ძიუდო

21:32 | 24.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

საქართველომ მსუბუქი ვერცხლით დაიწყო

საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში დღეს დაწყებულ ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე უკვე მედლების 5 კომპლექტი გათამაშდა, 2 მამაკაცებში, 3 – ქალებში. საქართველოს დროშის ქვეშ კი ფრანგულ ტატამზე ჯერ მხოლოდ ერთი ძიუდოისტი გავიდა და გუნდს პირველი მედალიც მოუპოვა - 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ამირან პაპინაშვილმა შარშანდელ ევროპირველობაზე მოპოვებულ ოქროს ამჯერად ვერცხლი მიამატა.

ქართველი მსუბუქწონოსანი პირველ ნომრად იყო განთესილი და ფინალამდე ისე მივიდა, თეთრი კიმონო არ გაუხდია. ტიტულის შენარჩუნებამდე კი რუსეთის ნაკრების წევრ ბესლან მუდრანოვის ძლევა დააკლდა. ქართულ-რუსული დაპირისპირების ძირითადი ხუთი წუთი უქულოდ გაილია და მსაჯმა ორივე სპორტსმენი ორ-ორჯერ გააფრთხილა. ოქროს დროში კი პირველსავე წუთზე შიდოთი პაპინაშვილი დასაჯა და ბრძოლა შეწყვიტა.

ფინალამდე საქართველოს ნაკრების უმსუბუქესმა წევრმა ოთხი შეხვედრა მოიგო. პირველ წრეში ფინელი ვადუდ ბალატხანოვი 4 წუთსა და 16 წამში უილეთოდ, 4 გაფრთხილებით ჩამოიშორა. საფრანგეთის ნაკრების დებიუტანტ ვინსენტ ლიმართან გაცილებით დაძაბული შეხვედრა გადახდა. საწყისი სამი წუთის განმავლობაში მეტოქეს აქტიურობით აჯობა, მაგრამ მსაჯმა ევროპირველობის მასპინძლისთვის მხოლოდ ერთი გაფრთხილება გაიმეტა. მეოთხე წუთზე სულაც პაპინაშვილის ორი გდება დატოვა უყურადღებოდ. პირველ შემთხვევაში მსაჯთა მაგიდაც დაეთანხმა, მეორედ კი ილეთი იუკოდ შეაფასეს. ბოლო წუთზე კი ფრანგი ძიუდოისტი შეტევაში გააქტიურდა, ხოლო მსაჯი ამირანისთვის შიდოების დარიგებით, მაგრამ მხოლოდ ოთხი გაფრთხილებისთვის დრო არ ეყო.

ქართველი მსუბუქწონოსანი მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ევროპის ორგზის და მსოფლიოს პრიზიორს, სომეხ ჰოვანეს დავთიანს ორწუთნახევარში ორჯერ შეუსრულა ვაზარი. ნახევარფინალში აზერბაიჯანელ ილგარ მუშკიევთან გაცილებით მძიმედ დაიწყო - ჯერ გაფრთხილებით ჩამორჩა, შემდეგ კი იუკოზეც დავარდა. შეხვედრის სათავისოდ შესატრიალებლად ამირანმა მოწინააღმდეგეს აქტიურად შეუტია და მართალია გდება არ შეუსრულებია, მაგრამ საბედისწერო შეცდომა კი დააშვებინა – მუშკიევმა კონტრშეტევა ფეხიდან წამოიწყო და უმალ მოხსნეს.

აზერბაიჯანელმა ძიუდოისტმა მოგვიანებით პოდიუმის მესამე საფეხური დაიკავა სომეხ ჰოვანეს დავთიანთან ერთად.

დღესვე ფრანგულ ტატამზე 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე მამაკაცებიც გავიდნენ. სატურნირო ბადე საქართველოს ნაკრების წევრის გარეშე შეივსო, რადგან ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ ამ წონაში განაცხადში არავინ შეიყვანა.

ფინალში ერთმანეთს ფრანგები: დავიდ ლაროში და ლუის კორვალი დაუპირისპირდნენ და ამ უკანასკნელმა იმარჯვა. მესამე საპრიზო ადგილები კი რუსმა მიხაილ პულიაევმა და ბელარუსმა დმიტრი შერშანმა დაიკავეს.

ხვალ მამაკაცებში 73 და 81 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდება მედლები და საქმეში საქართველოს ნაკრების წევრები ზებედა რეხვიაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი (ორივე 73 კგ) და ავთანდილ ჭრიკიშვილი (81 კგ) ჩაერთვებიან.

73 კილოგრამში მოჭიდავე ქართველები სატურნირო ბადეში ერთ მხარეს მოხვდნენ და მათი გზები ერთმანეთს ნახევარფინალში კვეთს, ოღონდ იქამდე სამ-სამი შეხვედრა უნდა მოიგონ. რეხვიაშვილი ევროპირველობას ჩეხ იაკუბ იეჩმინეკთან შეხვედრით გახსნის. ტატალაშვილს კი საწყის ეტაპზე შედარებით ძლიერი მეტოქე ერგო რუსეთის ნაკრების წევრ მუსა მოგუშკოვის სახით.

ევროპის მოქმედი ჩემპიონი და მსოფლიო რეიტინგსიის ლიდერი ავთანდილ ჭრიკიშვილი მონპელიეში პირველ ნომრადაა განთესილი და ევროპირველობაში მეორე წრიდან ჩაერთვება, გერმანელ ალექსანდერ ვიეზერზაკთან ჭიდაობით.

 

ძიუდო

ევროპის ჩემპიონატი

მონპელიე

24 აპრილი

 

60 კგ

1 ბესლან მუდრანოვი (რუსეთი)

2 ამირან პაპინაშვილი (საქართველო)

3 ილგარ მუშკიევი (აზერბაიჯანი)

3 ჰოვანეს დავთიანი (სომხეთი)

 

66 კგ

1 ლუის კორვალი (საფრანგეთი)

2 დავიდ ლაროში (საფრანგეთი)

3 დმიტრი შერშანი (ბელარუსი)

3 მიხაილ პულიაევი (რუსეთი)

  

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.225246