სხვა

21:48 | 18.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო 2014: დასავლეთ ლიგაში ოთხეული ცნობილია

17 აგვისტოს, სპორტული ფესტივალი „საქართველო 2014“-ის ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებებს კვლავ ზესტაფონმა უმასპინძლა. ამჯერად ზესტაფონის სპორტის სასხლეში გამართულ საფესტივალო შეჯიბრებებში მონაწილეობა გორელმა და ამბროლაულელმა მოყვარულმა სპორტსმენებმა მიიღეს. დღის ბოლოს კი, მინი- ფეხბურთში საქართველოს ჩემპიონატის დასავლეთის ლიგის, წრიული ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრები გაიმართა და გაირკვა იმ ოთხი გუნდის ვინაობა, რომლებიც პლეიოფში ითამაშებენ.

საფესტივალო დღე, ტრადიციულად სამოყვარულო ხელბურთით და მაგიდის ჩოგბურთით დაიწყო. გორელ მოყვარულებთან ერთად შეჯიბრებაში ადგილობრივი გუნდებიც ჩაერთვნენ. შიდა ქართლური გუნდებიდან ჩემპიონის ტიტული „ოსტატებმა“ მოიპოვეს, რომლებიც საბოლოოდ ორი ქალაქის ფინალში ზესტაფონელ „ქორებს“ დაუპირისპირდნენ და მათი ძლევაც მოახერხეს. სამახსოვრო საჩუქრებით ნახევარფინალში გასული ოთხივე გუნდი დაჯილდოვდა, ხოლო ჩემპიონის თასები ფინალისტებს გადაეცათ.

რაც შეეხება მაგიდის ჩოგბურთს, აქ პირველობა არავის დაუთმო რაჭველმა დავით სხირტლაძემ, რომელმაც ორიგინალური თამაშის სტილით დაამხსოვრა გულშემატკივრებს თავი. იგი ფინალში გორელ, ლაშა მოციქულაშვილს დაუპირისპირდა და ორ სეტში, პირწმინდად დაჯაბნა. სამახსოვრო პრიზების გარეშე არც აქ დარჩენილან ნახევარფინალში გასული სპორტსმენები, ფინალსიტებს კი, როგორც ორი რეგიონის წარმომადგენლებს, ჩემპიონის თასები გადაეცათ.

დღის საფეხბურთო დასასრული კი საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა. მიუხედავად გაუსაძლისი სიცხისა, გუნდებმა თავი არ დაზოგეს და წრიული ეტაპი ღირსეულად დაასრულეს. ბოლო, VII ტურის მთავარი ინტრიგა, პლეი ოფში გამსვლელი მეოთხე გუნდის გარკვევა იყო, რისთვისაც ერთბაშად სამი გუნდი იბრძოდა. ამის გარდა უნდა გარკვეულიყო თუ რომელ ადგილებზე დაასრულებდნენ საპლეიოფო ოთხეულში გუნდები ასპარეზობას.

პირველ შეხვედრაში ერთმანეთს, ორი აუტსაიდერი, მფკ ზესტაფონი და „კრედო-ქუთაისი“ დაუპირისპირდნენ. თამაში საკმაოდ უხვგოლიანი გამოდგა და იგი „კრედოს“ გამარჯვებით, 6:5 დასრულდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ბოლო ადგილი ზესტაფონელებს „ხვდათ წილად“.

ამის შემდეგ პარკეტზე, „ჯორჯიან მანგანეზ-ჭიათურისა“ და სამტრედიის გუნდები გავიდნენ. თუკი სამტრედიელებს მხოლოდ ოთხეულში დასაკავებელი ადგილი უნდა გაერკვიათ, ჭიათურელებს პლეი ოფში გასვლისთვის ბოლომდე უნდა ებრძოლათ. დასაწყისი მათთვის საკმაოდ კარგი გამოდგა და პირველი ტაიმი, მათი გამარჯვებით, 2-0 დასრულდა, თუმცე მეორე ნახევარში, შესუსტებული შემადგენლობით მოთამაშე სამტრედიელებმა მოახერხეს სადავეების ხელში აღება და საბოლოო გამარჯვებაც მოიპოვეს, 3:2.

„GM ჭიათურა“ ოთხეულს მიღმა დარჩა, ხოლო მფკ სამტრედია მეორე ადგილს დასჯერდა, ვინაიდან კვლავ ბრწყინვალედ ითამაშა ბათუმის „ბათუმმა“, რომელმაც იმ მომენტისათვის მეოთხე ადგილზე მყოფი მფკ ოზურგეთი, 7:2 გაანადგურა და სატურნირო ცხრილში დამსახურებული პირველი ადგილიც დაიკავა, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთ საპლეიოფო რაუნდს სწორედ ბათუმი უმასპინძლებს. აღსანიშნავია, რომ გუნდი „ბათუმი“, რომელიც ორ უმსხვილეს ორგანიზაციას, ბათუმის საზღვაო ნავსადგურსა და ბათუმის ნავთობტერმინალს წარმოადგენს, ერთადერთია ჩემპიონატის მონაწილე 16 გუნდს შორის, რომელსაც წაგება არ აქვს.

დაფიქსირებული შედეგებიდან გამომდინარე, ბოლო შეხვედრაში წარმატება,  ოთხეულის საგზურს უნაღდებდა.  მეგრელებმა ბრწყინვალე სტილში მოახერხეს, “ბათუმის წყალის“ დამარცხება 3:1, მოიპოვეს ზედიზედ მესამე გამარჯვება და ოზურგეთის მსგავსად 10 ქულა დააგროვეს, თუმცა უკეთესის ბურთების სხვაობით მეოთხე ადგილზე სწორედ ისინი გავიდნენ. რაც შეეხება აჭარლებს, ისინი ცხრილში მესამე ადგილს დასჯერდნენ.

ამრიგად დასავლეთის ლიგიდან პლეი ოფში იასპარეზებენ: ბათუმის „ბათუმი“, მფკ სამტრედია, „ბათუმის წყალი“ და ზუგდიდის „ლაზიკა“.

 

17.08.2014. ზესტაფონი. საქართველოს ჩემპიონატი მინი ფეხბურთში. დასავლეთის ლიგა. VII ტური. (სპორტის სასახლე)

მფკ ზესტაფონი - კრედო-ქუთაისი 5-6

გოლები: მერკვილაძე (2), გ.სულაქველიძე (2), ხუჯაძე (1) - ზ.ცერცვაძე (1), ჩიხრაძე (2), ხლაბუსტოვი (1), ალიხანოვი (2)

მფკ სამტრედია - GM-ჭიათურა 3-2

გოლები: შველიძე (3) - რობაქიძე (1), შუბითიძე (1)

მფკ ოზურგეთი - ბათუმი (ბათუმი) 2-7

გოლები: მეგრელაძე (1), ნაკაიძე (1) - შამილაძე (4), გოგუაძე (2), გ.აბაშიძე (1)

ლაზიკა(ზუგდიდი) - ბათუმის წყალი (ბათუმი) 3-1

გოლები: გუჯეჯიანი (1), გულუა (2) - ნადარაია (1)

ამრიგად, წლევანდელი ფესტივალის ფარგლებში დასავლეთ საქართველოში შეჯიბრებები სამოყვარულო ხელბურთში და მაგიდის ჩოგბურთში ბოლოჯერ ჩატარდა. რაც შეეხება მინი ფეხბურთს, პლეიოფის ერთ რაუნდს და ოთხტა ფინალს სწორედ ბათუმი მიიღებს.

23 აგვისტოს, ბორჯომში  აღმოსავლეთ საქართველო უმასპინძლებს დასკვნით საფესტივალო ღონისძიებებს, სადაც ბოლო ტურის შეხვედრებს აღმოსავლეთის ლიგის გუნდები გამართავენ, რის შემდეგაც გაირკვევა იმ ოთხი გუნდის ვინაობა, რომლებიც დასავლეთის ოთხეულს, ოთხთა ფინალში მოსახვედრად დაუპირისპირდება, რომელიც 26-28 სექტემბერს ქალაქ ბათუმში ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ფესტივალი, რომელიც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივით და მხარდაჭერით და ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“ ორგანიზებით იმართება, სადებიუტო წელს, სპორტის სამ სახეობას აერთიანებს, ესენია: მინი-ფეხბურთი, მაგიდის ჩოგბურთი  და სამოყვარულო ხელბურთი და მიზნად ისახავს საქართველოში სამოყვარულო სპორტის განვითარებას და მასობრიობის ზრდას. ამ პროექტის მეშვეობით, სპორტის სხვადასხვა სახეობებში ფართო მასების, მოყვარული სპორტსმენების ჩართულობამ, ხელი უნდა შეუწყობს ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და მის პოპულარიზაციას.

 

ფესტივალის პრესსამსახური

0.261287