თამაშგარე

11:21 | 16.03.2011 | ნანახია [] - ჯერ

რომარიო - ბრაზილიელი რეფორმატორი

როგორც უკვე გამცნეთ, ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი – რომარიო დე სოუზა ფარია, ბრაზილიის პარლამენტის წევრი გახდა და ისიც ვთქვით, ყოფილი ფეხბურთელი თუ როგორ ემუქრებოდა ბრაზილიის სპორტში მოფუთფუთე კორუმპირებულ ჩინოსნებს. რომარიო სიტყვის კაცი აღმოჩნდა და საქმეზე სულ მალე გადავიდა.
14 მარტს, რომარიომ ბრაზილიის პარლამენტს წარუდგინა კანონ-პროექტი, რომელიც სპორტში დასაქმებულ ჩინოსანთა ქონების აღწერასა და საქმიანობის მონიტორინგს ითვალისწინებს. თუკი ეს კანონი უმრავლესობამ დაამტკიცა, (ამის იმედს კი ის იძლევა, რომ რომარიო პარლამენტში საპარლამენტო უმრავლესობის ქვოტით არის შესული) ყველა საეჭვო პერსონა კანონის ძალით ვალდებული იქნება, რომ ქონებრივი დეკლარაცია შეავსოს და საკუთარი შემოსავლების წარმოშობა ახსნას.
რომარიოს ამ რეფორმატორულ ნაბიჯებს დიდი სიხარულით შეხვდა სპორტზე შეყვარებული ბრაზილიის მოსახლეობა. ყოფილი ფეხბურეთელის სახლთან თავი მოიყარა ტრანსპარანტმომარჯვებულმა რამდენიმე ასეულმა ადამიანმა, რომლებიც რომარიოს სრულ მხარდაჭერას უცხადებდნენ და ”რომარიო, შენს გვერდში ვდგავართო!” – სკანდირებდნენ.
საყოველთაოდ ცნობილია, რომ ბრაზილის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა სწორედ კორუფცია გახლავთ. რომ არა კორუფციის მაღალი მასშტაბები, ეს რესურსებით მდიდარი სახელმწიფო, დღეს განვითარების ბევრად უფრო მაღალ საფეხურზე იქნებოდა. თუკი რომარიომ თავისი გაიტანა და პარლამენტმა მისი შეთავაზებული კანონი მიიღო, შესაძლებელია, რომ რომარიოს ნოვაცია სხვა სფეროებზეც გავრცელდეს, რისიც ბრაზილიელ ხალხს დიდად ეიმედება.
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.158921