ფეხბურთი

12:25 | 2.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო კობახიძე: “დადგა დრო დადებითი შედეგი ვაჩვენოთ”

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა სანდრო კობახიძემ “მსოფლიო სპორტთან” საუბარში განაცხადა, რომ დროა გუნდმა დადებითი შედეგი აჩვენოს.

სანდრო კობახიძე: “ძალიან მნიშვნელოვანია პირველ თამაშში როგორი შედეგი გვექნება. ირლანდია ძალიან ძლიერი გუნდია. თუმცა, მასთან თამაში და 3 ქულის აღება შეიძლება. ყოველ შესარჩევ ციკლს კარგი განწყობით ვხვდებოდით, მაგრამ შედეგი ნაკლებად გვქონდა. მოვიდა დრო დადებითი შედეგი ვაჩვენოთ. ამისთვის კარგი სტარტი მნიშვნელოვანი იქნება”.

- უკრაინის პრემიერლიგის განვლილი ტური რატომ გამოტოვეთ?

- მარჯვენა ფეხის კუნთმა შემაწუხა და თამაში აღარ გავრისკე.

- განვლილ სეზონში “დნიპროს” რიგებში საერთო ჯამში 48 წუთი ითამაშეთ. ლუცკის “ვოლინში” მუდმივი სათამაშო პრაქტიკა გაქვთ და შესაბამისად უკეთეს ფორმაში უნდა იყოთ...

- ფიზიკურად თავს კარგად ვგრძნობ. რამდენად კარგ ფორმაში ვარ, მოედანზე გამოჩნდება. რაც არ უნდა კარგად ვარჯიშობდე, სათამაშო პრაქტიკა მთავარია. “ვოლინში” თითქმის ყველა მატჩში 90 წუთი ვითამაშე, ბოლო შეხვედრას თუ არ ჩავთვლით.

- ახალ გუნდს როგორ შეეწყვეთ?

- კარგად შევეწყვე. პროფესიონალი ფეხბურთელი ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს. რა თქმა უნდა, იჯარით აქეთ-იქით სიარული მთლად კარგი არაა, მაგრამ უთამაშებლობას ნამდვილად სჯობს.

- “ვოლინის” მთავარი მწვრთნელი მოედანზე უშუალოდ რას გავალებთ?

- “ვოლინში” ერთი მატჩი თავდამსხმელადაც ვითამაშე. თუმცა, უფრო კომფორტულად თავს ნახევარდაცვის ფლანგებზე ვგრძნობ. კარგია, რომ მთავარი მწვრთნელი გუნდს შემტევი ფეხბურთის თამაშს თხოვს. ამასთანავე, ფეხბურთელებს ავალებს, რომ თავისი ინდივიდუალური თვისებები მაქსიმალურად წარმოაჩინონ.

- ლუცკელებთან საიჯარო ხელშეკრულება მიმდინარე წლის დეკემბრამდე გაქვთ. მისი ამოწურვის შემდეგ რას აპირებთ?

- რა თქმა უნდა, უკეთეს გუნდში თამაში სჯობს. თუმცა, არც ისაა პრობლემა თუ “ვოლინში” დავრჩები. მთავარია ვითამაშო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117081