-თასიანად, ბოლო 5 შეხვედრაში 20 გოლი მიითვალა, თუმცა ისიც სათქმელია, რომ მხოლოდ ბოლო ჯერზე შეხვდა ასე თუ ისე ძლიერ მეტოქეს – მარტვილის "მერანს". საერთოდ, დინამოელთა ძალა მატყუარაა, რადგან ხშირ შემთხვევაში, მეტოქე წინაამღდეგობას ვერ უწევს და ტყდება. ეს საკმარისია ეროვნული ჩემპიონატის მოსაგებად, ევროპაში კი სულ სხვა სიჩქარეები ირთვება. 

41 მოგება, 4 ფრე, 4 მარცხი, ბურთები 123:22 – ასეთია დინამოელთა უპირატესობა "სიონთან" შეხვედრებში.

“ვიტ ჯორჯია" (თბილისი) – "მეტალურგი" (რუსთავი)

6 ოქტომბერი. 15:00. მცხეთა. "მცხეთა პარკი"

დისკვალიფიცირებული: ლევან კუხალეიშვილი (ვიტ ჯორჯია), დავით კირკიტაძე (მეტალურგი).

მსაჯები: ა. ბასლეჰლო; ზ. მენთეშაშვილი, ბ. ჭიჭინაძე; გ. ვადაჭკორია.

"ვიტ ჯორჯიამ" სეზონი კარგად დაიწყო, თუმცა ბოლო ტურებში ქულის აღებაც კი ძალიან უჭირს. თავის მხრივ, ვერც "მეტალურგი" გამოიყურება ძლიერად, უფრო მეტს ველოდით ამ გუნდისგან. ვიტელთა წამყვანი ფეხბურთელი გიორგი ჯანელიძეა (არა მხოლოდ ამ სეზონში) და მისგან ყველაზე მეტ საფრთხეს უნდა ელოდონ რუსთაველები. ფაქტობრივად, ჯანელიძე წარმართავს "ვიტ ჯორჯიას" შეტევებს.

იყო დრო, ამ გუნდების შეხვედრას საჩემპიონო დატვირთვა ჰქონდა, თუმცა მას შემდეგ რამდენიმე წელიწადი გავიდა. 

 

 "მერანი" (მარტვილი) – "ტორპედო" (ქუთაისი)

6 ოქტომბერი. 15:00. სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე"

მსაჯები: თ. გვანცელაძე; დ. ჩიგოგიძე, ზვ. ერქვანია; ა. კრიჭაშვილი.

ეს გუნდები 6-ჯერ შეხვედრიან უმაღლეს ლიგაში და თანაფარდობაა – 3-3 მოგება. თანაც, შინ იგებენ, გასვლას აგებენ. "ტორპედო" ერთადერთი კლუბია, რომელსაც სეზონში ჯერ არ წაუგია და საერთოდაც, ყველაზე ნაკლები გოლი აქვს გაშვებული. არადა, გეხსომებათ, რა ვაი-ვიში ატყდა სეზონის წინ, ამ "საბავშვო ბაღს" უმაღლესში დარჩენა გაუჭირდებაო. სხვა სურათს ვხედავთ, განსაკუთრებით შთამბეჭდავი კი, გასულ ტურში "ვიტ ჯორჯიას" დამარცხება იყო – 4:1.  

"მერანსაც" მხოლოდ ქება ეკუთვნის. გუნდი სწრაფ, აგრესიულ ფეხბურთს თამაშობს და ეს დამტკიცდა თუნდაც "დინამოსთან" 2:4 წაგებულ შეხვედრაში. ბევრი გუნდი დინამოელებთან ჩამორჩენისას "თეთრ პირსახოცს აგდებს", მალხაზ ჟვანიას გუნდმა კი ბოლომდე იბრძოლა.

მაგრამ დიდი ალბათობით, ჟვანია მალე წავა "მერანიდან": მან თქვა, ჩემი მომავალი კლუბის სახელს 6 ოქტომბერს გაიგებთო და დავუცადოთ. ისე, ცოტა არ იყოს, ძნელი წარმოსადგენია "მერანი" ჟვანიას გარეშე.  

"ზუგდიდი" – "ზესტაფონი"

6 ოქტომბერი. 15:00. განმუხური. "ცენრალური"

დისკვალიფიცირებული: ირაკლი ქობალია (ზესტაფონი).

მსაჯები: მ. ბეუქლიშვილი; გ. ჩიგოგიძე, ი. კაკაბაძე; გ. კიკაჩეიშვილი. 

ორივე გუნდი ცხრილის ქვედა ნაწილშია. "ზუგდიდისგან" ექვსეულში გასვლას არც ელოდნენ, აი, "ზესტაფონი" კი სხვაა. ალბათ, დიდად მოქმედებს ის ფაქტი, რომ გუნდი გვიან შეიკრიბა და რამდენიმე ფეხბურთელი, სულაც, ჩემპიონატის დაწყების შემდეგ დაიმატა. ყოველ შემთხვევაში, მწვრთნელმა რატკო დოსტანიჩმა ეს პრობლემა ახსენა.

"ზესტაფონს" კიდევ უფრო გაუჭირდება ექს-ზუგდიდელი ირაკლი ქობალიას (დისკვალიფიცირებულია) გარეშე. იმერელთა 6 გოლიდან, 4 ქობალიას ანგარიშზეა.

"ზესტაფონს" აშკარა უპირატესობა აქვს ურთიერთშეხვედრებში: 17 მოგება, 3 ფრე, 1 წაგება, ბურთები 42:9.    

 

ბომბარდირები: 5 – ირაკლი მოდებაძე (დილა), დიმიტრი ტატანაშვილი (ჩიხურა); 4 – ირაკლი ქობალია (ზესტაფონი); 3 – ლადო ახალაია (სიონი), გრიგოლ დოლიძე (დილა), დორინ გოგა (დინამო), თორნიკე კაპანაძე (ტორპედო). 

 

1.     დინამო                                7              5             1           1            15:6            16         
2. ტორედო 7 4 3 0 10:4 15
3. ჩიხურა 7 4 1 2 15:10 13
4. მერანი 7 4 0 3 11:11 12
5. დილა 7 3 2 2 10:8 11
6. მეტალურგი 7 3 2 2 7:9 11
7. გურია 7 3 0 4 6:9 9
8. სიონი 7 2 2 3 9:9 8
9. ვიტ ჯორჯია 7 2 2 3 8:9 8
10. ზესტაფონი 7 2 1 4 6:7 7
11. ზუგდიდი 7 1 2 4 3:10 5
12. სპარტაკი                    7 1 0 6 3:11 3

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.200227