ახალი ამბები

13:28 | 29.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

როცა კორუფცია “გეშინაურება“...

სიყვარული... მართლაც რა უცნაური რამაა სიყვარული, რომელიც სწორედ მაშინ გეწვევა, როცა ყველაზე ნაკლებად მოელი და სწორედ მაშინ გახსენებს თავს, როცა ყველაზე ნაკლებად გჭირდება. ფულის სიყვარული – ეს სიყვარულის ის განშტოებაა, რომელიც არავინ იცის როდის იჩენს ადამიანში თავს. ძველი ბერძნები კი ამბობდნენ, ფულის სიყვარული ადამიანის თანმდევი ტანჯვააო, მაგრამ განა მხოლოდ ტანჯვაა? თუ არ გჯერათ, კორუფციაში ბრალდებულ ქართველ მსაჯებსა და საფეხბურთო ფუნქციონერებს კითხეთ ეს ამბავი და ისინი უკეთ აგიხსნიან რატომ არა მხოლოდ ტანჯვაა ფულისადმი უზომო ტრფობა.

სახლში ხარ და გვერდით ოთახში ჩართული ტელევიზორიდან გესმის წესით ერთობ შემაშფოთებელი სიტყვები: “შსს-ს ანტიკორუფციულმა სააგენტომ კომერციული მოსყიდვის ფაქტზე რვა პირი დააკავა. დაკავებული არიან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა და მსაჯთა დამკვირვებელთა კომიტეტის ეროვნული კატეგორიის არბიტრები. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული პირები 2500-დან 5000 აშშ დოლარამდე თანხის სანაცვლოდ წინასწარ ურიგდებოდნენ მოქალაქეებს მათი მსაჯობით ჩასატარებელ თამაშებში ფეხბურთელთა დასაჯარიმებელი ყვითელი და წითელი ბარათების რაოდენობაზე, რასაც ზედმიწევნით ზუსტად ასრულებდნენ. ამ სქემით ბრალდებულები აღნიშნულ მოქალაქეებს საშუალებას აძლევდნენ წინასწარ შეპირებული ჯარიმების რაოდენობის მიხედვით გაკეთებული ფსონით მოგება მიეღოთ" - უსმენ ამ საზიზღრობას და საკუთარი თავის გიკვირს. ადრე მსგავსი ამბების გაგონების შემდეგ ბრაზდებოდი, იგინებოდი, ითხოვდი დამნაშავეების დასჯას, ხალხს მოუწოდებდი ერთად გებრძოლათ ფეხბურთში არსებული მანკიერებების აღმოსაფხვრელად. ახლა კი, ტელევიზორიდან გესმის ეს ყველაფერი და კომპიუტერის ჩართვაც კი გეზარება, რომ გადაამოწმო ვინ დაიჭირეს და რისთვის.

რატომ გეზარება? იმიტომ რომ დაიღალე, დაბეჩავდი, ყელში გაქვს ამოსული მსგავსი საძაგლობები და რაც ყველაზე დიდი საშინელებაა, თითქოს უკვე შეეგუე კიდეც არსებულ რეალობას. “რა გიკვირს კაცო? ფეხბურთში მაფია რომ ტრიალებდა ახლა გაიგე?“ – მითხრა ამ რამდენიმე წლის წინ ერთმა ძალიან კარგმა კაცმა მას შემდეგ, როდესაც ჩემი აღშფოთებული პასაჟი მოსმინა ჩაწყობილ თამაშებთან დაკავშირებით. მაშინ მახსოვს ძალიან გავბრაზდი და იმ კარგ კაცს ისიც კი ვუთხარი, ამ დღეში რომ ვართ შენი და შენნაირი ხალხის ბრალია – მეთქი. ახლა კი ვიგონებ ამ ამბავს და მრცხვენია. მრცხვენია იმიტომ, რომ ის კაცი მართალი იყო. მას უკვე აღარ უკვირდა. მიეჩვია. მე კი “სავლეს პავლედ ქცევის“ გულუბრყვილოდ მჯეროდა.

ახლა ჩვენს შსს–ში ალბათ დიდი ფაციფუცია ატეხილი და გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი კომერციული მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს. ეს დანაშაული თურმე სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამასობაში ჩვენი “ხელიხელსაგოგმანები“ ფეხბურთის ფედერაცია დაკავებულ მსაჯებთან გარიგებაში მყოფი პირების დასახელებას მოითხოვს, თითქოს ამ დასახელების შემდეგ შეიცვლება რამე.

ვთქვათ ყველაფერი ძირსიძირობამდე იქნა გამოძიებული და დასასჯელიც მკაცრად დაისაჯა –  ვინმეს სჯერა, რომ ადამიანებს, რომელთა მენტალობაც კორუფციას დანაშაულად არ აღიქვამს, მკაცრი და მასობრივი ღონისძიებების გატარების გარდა რამე შეაჩერებს?!...  აბა გავიხსენოთ ჩვენს გარშემო მყოფი კორუმპირებული მოხელეები თუ ბიზნესმენები, პოლიტიკოსები თუ “ცნობადი სახეები“... განა არ ვეგუებით მათ? განა არ ვსხდებით მათთან ერთად სუფრაზე და არ ვიძახით სამშობლოს სადღეგრძელოს? ეს ადამიანები ვითომ რით არიან კორუმპირებულ მსაჯებზე უკეთესნი? მაგრამ ჩვენ ვამბობთ, რომ ისინი “ჩვენები“ არიან და მათი დანაშაულებანი დიდ პრობლემად არ გვესახება.

მთავარი უბედურებაც ესაა. ჩვენ კორუფცია მაშინ არ მოგვწონს და მას მაშინ ვებრძვით, როცა უშუალოდ ჩვენიანი არაა შიგნით გარეული. ჩვენ ჩვენი “ნათესაურ–უბნურ–ძმაკაცურ–ქალაქური“ სამართალი გვაქვს და ასე ვჭრით და ვკერავთ. გვგონია, რომ სწორედ ესაა ქართველობა. აი ამიტომაც აღარ მიკვირს ქართულ ფეხბურთში რაც ახლა ხდება. ჩვენ საკუთარ ფეხბურთს და საერთოდ, საკუთარ ქვეყანას განაჩენი თავად გამოვუტანეთ და გვგონია, რომ ბავშვებისათვის განკუთვნილ სკვერებსა და პარკებში ახალ–ახალი ეკლესიების შენებით გამოვისყიდით ცოდვებს. ნურას უკაცრავად!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123399