რაგბი

18:38 | 20.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

“როვიგოსთან” მოგების შანსი იქნება

ერთი თვე რჩება ქართული სარაგბო კლუბის - “თბილისის კავკასიელების” პირველ საერთაშორისო შეხვედრამდე და საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ და გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა პრესკონფერენცია გამართეს.

მართალია არა ქართული მხარის მიზეზით ინფორმაცია მწირია, მაგრამ გულშემატკივრებს შორის არსებული ინტერესის გათვალისწინებით ეს შეხვედრა ნაყოფიერი გამოდგა. შეგახსენებთ, რომ “თბილისის კავკასიელები”, რომელიც რეალურად საქართველოს ჩემპიონატის ნაკრები იქნება (ათივე კლუბის), “ჩელენჯ ქაფის” საკვალიფიკაციო ეტაპზე “რაგბი როვიგო დელტას” 20 სექტემბერს იტალიაში, ხოლო 27-ში თბილისში ეთამაშება და ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული ჯგუფურ ეტაპზე “კარდიფ ბლუზთან”, “ლონდონ აირიშთან” და “გრენობლთან” მოხვდება.

პრესკონფერენციის დაწყებამდე “შევარდენის”სანაკრებო ბაზაზე შეკრებილებმა წუთიერი დუმილიტპატივი მივაგეთ თბილისის “არმაზისა” და საქართველოს 19 და 20-წლამდელთა ნაკრებების მთავარ მწვრთნელ დავით ვართანიანს, რომელიც გუშინ ბაზაზე მოულოდნელად გარდაიცვალა.

გიორგი ნიჟარაძე: “ძალიან ცუდი რაღაც მოხდა, მაგრამ გადავწყვიტეთ, რომ არ გადაგვედო დღევანდელი შეხვედრა. “ჩელენჯ ქაფში” მონაწილეობა გულშემატკივრებში უდიდეს ინტერესს იწვევს. ინფორმაცია პრაქტიკულად არ არსებობს და ბევრი რამ დღესაც არაა გარკვეული, მაგრამ რაც გვაქვს იმ ინფორმაციას გაგიზიარებთ. ახალი ტურნირის ორგანოზატორთან ეპცრუგბყ-ს უამრავი წერილი მივწერეთ, რათა ელემენტარულში გავრკვეულიყავით - როდის ვთამაშობთ, ვის ვეთამაშებით, სად ვატარებთ პირველ თამაშს, რა ხდება პორტუგალიურ კლუბთან დაკავშირებით.

მოკლედ, ბოლოს მოგვივიდა პასუხი და ამ წუთისთვის ვიცით, რომ “რაგბი როვიგო დელტას” ვეთამაშებით 20 სექტემბერს იტალიაში და 27-ში თბილისში. უამრავი შეკითხვა გვქონდა. აქამდე “ჩელენჯ ქაფს” ვინც ატარებდა, მისი დებულება გვაქვს, სადაც წვრილმანებიც კი ზუსტადაა გაწერილი, მაგრამ ახლა არ ვიცით ეს ტურნირი იმავე დებულებით გაიმართება თუ ახალი წესები იქნება. შედეგად, ჩვენ ვერ ვაწარმოებთ მოლაპარაკებას სპონსორებთან, ტელევიზიებთან და სტადიონებთან. მოკლედ, “როვიგოსთან” ურთულესი თამაში გველის და ზუსტად ვიცით მოგების შემთხვევაში ვისთან მოგვიწევს შეხვედრები, მაგრამ ღმერთმა დაგვიფაროს და თუ დავმარცხდით, წარმოდგენაც არ გვაქვს რა იქნება ქვედა დონის ტურნირი, რომელიც ქვეყნის გუნდები ითამაშებენ იქ და როდის გაიმართება მატჩები.

მიუხედავად ამისა, ჩვენ სპონსორების გარეშე, ჩვენი სახსრებით მივდივართ ამ ტურნირზე. ნებისმიერ შემთხვევაში, ჯამში გვექნება რვა თამაში და იმედია, სამომავლოდ სპონსორებიც გამოჩნდებიან. სავარაუდოდ, შესარჩევი ეტაპის შემდეგ ორ-ორი თამაში მოგვიწევს ოქტომბერში, დეკემბერში და იანვარში. ამის გამო შევცვალეთ ჩემპიონატის ჩატარების ვადები.

ახლა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი - რა გუნდით ვითამაშებთ ამ ტურნირზე. თავიდან გვწერდნენ, რომ ეს უნდა ყოფილიყო აუცილებლად კლუბი, ან რეგიონის ნაკრები და არა ჩემპიონატის ნაკრები. მერე ზაალ გიგინეიშვილმა დიდი სამუშაო ჩაატარა და აღმოჩნდა, რომ ბუქარესტის “მგლები”, რომელიც “ჩელენჯ ქაფზე” გამოდიოდა, იყო რუმინეთის კლუბების ნაკრები და ამის შემდეგ ჩვენც დაგვრთეს ნება კლუბების ნაკრების გამოყვანისა. აქედან გამომდინარე, სახელწოდება “თბილისის ამერი” შეიცვალა “თბილისის კავკასიელებით”. ახლა უკვე დასავლეთ საქართველოს კლუბებიდანაც მოხდება მორაგბეების დამატება და ერთი გუნდით გამოვალთ ამ ტურნირზე.

ამით მთელი მსოფლიოც გაიგებს, რომ ქართველები ვართ კავკასიელები. გარდა ამისა, ჩვენ წარმოვადგენთ ყველა იმ ერს, რომელიც კავკასიაში ცხოვრობს. კლუბის ლოგოზე გამოსახური იქნება შევარდენი, რომელიც კავკასიის მთელ ტერიტორიაზე ცხოვრობს. ფორმა იქნება ღვინისფერი და შავი, ან თეთრი და შავი. ამ ეტაპისთვის ოთხი დიზაინის ფორმა გვაქვს შერჩეული”.

ლევან მაისაშვილი (“თბილისის კავკასიელების” მთავარი მწვრთნელი): “უწინარესად, გეტყვით იმ სამწვრთნელო შემადგენლობას, რომელიც გუნდთან იმუშავებს. მთავარი მწვრთნელი მე გახლავართ, შერკინებასთან მუშაობაში მიხეილ სუჯაშვილი დამეხმარება, ირაკლი ჭყონია ფიზმომზადებაზე იზრუნებს, დავით ჯალაღონია მენეჯერის ფუნქციას შეასრულებს, ხოლო ვიდეო ანალიტიკოსად დავით რამიშვილი გვეყოლება. მოთამაშეების სელექცია უკვე ჩატარდა, არის რამდენიმე პოზიცია, სადაც კითხვები გვაქვს და სავარაუდოდ, საქართველოს ჩემპიონატის მომდევნო ორი ტურის შემდეგ, ყველაფერი დალაგებული გვექნება.

გამგეობაზე დავაყენეთ მოთხოვნა და ჩემპიონატი პირველ მატჩამდე ორი კვირით ადრე შეწყდება, რათა “შევარდენის” ბაზაზე შეკრების გავლა მოვახერხოთ და იტალიაში გამგზავრებამდე ერთი კვირით ადრე, რომელიმე ქართულ კლუბთან ტესტ-მატჩს გავმართავთ. დრო ძალიან ცოტაა, მაგრამ მანამდე შეკრებას ვერაფრით მოვახერხებდით. ახლა ვართ დაკვირვების პროცესში და მაქსიმუმ ორ კვირაში შემადგენლობა ცნობილი იქნება. ამ წუთისთვის 38-კაციანი განაცხადი არ მოუთხოვიათ და ეს ჩვენთვის უკეთესია. იტალიაში 26-კაციანი შემადგენლობით გავემგზავრებით.

რაც შეეხება მოწინააღმდეგეს, “როვიგომ” ფინალი “კალვიზანოსთან” ბოლო წუთზე დათმო და ამ გუნდს არაფრით ჩამოუვარდება. მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ და აქცენტი გამოცდილ მორაგბეებზე გაკეთდება. ამან ძალიან დიდი როლი უნდა ითამაშოს. შედეგად, შიდა ჩემპიონატში მოთამაშე მორაგბეებს მოტივაცია გაეზრდებათ და ეროვნული გუნდის მწვრთნელებსაც ექნებათ მათი საქმეში ხილვის შესაძლებლობა.

“როვიგო” ბურთით თამაშისას ძალიან საშიშია, ვიდრე დაცვაში. ზოგადად, ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რომ მათ დაცვაში მოუწიოთ თამაში. იმ ბიჭებს, რომლებზეც არჩევანს ვაჩერებ, ძალიან კარგად ვიცნობ. იმედია, მუშაობა ნაყოფიერი იქნება. გუნდში ყველა ის მოხვდება, ვინც უძლიერესი იქნება. სამწუხაროდ, გვაქვს რგოლები, სადაც მოვისუსტებთ და ვნახოთ რა გამოვა. შანსები გვაქვს, თუმცა გამარჯვება ძალიან რთული იქნება”.

ამის შემდეგ საუბარი კითხვა პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. აღმოჩნდა, რომ ჯერჯერობით გაურკვეველია, თუ რომელ სტადიონზე ჩაატარებს საშინაო შეხვედრად “თბილისის კავკასიელები” და არც ბილეთის ფასია განსაზღვრული. ამ ეტაპზე ტურნირის ორგანიზატორებისგან რაიმე მინიმალური ზღვარი დაწესებული არაა.

ნიჟარაძესთან შეხვედრა ეროვნული გუნდის სიახლეების გარეშე როგორ ჩაივლიდა და სრკ-ს პრეზიდენტმა გვამცნო, რომ ნოემბრიდან “ბორჯღალოსნები” ახალი ფორმით ითამაშებენ:

“გადაწყდა, რომ ნოემბრიდან გუნდს ახალი სათამაშო ფორმა ექნება. ჩვენი სპორტული დირექტორი ირაკლი აბუსერიძე კლერმონში დავით ზირაქაშვილს დაუკავშირდა და მისი მეშვეობით მოლაპარაკება უნდერ არმოურ-თან წამოიწყო და სამწლიანი ხელშეკრულებაც გაფორმდა. ზედიზედ მეოთხედ გავდივართ მსოფლიო თასზე და ვფიქრობ, ამას ვიმსახურებდით. ჩვენ სხვა დიდ კომპანიებთანაც გვქონდა კავშირის დამყარების მცდელობა, მაგრამ საბოლოოდ შეთანხმება ამ კომპანიასთან შედგა.

ეს ძვირიანი კომპანიაა და სამწუხაროდ, სხვა ნაკრებებს იგივე ფირმის ფორმით ვერ შევმოსავთ. უკვე ვაწარმოებთ მოლაპარაკებას ერთ-ერთ ინგლისურ კომპანიასთან. ეროვნული გუნდის არასპორტული სამოსი იმავე ფრანგული კომპანიისგან გვექნება, რომელმაც ახალ ზელანდიაში შეგვმოსა. საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები 25 აგვისტოს კლერმონში მიდის ტურნირზე, სადაც “კლერმონის”, “ლენსტერისა” და “მანსტერის” 20-წლამდელთა გუნდები ითამაშებენ. სამწუხაროდ, დათო ამ გუნდს ვეღარ გაყვება და ლადო კილასონია იქნება მწვრთნელი. 17-წლამდელები კვალიფიკაციას არც წელს გაივლიან და პირდაპირ 18-წლამდელთა ელიტურ ევროპის ჩემპიონატში ითამაშებენ. მათ აუცილებლად ექნებათ ამხანაგური თამაშები ინგლისურ კლუბებთან. ვეცდებით, რომ 15-წლამდელებსაც გავუხერხოთ თამაშების”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123717