ფეხბურთის მხურვალე გულშემატკივრებს, რომლებიც ცნობილი სპორტსმენების არა მარტო კარიერას, არამედ პირად ცხოვრებასაც თვალყურს ადევნებენ, ალბათ, არ გამოპარვიათ ის ფაქტი, რომ მადრიდის ”რეალისა” და ბრაზილიის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი რონალდო, როგორ გასუქდა. “კიჭა” უკვე რამდენიმე წელია, აქტიურ სპორტს ჩამოშორდა და წონაში საგრძნობლად მოიმატა. მაგრამ მალე მოუწევს ზედმეტ კილოგრამებთან გამომშვიდობება და ფორმაში ჩადგომა.
საქმე ისაა, რომ ამაწლის 19 დეკემბერს, პორტუ ალეგრიში საქველმოქმედო მატჩი გაიმარტება ზინედინ ზიდანის გუნდთან და რონალდოს ისღა დარჩენია, საუკეთესო დიეტოლოგების და ფიტნესმწვრთნელების მეთვალყურეობის ქვეშ, მკაცრი დიეტა დაიცვას. “კიჭას” წონაში დაკლებას არამარტო დიეტოლოგები მიადევნებენ თვალს, არამედ, მილიონობით მაყურებელიც, რადგან ეს პროცესი, ერთ-ერთი ტელეგადაცემის პირდაპირი ეთერით გაშუქდება.
ვნახოთ, როგორ ნებისყოფას გამოიჩენს ერთ დროს პოპულარობის ზენიტში მყოფი რონალდო. აღსანიშნავია, რომ ბრაზილიელისგან განსხვავებით, ფრანგი ზიდანი უკეთეს ფორმაშია და ფეხბურთის გულშემატკივრები 19 დეკემბერს საკმაოდ საინტერესო სანახაობის მომსწრენი გახდებიან.







