1953 წლის 29 მაისი, 11:30 საათი. დედამიწის უმაღლესი მწვერვალი ჯომოლუნგმა პირველად დანებდა ადამიანს - IX ბრიტანული ექსპედიციის ახალზელანდიელმა წევრმა ედმუნდ ჰილარიმ და შერპა თენზინგ ნორგეიმ მსოფლიოს „სახურავიდან“ - 8848 მეტრიდან გადმოხედეს!
მოგვიანებით, მშვიდობით დაბრუნების შემდეგ, ინგლისელ ჟურნალისტს, კითხვაზე თუ რა განიცადა მწვერვალზე შედგომისას, ედმუნდ ჰილარი ეტყვის: „როგორ გითხრათ, ეს იყო უდიდესი შვება. იმ წამს მხოლოდ ის მიხაროდა, რომ აღარ მჭირდებოდა ზევით სვლა და ყინულში საფეხურების გაჭრა. მანამდე არაერთხელ გვეგონა, რომ პიკს ვუწიეთ, მაგრამ ყოველ ჯერზე ჩვენს წინ თოვლის ახალი მასა წამოიმართებოდა და ეს ძალიან გვღლიდა“...
ედმუნდ ჰილარი და თენზინგ ნორგეი მწვერვალზე დიდხანს არ გაჩერებულან: პირველი ირგვლივ ყველაფერს ფოტოფირზე იღებდა, ნორგეიმ კი თოვლში ჩარჭობილ წერაყინზე თანმიმდევრულად ააფრიალა გაერთიანებული ერების, დიდი ბრიტანეთის, ნეპალის და ინდოეთის დროშები. შემდეგ თენზინგმა პატარა ორმო ამოთხარა და „ცის მბრძანებელს“ ტკბილეული შესწირა, მერე კი ქალიშვილის თხოვნაც შეასრულა - იმავე ორმოში ფერადი ფანქრები დაფლა. ჰილარიმ ნორგეის ექსპედიციის ხელმძღვანელის, ჯონ ჰანტის გამოტანებული შავი ნაჭრით შეკერილი თეთრთვალება ფისუნია გაუწოდა - სათამაშოც იქვე დატოვეს...
უკანასკნელ, მეცხრე, ყველაზე მაღლა, 7890 მეტრზე მოწყობილ ბანაკში ჰილარის და ნორგეის ექსპედიციის ნაცადი წევრები, ახალზელანდიელი ჯორჯ ლოუ, ინგლისელი უილფრიდ ნოისი და შერპა პაზანგი დახვდნენ, ძირითადი შემადგენლობა კი მათ მეოთხე ბანაკში ელოდათ. ყველა ერთად დაეშვა: „ყველა ჩვენს შესახვედრად გამოეშურა - აინტერესებდათ, მივაღწიეთ თუ არა მიზანს. თავდაპირველად არაფერი ვაგრძნობინეთ, მაგრამ დაახლოებით 50 მეტრზე რომ მოგვიახლოვდნენ, ლოუმ ვეღარ მოითმინა და მარჯვენა ხელის ცერი შემართა, მეორეთი კი, რომელშიც წერაყინი ეჭირა, მწვერვალისკენ მიუთითა. ისეთი ამბავი ატყდა, მგონი, მსგავსი ჟრიამული მთელ ჰიმალაის არ უნახავს - ყველა ჩვენსკენ მორბოდა და ყველა გვეხვეოდა“! - იხსენებს თენზინგ ნორგეი.
ბრიტანული ექსპედიციის წარმატების შესახებ გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქში ახალგაზრდა ელიზაბეტ II-ის ტახტზე ასვლის დღეს, 2 ივნისს გაიგეს, ნისლიანი ალბიონიდან კი ეს ამბავი მთელ მსოფლიოს მოედო! 6 ივნისს, ლონდონში დაბრუნებული ედმუნდ ჰილარი და ექსპედიციის მეთაური ჯონ ჰანტი დედოფალმა რაინდად აკურთხა და ბრიტანეთის იმპერიის მეორე ხარისხის ორდენით დააჯილდოვა, თენზინგ ნორგეის კი, ვისაც ინდოეთის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ჯავარჰალალ ნერუმ პირადად აუკრძალა რაინდის ტიტულის მიღება, ხელისუფლებისგან წმინდა გიორგის მედალი ერგო. სამივე მათგანი და ისტორიული ექსპედიციის კიდევ 34 წევრი ელიზაბეტ II-ის კორონაციის მედლითაც დაჯილდოვდა.
და მაინც, ვინ იყო პირველი: ედმუნდ ჰილარი თუ თენზინგ ნორგეი? რომელმა შედგა ფეხი პირველად ჯომოლუნგმას პიკზე?
პირველამსვლელებს ეს კითხვა უაზრობად მიაჩნდათ და მხოლოდ ეღიმებოდათ, მაგრამ ჟურნალისტები არ ცხრებოდნენ. მათ ძალიან აინტერესებდათ და ვერაფრით გაეგოთ, თუ რატომ გადაუღო ჰილარიმ ნორგეის მწვერვალზე ფოტო და თავად რატომ იუარა. ვიღაცამ თქვა, რომ ძალაგამოცლილი ახალზელანდიელი შერპამ ზურგზემოკიდებული აიყვანა მწვერვალზე, მეორემ სხვა ვერსია „წამოაყენა“, მესამე თავისას ამბობდა...
მითქმა-მოთქმა პირველად თენზინგ ნორგეის მობეზრდა და წლების შემდეგ თქვა: „მწვერვალამდე რამდენიმე მეტრი იყო დარჩენილი, როცა მე და ჰილარი შევჩერდით. ჩვენ 10-მეტრიანი თოკი გვაერთიანებდა, ოღონდაც, თოკის დიდი ნაწილი ხელზე მქონდა დახვეული, ანუ, ჩვენ შორის მანძილი დაახლოებით 2 მეტრი იყო. იმ წუთებში არ ვფიქრობდი, თუ ვინ იქნებოდა პირველი, გინდა თუ არა, ჯერ მე ავალ-მეთქი... ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევდით წინ და სულ ბოლოს, როცა მწვერვალს ვუწიეთ, ჰილარიმ პირველმა შედგა ფეხი. წამდენიმე წამში მას მეც მივყევი“...
მას შემდეგ ზუსტად 60 წელიწადი გავიდა. დღეს ლეგენდარული წყვილიდან, რომელიც ბრიტანულმა ჟურნალმა TIME XX საუკუნის 100 ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანთა შორის დაასახელა, არცერთია ცოცხალი:
თენზინგ ნორგეი 1986 წლის 9 მაისს, 71 წლისა, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, ინდოეთის ქალაქ დარჯეელინგში გარდაიცვალა. 2003 წელს, ჯომოლუნგმას პირველად დალაშქვრის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მისი ერთ-ერთი ვაჟი ჯამლინგი (ნორგეის 3 ცოლისგან 7 შვილი ჰყავდა) ედმუნდ ჰილარის ვაჟთან, პეტერთან ერთად ავიდა მწვერვალზე. რამდენიმე წლით ადრე „მსოფლიოს სახურავს“ ნორგეის უფროსმა შვილიშვილმა, ტაში თენზინგმაც უწია...
სერ ედმუნდ ჰილარი მწვერვალზე ასვლიდან თითქმის 55 წლის შემდეგ, 2008 წლის 11 იანვარს, ოკლენდში გარდაიცვალა. ის იყო პირველი, რომელმაც დედამიწის უმაღლესი მწვერვალი დაიპყრო და ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსებსაც მიაღწია. „მისი ამ ქვეყნიდან წასვლა ახალი ზელანდიისთვის აუნაზღაურებელი დანაკლისია“, - განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჰელენ კლარკმა სამოქალაქო პანაშვიდზე. იმ დღეებში ახალი ზელანდიის ყველა საჯარო შენობაზე სახელმწიფო დროშა დაუშვეს...
2008 წელს ნეპალის ხელისუფლებამ გარდაცვლილი პირველამსვლელების სახელი უკვდავჰყო: ქალაქ ლუკლას აეროპორტს სერ ედმუნდ ჰილარის და თენზინგ ნორგეის სახელი მიანიჭა. იმავე წელს ახალი ზელანდიის ეროვნულმა ბანკმა ოქროს 10-დოლარიანი და ვერცხლის 1-დოლარიანი მონეტა მოჭრა ავერსზე ჰილარის გამოსახულებით. ყველაზე ცნობილი ახალზელანდიელი ქვეყნის სიმბოლოს - კივის და ევერესტის ფონზეა გამოსახული, ირგვლივ კი წარწერაა: A Lifetime of Achievement - მთელი ცხოვრება-მიღწევები.
* * *
XIX-ე საუკუნის დასაწყისში მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალად 8167 მეტრზე აზიდული დჰაულაგირი მიაჩნდათ, მოგვიანებით კი ასეთად კანგჩენჯანგას - 8586 - თვლიდნენ.
მხოლოდ 1852 წელს დადგინდა, რომ დედამიწის უმაღლესი მწვერვალი იყო პიკი XV. დადგინდა ძალიან უცნაურად: ინდოეთის გეოდეზიური სამსახურის რიგითმა თანამშრომელმა რადხანატ სიკდარმა ფურცელზე გამოიანგარიშა მწვერვალის სავარაუდო სიმაღლე და თვალებს არ დაუჯერა! მონაცემი რამდენჯერმე გადაამოწმა, მერე კი აღელვებული უფროსთან, ინგლისელ ენდრიუ ვოუსთან გავარდა: „სერ, პიკი XV დედამიწის უმაღლესი მწვერვალია“! ასე გაჩნდა რუკებზე... გაურიზანკარი.
რატომ გაურიზანკარი? იმიტომ, რომ უმაღლეს მწვერვალად შეცდომით მიიჩნიეს პიკი XV-დან 58 კილომეტრით დაშორებული გაურიზანკარი, რომლის სიმაღლე „მხოლოდ“ 7145 მეტრია. უზუსტობა რამდენიმე წელიწადში, ხელმეორე შემოწმების შემდეგ გასწორდა და სწორედ მაშინ დადგინდა მწვერვალის სავარაუდო სიმაღლე - 8839 მეტრი. ენდრიუ ვოუს ინიციატივით, მთას სერ ჯორჯ ევერესტის სახელი მიენიჭა, იმ ინგლისელისა, ვინც 1830-1843 წლებში, ვოუმდე ხელმძღვანელობდა ბრიტანეთის ინდოეთის გეოდეზიურ სამსახურს.
დღეს დედამიწის „სახურავს“ ევროპაში, ამერიკასა და ოკეანეთის ქვეყნებში ევერესტს უწოდებენ, ტიბეტის და აზიის ქვეყნების მოსახლეობის უმეტესობა - ჯომოლუნგმას (ქართულად - „სიცოცხლის ქალღმერთი“, „ქვეყნის დედა“), ნეპალელთათვის კი მისი სახელწოდებაა საგარმატჰა, რაც დაახლოებით „ღმერთების დედად“, „ზღვის სახებად“, „ცის მბრძანებლად“ ითარგმნება.
1950 წელს ინდოელმა ტოპოგრაფებმა ხელახლა გამოიანგარიშეს ჯომოლუნგმას სიმაღლე - 8848 მეტრი. 1975 წელს, ჩინელთა ექსპედიციის შემდეგ, ეს მონაცემი შეიცვალა: 8848 მეტრი და 13 სანტიმეტრი. 1998 წელს, ამერიკელებმა GPშ აპარატურის გამოყენებით განაცხადეს, რომ ჯომოლუნგმა 8850 მეტრია, იტალიელი გეოლოგი არდიტო დეზიო კი მოგვიანებით უფრო შორს „წავიდა“ - 8872,5.
2010 წლის 8 აპრილიდან მსოფლიოს ყველაზე მაღალი მთის ოფიციალური სიმაღლე ზღვის დონიდან 8848 მეტრია.
პირველი, ვინც ჯომოლუნგმას დასაპყრობად ემზადებოდა, ინგლისელი მწერალი, მთამსვლელი და სამხედრო მოსამსახურე ჩარლზ ბრიუსი გახლდათ. ის ჯერ კიდევ შორეულ 1893 წელს გეგმავდა ასვლას, 1907 წლისთვის თითქმის მზად ჰქონდა ექსპედიცია, მაგრამ ტიბეტის და ნეპალის ხელისუფლებამ (ჯომოლუნგმა სწორედ ამ ქვეყნებში მდებარეობს) ქვეყნის საზღვრები უცხოელთათვის დახურა და ინგლისელის ოცნებაც თოვლივით დადნა.
ტიბეტში უცხოელთაგან პირველად ინგლისელები შეუშვეს. ეს 1921 წელს მოხდა. ინგლისის მთამსვლელთა კლუბის და სამეფო გეოგრაფიული საზოგადოების ბაზაზე შექმნილი ევერესტის კომიტეტის მესვეურები რამდენიმე წლის მანძილზე ცდილობდნენ მწვერვალზე ლაშქრობის უფლების მოპოვებას და ბოლოს მიზანსაც უწიეს - ტიბეტის მმართველმა დალაი-ლამამ მათ მწვანე შუქი აუნთო. ექსპედიცია, რომელსაც პოლკოვნიკი ჩარლზ ჰოვარდ ბერი მეთაურობდა, მხოლოდ დაზვერვით შემოიფარგლა - რამდენიმე თვე დაჰყო რაიონში და ჩრდილოეთ უნაგირაზე, იგივე ჩანგლას უღელტეხილზე - 6985 მეტრი - ააღწია.
ერთი წლის შემდეგ ჰიმალაებში ინგლისელთა მეორე ჯგუფი გამოჩნდა, რომელსაც გენერლის ჩინმოპოვებული ჩარლზ ბრიუსი მეთაურობდა. ამ ექსპედიციის წევრებმა ჯორჯ მელორიმ, ფელიქს ნორტონმა და ჰოვარდ სიმერვილმა 1922 წლის 22 მაისს მაგიურ 8-ათას მეტრიან ზღვარს გადააბიჯეს, თან ჟანგბადის ბალონების გარეშე და 8170 მეტრზე ავიდნენ, თუმცა მეტი ვეღარ შეძლეს. მეორე იერიში ჯორჯ ფინჩის ჯგუფმა წამოიწყო: რამდენიმე დღეში მან და ექსპედიციის მეთაურის ძმისშვილმა, კაპიტანმა ჯეფრი ბრიუსმა რეკორდი გააუმჯობესეს - ჟანგბადის ბალონების დახმარებით 8326 მეტრზე ავიდნენ, მაგრამ იმის გამო, რომ ბრიუსი გამოიფიტა, ორივე დაეშვა. გენერალმა ბრიუსმა საბოლოო იერიში რამდენიმე დღით გადადო, თუმცა მთამსვლელებს მწვერვალისთვის იმ წელს აღარ შეუტევიათ: 7 ივნისს ჩრდილოეთ უნაგირაზე მომწყდარმა უშველებელმა ზვავმა 7 შერპა იმსხვერპლა - ნორბუ, ლჰაკპა, პასანგი, პემა, სანგე, დორჯე და ტემბა უგზოუკვლოდ დაიკარგნენ. ამით ჯომოლუნგმას მსხვერპლთა ათვლა დაიწყო.
1924 წელს ბრიტანელები უკეთ მოემზადნენ და კვლავ გაიწიეს მწვერვალისკენ, კვლავ ჩარლზ ბრიუსის მეთაურობით, მაგრამ არაერთი მცდელობის მიუხედავად, კუნძულელებს კვლავ ხელი მოეცარათ.
„ეს უფრო ომს ემსგავსება, ვიდრე ასვლას“, - ეს სიტყვები ექსპედიციის ერთ-ერთმა გამოცდილმა წევრმა ჯორჯ მელორიმ მეუღლეს ჯომოლუნგმაზე გამგზავრებამდე მისწერა. ის ინგლისში ვეღარ დაბრუნდა - მეწყვილე ენდრიუ ირვინთან ერთად დაახლოებით 8600 მეტრ სიმაღლეზე უგზო-უკვლოდ გაქრა. მელორი და ირვინი ჯომოლუნგმას კალთებზე სამუდამოდ დარჩენილი პირველი უცხოელები გახდნენ.
მელორიმ და ირვინმა ივნისის დასაწყისში დაიწყეს მწვერვალისკენ სვლა. მათთან ერთად იყო ნოელ ოდელი, თუმცა თავი ცუდად იგრძნო და საბოლოო იერიშზე ხელი აიღო - ის მეექვსე ბანაკიდან, 8270 მეტრიდან დურბინდით ადევნებდა თვალს მეგობრებს. 8 ივნისს, როცა ღრუბელი ოდნავ გაიფანტა, მან დაახლოებით 8600 მეტრზე ორი მოძრავი წერტილი დაინახა. ეს იყო და ეს - ამის შემდეგ მთამსვლელები აღარავის უნახავს.
მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანელთა 1924 წლის ექსპედიციამ მიზანს ვერ მიაღწია და თან, 4 წევრიც დაკარგა (მელორის და ირვინის დაღუპვამდე 25 მაისს შერპა მან ბაჰადური გარდაიცვალა, 13 მაისს კი პუნ შამშერი), მაინც უდიდესი გამოხმაურება ჰპოვა. მიზეზი მარტივი იყო - ექსპედიციის მონაწილეები ყველა დანარჩენ 8-ათასიანზე მაღლა ავიდნენ. ამის გამო შამონის ოლიმპიურ თამაშებზე უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს და ხელმძღვანელი ჩარლზ ბრიუსი ოლიმპიური მედლით დააჯილდოვეს.
1933 წლამდე მსოფლიოს უმაღლესი მთის კალთებზე აღარავინ გამოჩენილა, თუმცა ევერესტის დაპყრობაზე მეოცნებე ბრიტანელებს დრო უქმად „არ დაუკარგავთ“: არაერთი ეჭვობდა, რომ მელორიმ და ირვინმა მწვერვალი დაიპყრეს და ასვლისას კი არა, დაშვებისას დაიღუპნენ. ამბავი, რომელიც „ჯორჯ მელორის ასვლის საიდუმლოდ“ მოინათლა, უამრავ პასუხს ითხოვდა, მაგრამ საამისოდ, პირველ რიგში, მწვერვალზე ასვლა და ცხედრების მოძებნა იყო საჭირო - სხვა თუ არაფერი, მელორის ხომ თან ჰქონდა კოდაკის ფოტოაპარატი!
პირველი ნაწილის დასასრული
ლაშა გოდუაძე









