საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო კომიტეტის მიერ მსაჯების “მობილიზაცია” პრაქტიკულად დასრულებულია. როგორც კომიტეტის ხელმძღვანელმა სერგო კვარაცხელიამ “მსოფლიო სპორტს” განუცხადა, უკვე დამთავრდა რეგიონული ფედერაციებიდან მსაჯთა დამკვირვებელთა და მოქმედ მსაჯთა წარდგინებების გაკეთება. წლეულს პირველად იყო, რომ შესაბამის სტრუქტურებში დასაქმების მსურველს, ჯანმრთელობისა და ნასამართლეობის ცნობასთან ერთად, ნარკოლოგიური შემოწმების ცნობაც უნდა წარმოედგინა. ასე რომ, თუ შესაბამისი სამსახურების მიერ გაცემულ ცნობებს ენდობა კაცი, არც მსაჯი გვეყოლება ნარკოლოგიურ თრობაში მყოფი და არც მასზე დამკვირვებელი (თუ უშუალოდ მატჩის დროს გაუჩნდა ვინმეს ეჭვი, მაშინ რა და როგორ იქნება, უცნობია. ყველა მსაჯი და დამკვირვებელი ხომ არაა მძღოლი, რომ მათ სიფხიზლეში საგზაო პატრულივით შეიტანოს ვინმემ ეჭვი).
სერგო კვარაცხელიასთან “მსოფლიო სპორტის” ინტერვიუ უახლოეს ტესტირებებს შეეხო.
- სულ რამდენ მსაჯს ელით ნორმატივების ჩაბარებაზე და როდის ჩატარდება იგი?
- ჩვენ რაოდენობაში არავინ შეგვიზღუდავს. მთავარი იქნება, ვინ როგორ გაივლის ფიზიკური მომზადების ტესტებს. 26 იანვარს ველით მათ და ძირითადად, უმაღლესი ლიგის მატჩების მომსახურე მსაჯებისთვის, მეორე დღიდან ურეკში, კერძოდ კი სასტუმრო “კოლხეთში”, დაიწყება ერთკვირიანი შეკრება, სადაც მონაწილეთა რაოდენობა უკვე შეზღუდულია - იქ მხოლოდ 40 მსაჯს ჩაუტარდება სემინარები.
ამ შეკრებას, მსაჯთა ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ლევან ფანიაშვილი უთავკაცებს. მასთან ერთად, ადმინისტრაციის კიდევ ორი წევრი - მერაბ მალაღურაძე და ავთანდილ შალამბერიძე იქნებიან. მას შემდეგ, რაც შეკრება დამთავრდება, კომიტეტი განიხილავს თეორიული და პრაქტიკული მზადების დონეს და იმის მიხედვით ვიხელმძღვანელებთ უშუალოდ თამაშებზე დანიშვნის დროს. აუცილებლად მოხდება მთავარი არბიტრებისა და ასისტენტების დიფერენციაცია, კლასიფიკაციის მიხედვით.
- ზღვრული ასაკის გამო, ან საკუთარი სურვილით ხომ არ უთქვამს ვინმეს მსაჯობაზე უარი?
- 45 წელი ჯერ არავის შესრულებია, მაგრამ წლეულს უსრულდებათ გიორგი კიკაჩეიშვილს და პაატა დოგრაშვილს. მათ უფლება აქვთ 2010 წლის ბოლომდე იმსაჯონ. ვიცით, რომ თუ მსაჯი ამ ასაკს გადასცდება, მას საერთაშორისო მატჩებში მსაჯობის უფლება არ აქვს, მაგრამ სამსაჯო კომიტეტის გადაწყვეტილებით, ეროვნულ ჩემპიონატში 47 წლამდე გააგრძელებენ მსაჯობას.
- ნებისმიერი მსაჯი?
- ვინც ტესტირებას გაივლის და მისი შედეგების მიხედვით იქნება მსაჯობის ღირსი.
- ურეკის შეკრებას რა დანიშნულება აქვს?
- ეს იქნება უკვე ტესტირებაგავლილი მსაჯების მოსამზადებელი შეკრება. შესაძლოა, ყველას “10”-ანზე ვერ ჰქონდეს ჩაბარებული კუპერის ტესტი, მაგრამ “3”-ანზე ჩამბარებელსაც მიეცემა იმის შანსი, შეკრებაზე დახვეწოს მონაცემები და მომზადებული შეხვდეს ეროვნულ გათამაშებას.
- ფედერაცია მხოლოდ ამ ერთი შეკრებით შემოიფარგლება?
- რა თქმა უნდა, არა. პირველი ლიგის ტურნირი 28 თებერვალს იწყება და როგორც მასზე, ისე დუბლშემადგენლობათა ჩემპიონატზე მუშაობის მსურველთათვის, ცოტა მოგვიანებით, კიდევ ერთი შეკრება ჩატარდება.
ფრიდონ კერვალიშვილი







