ავტოსპორტი

2:10 | 27.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

როსბერგი პოულზე, ჰამილტონი ბოლოში

ნიკო როსბერგი ისევ პოულზეა, ლუის ჰამილტონი კი - ისევ კუდში. მას იღბალი ისევ არ სწყალობს, მაგრამ რა როსბერგის ბრალია, თუ ასეა. მან მორიგი „ხინჯიანი“ გამარჯვება მოიპოვა, რითაც უფრო დიდი გამარჯვებისკენ გადადგა ნაბიჯი, რომელსაც ჩემპიონობისკენ მიჰყავს. და მნიშვნელობა არ აქვს, ეს გამარჯვება ხინჯიანი იქნება, თუ სუფთა. მან უკვე არაერთხელ დაამტკიცა, რომ სწრაფია, შეუძლია გასწრება, ადვილად უმკლავდება სტრესულ სიტუაციებს, იცავს პოზიციას და რაც მთავარია და რაც მისი მთავარი ღირსებაა, ის არის სტაბილური.

ჰამილტონმა ჰოკენჰაიმზე „მაგარი ჩაატარა“. იქაც კუდიდან დაიწყო და მაინც კვარცხლბეკზე ავიდა. ჰუნგარორინგზეც ალბათ ასე იქნება - პიტლეინიდან დაიწყებს და არავის გაუკვირდება, თუ რბოლის ბოლოს... პროგნოზები არ ღირს, რა იცი, რა ხდება. უბრალოდ, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ბრიტანელმა უიღბლობის კვოტა ამოწურა და ამიერიდან, ქულების მოპოვებაში ფორტუნა აღარ შეუშლის ხელს.

სხვათა შორის, ჰამილტონი ჰუნგარორინგზე ძალიან მაგარია - ოთხი რბოლა აქვს მოგებული. ამ მაჩვენებლით მიხაელ შუმახერს უტოლდება. მაგრამ მეხუთე გამარჯვების მოპოვება ამ სეზონში გაუჭირდება, რადგან ჰუნგარორინგი ნელი ტრასაა და მასზე გასწრება ძნელია. ამის გამო, ჰოკენჰაიმის რეიდი გაუჭირდება. მაგრამ მთავარი ისაა, რომ უნგრეთის შემდგომ, როსბერგთან ჩამორჩენა ალბათ გაიზრდება.

ჰო, მართლა, ჰამილტონს კვალიფიკაციის პირველივე სექტორში არ გაუმართლა - მისი ძრავი აალდა. მანქანა პიტლეინის შესასვლელში გააჩერა და დაღონებულმა გასწია ბოქსისკენ. სხვათა შორის, ის ამ კვალიფიკაციის ერთადერთი ხელმოცარული არაა. მასზე უარესი დაემართა კიმი რაიკონენს, რომელიც „მარუსიას“ ჟიულ ბიანკიმაც კი ჩამოიტოვა. ხომ წარმოგიდგენიათ, რა ტრიალებდა ამ დროს კიმის თავში, ალბათ 100 გრამი „ფინლანდიას“ გადაყლურწვაზე ოცნებობდა.

კვალიფიკაციის მიწურულს, სებასტიან ფეტელმა ლამის სენსაცია მოახდინა - ბოლო წამებზე საუკეთესო დრო აჩვენა. მაგრამ როსბერგი ისევ ტრასაზე იყო და... რამდენიმე წამში „რედ ბულის“ ბანაკში აჟიოტაჟიც ჩაცხრა. სამქიმიანებს ასე ადვილად ვერ მოუგებ. ნიკომ მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი მთელი ნახევარი წამით ჩამოიტოვა.

მოკლედ, ხვალაც საინტერესო რბოლას ველით, მითუმეტეს, სინოპტიკოსები წვიმას ვარაუდობენ.

 

უნგრეთის დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

1. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     1:22.715

2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)              1:23.201

3. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                     1:23.354

4. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული)            1:23.391

5. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                    1:23.909

6. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი)                         1:24.223

7. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)                 1:24.294

8. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)              1:24.720

9. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)            1:24.775

10. კევინ მაგნუსენი (დანია, მაკლარენი)                       დროის გარეშე

- - - - - - - - - -

11. დანილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო)                    1:24.706

12. ადრიან სუტილი (გერმანია, ზაუბერი)                    1:25.136

13. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია)                    1:25.211

14. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)                 1:25.260

15. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                  1:25.337

16. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია)                       1:27.419

- - - - - - - - - -

17. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)                           1:26.792

18. კამუი კობაიაში (იაპონია, კატერჰემი)                      1:27.139

19. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)                     1:27.819

20. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, კატერჰემი)                1:28.643

21. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)         დროის გარეშე

22. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი)        დროის გარეშე

 

http://autopanoramaf2.blogspot.com/

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.207435