ფეხბურთი

15:46 | 9.12.2010 | ნანახია [] - ჯერ

რომან ფიფია: “დინამო” უნდა დაბრუნდეს!”

უკვე გადაწყვეტილად შეიძლება ჩაითვალოს – თბილისის “დინამოს” ახალი მეპატრონე ეყოლება და მისი სახელ-გვარი რომან ფიფიაა. 44 წლის ბიზნესმენი გახლავთ და საქმიანობას წლების განმავლობაში რუსეთში ეწეოდა, ბიზნესი აქვს საფრანგეთში და საქართველოშიც. ფიფიამ “დინამოს” შეძენა რამდენიმე დღის წინ გადაწყვიტა და მრავალმილიონიანი ინვესტიციის ჩადებას აპირებს კლუბში.
9 დეკემბერს შუადღეს, ფიფია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში შეხვდა სფფ-ის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავასა და “დინამოს” მმართველ დირექტორ ბუბა ტყავაძეს. საუბარი, რა თქმა უნდა, დახურულ კარს მიღმა შედგა, მაგრამ შენობიდან გამოსვლის შემდეგ, ტელევიზიებისთვის კომენტარები გაკეთდა.
რომან ფიფია: “კლუბის ყიდვასთან დაკავშირებით, ძირითად საკითხებზე შეთანხმება მიღწეულია და დარჩა დეტალები. ჩემი მიზანი ის იქნება, რომ "დინამომ” თავისი ადგილი დაიკავოს არა მარტო საქართველოს ჩემპიონატში, არამედ მის ფარგლებს მიღმაც. იმედით მოვდივართ”.
როგორც გაირკვა, ფიფია ერთ კვირაში ან ათ დღეში ვრცლად ილაპარაკებს “დინამოს” გეგმებზე, კლუბში დასაბანდებელ თანხის რაოდენობაზე, სატრანსფერო ამბებზე და ასე შემდეგ. ფიფია ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის წევრებს (“დინამოს” ჯერ კიდევ მოქმედი მფლობელები) ძირითად საკითხებზე შეუთანხმდა, გასარკვევი მცირე დეტალებიღა დარჩა და უახლოეს ერთ კვირაში ოფიციალურად გადაიფორმებს კლუბს – მანამდე კი ლონდონში უნდა შეხვდეს პატარკაციშვილის ოჯახის წევრებს.
ზვიად სიჭინავა: “რომან ფიფია წარმატებული ბიზნესმენია და ფეხბურთშიც ბევრი გაუკეთებია. სარატოვის “სოკოლის” მეპატრონე გახლდათ და იმ პერიოდში გუნდი რუსეთის მეორე ლიგიდან უმაღლესში გადავიდა, სადაც მეხუთე ადგილი დაიკავა. მაგრამ “დინამო” არაა “სოკოლი”, “ზენიტი” ან ცსკა, ეს საქართველოს უტიტულოვანესი კლუბია და იმედია, ჩემპიონთა ლიგაში ან ევროპის ლიგაში წარმატებულად ითამაშებს”.
და კიდევ, უპრიანი იქნებოდა, ფეხბურთის ფედერაციაში დღეს გამართული ამ შეხვედრის შესახებ არა მარტო ტელევიზიებისთვის, ბეჭდვითი პრესის წარმომადგენლებისთვისაც ეცნობებინათ. არა გვგონია, რამე დაშავებულიყო – ტელეკამერასთან თუ ისაუბრებდნენ, ვითომ, დიქტოფონთან ან ბლოკნოტთან პრობლემა შეექმნებოდათ?

 

ილია ნანობაშვილი

0.108163