კალათბურთი

0:10 | 1.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

სანიკიძემ “უნიქსთან” ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა

ქართველი კალათბურთელი ვიქტორ სანიკიძე ყაზანის “უნიქსში” ოფიციალურად ჩაირიცხა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული კლუბის ვებ-გვერდი ავრცელებს. მის თანახმად, ქართველმა ფორვარდმა “უნიქსთან” ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

შეგახსენებთ, რომ სანიკიძემ გასული სეზონი ესპანურ “სარაგოსაში” გაატარა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ, ყაზანელთა მაისურით კი რუსეთის თასზე, ვთბ-ლიგაში და ევროლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.

ქართველი კალათბურთელის ტრანსფერის შესახებ კომენტარი გააკეთა “უნიქსის” ვიცე-პრეზიდენტმა ოლგა ახსანოვამ.

“სანიკიძის კანდიდატურა გუნდის მწვრთნელმა არგირის პედულაკისმა შემოგვთავაზა. ვიქტორი კარგი მოთამაშეა და იმედი გვაქვს გუნდთან შეწყობას შესძლებს. ამ საკითხში ჩვენს მწვრთნელს უნდა ვენდოთ.

ერთადერთი, რაც სანიკიძესთან დაკავშირებით მაწუხებს, ისაა, რომ უახლოეს პერიოდში, მას კაიმაკოღლუს, ზისისის და რუსი ბიჭების დარად, ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპზე სანაკრებო თამაშები ელის. ვიქტორი “უნიქსს” აგვისტოს ბოლოს შეუერთდება, არადა, გუნდის პირველი შეკრება 11 აგვისტოდანაა დაგეგმილი.

იმ დროისთვის გუნდში მხოლოდ 5 კალათბურთელი იქნება – ბიკოვი, გუბანოვი, პანინი, ლენგფორდი და ჯერელსი, რაც ძალიან ცოტაა. ახლა, ცენტრის ძიებაში ვართ და სელექციისას, აუცილებლად გავითვალივისწინებთ, იგი სანაკრებო ბატალიებში ჩართული იქნება თუ არა”.

0.137509