ავტოსპორტი

23:00 | 19.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

როგორი იქნება „ო რუჟი“ ახალი მანქანებით?

ფორმულა ერთსა და ალბათ მთლიანად ავტოსპორტში, პილოტებს შორის ყველაზე პოპულარული მოსახვევი, სპა ფრანკორშანის „ო რუჟია“ (წითელი წყალი). მინრელურ წყაროსთან (წითელი ფერის, სახელიც მისგან მოდის) არსებულ ამ აღმართიან მოსახვევს პილოტები ყოველთვის მაქსიმალურად გახსნილი აქსელერატორით გადიან. მაგრამ როგორი იქნება ეს მოსახვევი ახალი მანქანებით, რომლებსაც მაქსიმალური სიჩქარე გაზრდილი აქვთ, მაგრამ აეროდინამიკა გაუარესებული?

ადრიან სუტილი ფიქრობს, რომ ბოლომდე გახსნილი გაზით „ო რუჟის“ გავლა შეუძლებელი იქნება. მისი თქმით, აეროდინამიკის გაუარესების გამო, ჩაჭიდების შემცირების შედეგად, პილოტებს „ო რუჟის“ გავლისას, გაზიდან ფეხის აღება მოუწევთ. თუმცა, მანქანის მომზადებისას, გუნდებს მაინც მოუწევთ კომპრომისის გაკეთება, რამაც შესაძლოა, სწრაფი მოსახვევების ძველებურად, ბოლომდე გახსნლი გაზით გავლის საშუალება მისცეს.

„ო რუჟი ჩემი საყვარელი მოსახვევია. მაგრამ ამჯერად მისი მაქსიმალური სიჩქარით გავლა ძნელი იქნება, რადგან ჩაჭიდება შემცირებულა. ახალი მანქანებით, გაზრდილი მაქსიმალური სიჩქარე და შემცირებული ჩაჭიდება გვაქვს. ასე რომ, ძალიან საინტერესო იქნება, როგორ ვივლით ასეთ პირობებში. ისე კი, მანქანის მომართვის ორი ვარიანტი გვაქვს. ან მეორე სექტორში სწრაფი ხარ და შედარებით ნელი სწრაფ სწორ მონაკვეთებზე, ან პირიქით. ორივე შემთხვევაში, წრის გავლის თითქმის ერთნაირი დროებია“, - ამბობს გერმანელი პილოტი.

თუმცა, „ზაუბერის“ სარეზერვო პილოტი გიედო ვან დერ გარდე ამბობს, რომ ო რუჟში ყველაფერი ძველებურად იქნება: „ახალი მანქანებით, ჩვენ სპაზე მეტი სიჩქარე გვექნება სწორ მონაკვეთებზე, თუმცა ჩაჭიდება შემცირებულია. და მაინც ვთვლი, რომ ო რუჟსა და ბლანშიმონს ძველებურად, ბოლომდე გახსნილი აქსელერატორით გავივლით“. ცნობისათვის, ვან დერ გარდე ბელგიური ეტაპის პირველ თავისუფალ პრაქტიკაზე, მექსიკელი ესტებან გუტიერესის მანქანით იასპარეზებს.

http://autopanoramaf2.blogspot.com/

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115415