ბლოგი

11:17 | 8.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

საოცნებო ადგილი

 

ერთი ძალიან კარგი ადგილი ვიცი, სადაც სულ სიმშვიდეა, არ არიან პოლიტიკურად ანგაჟირებული სამარცხვინო ხალხი, არ მოისმენთ ჭორებს, ფანატიკურ ბოდვებს, არ აჩვენებენ თურქულ სერიალებს და თოქ-შოუებს, არ არსებობენ ყველაფერში ცხვირის ჩამყოფი ადამიანები, არავინ გაძალებთ სადმე წასვლას და ვინმეს მხარდაჭერას, არავინ გატენით თვალებში რომელიმე ცნობილი საფეხბურთო კლუბის დროშას, არ გაჭმევენ მჟავე და მყრალ ხინკალს და რაც ყველაზე მთავარია – ტელევიზორი მხოლოდ და მხოლოდ ფეხბურთს აჩვენებს! აი, ამ დიდებულ ადგილზე გეპატიჟებით ბრაზილიაში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონტის დროს. გეპატიჟებით ყველას განურჩევლად სქესისა, კანის ფერისა და აღმსარებლობისა. განურჩევლად საყვარელი გუნდისა და მწვრთნელისა. განურჩევლად ღვარძლიანობისა და კეთილშობილებისა.  

ვისაც რა გექნებათ ის წამოიღეთ: ლუდი, მიწის თხილი, ნატურალური სასმელი... ვისაც როგორც გინდათ და როცა გინდათ მაშინ მოდით. გოგონებმა ჩაიცვით ისე, რომ ტელევიზორში ფეხბურთს ვუყუროთ და არა თქვენს მუხლისთავებს. ილაპარაკეთ იმდენი, რომ კომენტატორების ხმა არ გადაფაროთ და ერთი მთავარი პირობაა – იქ მაინც ნუ ახსენეთ ჩვენი ქვეყნის ტანჯულ საფეხბურთო ნაკრებს! ნუ ახსენებთ ნურც მაშინ, როდესაც კარგის თქმას დააპირებთ და მით უმეტეს მაშინ, როდესაც პირზე რაიმე მყრალი სიტყვა მოგადგებათ. თუკი ამ პირობას დაარღვევთ, გაძევებულნი იქნებით იმ დიადი ადგილიდან და არასოდეს დაიშვებით უკუნისამდე!

მე დაგხვდებით მუდმივად გაღიმებული. მაყალზე მუდმივად იშიშხინებს მწვადი, კარადაში ყოველთვის დაგვხვდებათ პური, ყველი და პომიდორი და ქვევრში არასოდეს გამოილევა ღვინო. ყველას დაგირიგებთ: 1. იმ ნაკრებთა ემბლემას, რომელსაც ქომაგობთ 2. თქვენი საყვარელი გუნდის კაპიტნების შავ-თეთრ ფოტოებს 3. ფურცელზე ამობეჭდილ და ქართულად ნათარგმნ იმ ქვეყნის ჰიმნებს, რომლებსაც თქვენ მოისურვებთ.   

სასტიკად ვკრძალავ რუსული არყისა და თევზის შემოტანას, რუსეთის ნაკრების ქებას მაშინაც კი, როდესაც კარგად ითამაშებენ, კამათს იმაზე, რონალდუ უფრო მაგარია თუ მესი, რომელიმე გუნდის გინებას მხოლოდ იმიტომ რომ არ მოგწონთ (გარდა რუსეთისა), სიგარეტის მოწევას ღვინის თანხლებით, ქართველი კომენტატორების წყევლა-კრულვას, პოლიტიკაზე საუბარს (დაშვებულია მხოლოდ რუსეთის გინება), მობილური ტელეფონის ჩართვას ფეხბურთის დროს და  ხვევნა-კოცნას გოლის არგასვლის მომენტში.

შეგიძლიათ წამოიყვანოთ: მეგობრები, ცოლ-შვილი, ახლობლები, მოკეთეები, უბრალოდ ნაცნობები და ზოგადად ის ხალხი, ვისთვისაც 2014 წლის ზაფხული ერთ ჩვეულებრივ თბილისურ, ბათუმურ, თელავიურ თუ ქუთაისურ ზაფხულზე ბევრად მეტია. შეგიძლიათ წამოიყვანოთ ისეთი ხალხიც, რომლებიც ახლა იწყებენ ფეხბურთით ”მოწამვლას” და გულრწფელად სურთ, რომ ჩვენსავით გადარეულად ჩათვალონ მათ, ვისაც თავი დალაგებული და წესიერი ჰგონიათ მხოლოდ იმიტომ, რომ ფეხბურთი არაფრად უღირთ.

ეს ყველაფერი ხომ კარგია და კარგი, მაგრამ ერთი მთავარი პრობლემაა და ამის გადაჭრა მიჭირს ყველაზე ძალიან. ადგილი, რომელზეც აგერ ამდენი სტრიქონია გესაუბრებით, სამწუხაროდ მხოლოდ ჩემს სიზმრებში არსებობს და ეს სიზმრები მაშინ მესიზმრება, როდესაც ფეხბურთის ცქერის გამო ღამეს ვტეხავ და დაღლილობისგან სული მეკვრება ხოლმე. სიზმარში ეს ადგილი ძალიან რეალურია და შემიძლია დავიფიცო, რომ არსებობს! კონკრეტულად დღეს თუ არ არსებობს და არც ეგაა პრობლემა! აგერ არ ვართ ჩვენ? ჰოდა, ჩვენ შევქმნათ ეს დიადი, წყნარი და ჭეშმარიტად საფეხბურთო ადგილი. ვითომ რატომ ვერ შევქმნით? ჩვენც ხომ გვაქვს დიდი სიხარულის უფლება?! 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096954