ავტოსპორტი

22:10 | 19.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

როსბერგი ჰოკენჰაიმის პოულზეა

ნიკო როსბერგი ისევ პოულზეა, ამ სეზონში მეხუთედ, ბოლო ხუთ რბოლაში მეოთხედ, კარიერაში კი მეცხრედ. თუმცა, ნაკლებად ნასიამოვნებია, რადგან ეს პოული ფაქტობრივად ბრძოლის გარეშე მოიპოვა. ტრასაზე მისი ერთადერთი მეტოქე ლუის ჰამილტონია, მაგრამ ბრიტანელმა კვალიფიკაციის პირველი სექტორის დასრულებაც კი ვერ მოახერხა. გაიარა, მაგრამ ვერ დაასრულა, ამის მიზეზი კი გამტყდარი სამუხრუჭე დისკო გახდა.

50 გრადუსამდე გადახურებულ სიცხეში, მოსახვევ „საქსის“ გავლისას, სადაც „მერსედესის“ ტრიბუნაა, ჰამილტონის მანქანაზე წინა მარჯვენა მუხრუჭი დაზიანდა. მანქანა მაშინვე უკონტროლო გახდა და იქვე დალაგებულ საბურავების სამრიგა მწკრივს დაეჯახა. შეჯახება მძიმე იყო, თუმცა ბედად, ჰამილტონი ტრავმას გადაურჩა. სამწუხაროდ, მანქანა ისე დაზიანდა, რომ კვალიფიკაციის მეორე სექტორში ბრიტანელმა გამოსვლა ვეღარ შეძლო. რბოლა რამდნმე წუთით შეწყდა, სანამ დამტვრეული მანქანის ევაკუაცია მოხდებოდა. აქვე უნდა ითქვას, რომ ჰამილტონის და როსბერგის მანქანები გასხვავებული მარკის მუხრუჭებითაა აღჭურვილი, რაც ბრიტანელის პირადი გადაწყვეტილებაა.

„რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, რომ საშინაო რბოლას პოულიდან დავიწყებ. მაგრამ მერჩივნა, რომ ეს პოული ლუისთან ბრძოლაში მომეპოვებინა. ამ ყველაფერმა ჩემს გამარჯვებას ხიბლი დააკლო“, - განაცხადა 29 წლის როსბერგმა, ვინც ერთი კვირის წინ დაქორწინდა.

მომდევნო ორი ადგილი “უილიამსის“ ვალტერი ბოტასმა და ფელიპე მასამ დაიკავეს, რითაც კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ სამქიმიანების უკან, საუკეთესოს სახელისთვის იბრძვიან. სხვათა შორის, ბოლო რბოლებში ეს გამოსდით კიდეც. ოღონდ, „რედ ბულისგან“ განსხვავებით, ჯერჯერობით გამარჯვებას ვერ ახერხებენ. აქ ერთი რამის გახსენებაც ღირს - წინ ორ რბოლაში ბოტასმა ჯერ მესამე, შემდეგ კი მეორე ადგილი დაიკავა. ლოგიკურად, ახლა პირველი ადგილის ჯერია...

სტარტზე პირველ ორ რიგს მთლიანად „მერსედესის“ ძრავებით მოასპარეზე პილოტები დაიკავებენ - მეოთხე დრო „მაკლარენის“ კევინ მაგნუსენს აქვს, რომლის თანაგუნდელმა ჯენსონ ბატონმაც მეორე სექტორის გავლაც ვერ მოახერხა. მე-5 და მე-6 ადგილები უკავიათ „რედ ბულის“ პილოტებს. ამასთან, წინ ისევ დანიელ რიკარდოა.

 

გერმანიიიის დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

1. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                    1:16.540

2. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                    1:16.759

3. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი)                        1:17.078

4. კევინ მაგნუსენი (დანია, მაკლარენი)                       1:17.214

5. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული)             1:17.273

6. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)              1:17.577

7. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                   1:17.649

8. დანილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო)                     1:17.965

9. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)             1:18.014

10. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია)                   1:18.035

- - - - - - - - - -

11. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               1:18.193

12. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)                          1:18.273

13. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)            1:18.285

14. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)                1:18.787

15. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                1:18.983

16. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)          დროის გარეშე

- - - - - - - - - -

17. ადრიან სუტილი (გერმანია, ზაუბერი)                    1:19.142

18. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია)                      1:19.676

19. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი)          1:20.195

20. კამუი კობაიაში (იაპონია, კატერჰემი)                      1:20.408

21. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)                     1:20.489

22. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, კატერჰემი)                დროის გარეშე

 

http://autopanoramaf2.blogspot.com/

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113795