ინტერვიუები

10:25 | 2.02.2010 | ნანახია [] - ჯერ

რობერტო სოლდადო: "ცხოვრება “რეალით” არ მთავრდება”

ამ ფეხბურთელს გვარიც კი ბრძოლისკენ მოუწოდებს (“სოლდადო” ესპანურიდან თარგმანში ჯარისკაცს ნიშნავს). საფეხბურთო სამყარომ რობერტო სოლდადო 2005 წელს გაიცნო, როდესაც 20 წლის თავდამსხმელი მადრიდის “რეალის” შემადგენლობაში გამოჩნდა. მას შემდეგ, ვალენსიაში დაბადებულ ფეხბურთელს მუდმივად ბრძოლა უწევს. სოლდადომ “რეალის” მწვრთნელის ნდობა ვერც ნაკრებში დებიუტის შემდეგ მოიპოვა და იძულებული გახდა, მადრიდის სამხრეთით, ქალაქ ხეტაფეში გაეგრძელებინა საფეხბურთო კარიერა. “El Mundo”-სთვის მიცემულ ინტერვიუში, 24 წლის ფეხბურთელი აცხადებს, რომ “ხეტაფეში” თავს კარგად გრძნობს. თავისთვის სასურველი ადგილი რომ იპოვნა, ამას სოლდადოს მიერ ნაჩვენები შედეგებიც ადასტურებენ.
- რა ასაკში დატოვეთ მშობლიური ქალაქი?
- 14 წლის ვიყავი, როდესაც მადრიდში გადმოვედი საცხოვრებლად. ყოველთვის მშობლებზე დამოკიდებული ბავშვი ვიყავი, უცებ კი, სასტუმროში მომიწია ცხოვრება. როდესაც “დონ ბოსკომ” შემომთავაზა ამ გუნდში თამაში, მამაჩემმა სთხოვა მათ სასწავლო წლის დასრულებამდე მოცდა. მაგრამ როდესაც წელი დასრულდა, არავინ შემხმიანებია. არც მას შემდეგ დამეკონტაქტა ვინმე, როდესაც გაიგეს, რომ “რეალი” მიწვევდა. მამაჩემმა კი ჩათვალა, რომ ამ შანსის ხელიდან გაშვება არ შეიძლებოდა. ერთი წელი სასტუმროში ვცხოვრობდი, სადაც თავს ძალზე თავისუფლად ვგრძნობდი, მომდევნო 3 წელი კი საერთო საცხოვრებელში გავატარე, სადაც მეორე უკიდურესობის წინაშე აღმოვჩნდი. ყოველდღე, როდესაც ფეხბურთის თამაში მიწევდა, არ მავიწყდებოდა რა მიზნით ვიყავი მადრიდში ჩასული, რატომ ვიყავი დაშორებული მშობლიურ სახლს. ნელ-ნელა, ჩემს მომავალთან დაკავშირებულმა ბურუსმა გაფანტვა დაიწყო, მაგრამ საბოლოოდ, ყველაფერი ისე არ აეწყო, როგორც მსურდა. “რეალის” პირველ გუნდში მოსახვედრად დიდი ენერგია დავხარჯე, მაგრამ თავის გამოჩენის შანსსაც კი არ მაძლევდნენ. მიუხედავად ამისა, იმედს მაინც არ ვკარგავდი, ვიცოდი, რომ მხოლოდ და მხოლოდ გატანა მმართებდა. ახალგაზრდა ფეხბურთელებმა უნდა იცოდნენ, რომ ცხოვრება “რეალით” არ სრულდება, შესაძლებელია ამ კლუბის დატოვება და შემდეგ ნაკრებში მოხვედრა. ამის მაგალითები ჩვენ უკვე ვიხილეთ.
- დიახ, მაგალითები საკმაოდ ბევრია – მატა, დე ლა რედი, არბელოა, ნეგრედო, თქვენ... მაგრამ წასვლა ხომ იმის გამო მოგიწიათ, რომ რაღაც არ გამოგივიდათ?
- ყოველწლიურად არაერთ ისეთ ფეხბურთელს ზრდიდა კლუბის აკადემია, რომლებსაც შეეძლოთ პირველ გუნდში თამაში, მაგრამ მაშინდელი “რეალის” არასტაბილურობამ, მათ შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალება არ მისცა. კრიზისის დაძლევას კლუბი სუპერვარსკვლავების ხარჯზე ცდილობდა, რის გამოც, ახალგაზრდა ფეხბურთელები დაიჩაგრნენ. ამის საპირისპიროდ მოიქცა “ბარსელონა”. მწვრთნელი, რომელიც დარწმუნებული იყო ახალგაზრდა ფეხბურთელების ძალებში, ყოველდღიურად ზრუნავდა მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამყარებისთვის. დაუკვირდით, დღეს პედრიტო კონკურენციას უწევს იმ ანრის, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ცნობილი ფეხბურთელია!
- არაერთი ფეხბურთელი, რომელიც “რეალში” თამაშზე ოცნებობდა, ახლა მადრიდის სამხრეთით, “ხეტაფეში” ასპარეზობს...
- ანხელ ტორესი მზად აღმოჩნდა გუნდში მიეღო ის ახალგაზრდები, რომლებიც საქმეს სერიოზულად უდგებოდნენ. სწორედ ამიტომ, დღეს “ხეტაფეს” ფეხბურთელთა საშუალო ასაკი საკმაოდ დაბალია. ტორესი ასევე მოიქცა მწვრთნელების შემთხვევაშიც. ისეთ სპეციალისტებს, როგორებიც არიან კიკე სანჩეს ფლორესი, ბერნდ შუსტერი, მიხაელ ლაუდრუპი და მიჩელი, დებიუტი სწორედ “ხეტაფეში” ჰქონდათ. გამონაკლისი იყო გამოცდილი ვიქტორ მუნიოსი, მაგრამ მან ვერ გაამართლა, რადგან ფეხბურთელებთან საერთო ენა ვერ გამოძებნა.
- როგორი ურთიერთობა გაქვთ მიჩელთან?
- მასთან ყველაფერი სხვაგვარადაა. იგი მწვრთნელების იმ კატეგორიას განეკუთვნება, რომლებსაც ფეხბურთელებთან ხშირი კონტაქტი აქვთ. მან იცის, რა სურს. მიჩელი გუნდის თამაშს ბურთის კონტროლზე აგებს, რადგან იცის, რომ ჰყავს ფეხბურთელები, რომლებიც ამ კომპონენტში ძლიერები არიან. ბურთთან ერთად, თავს ნებისმიერი ფეხბურთელი უფრო კომფორტულად გრძნობს. როდესაც ბურთი გაქვს, დასახულ მიზანს სწორედ მაშინ აღწევ.
- სეზონის დასაწყისში, გუნდს რთული პერიოდი ედგა...
- დიახ, პრობლემები გვქონდა, მაგრამ შემდეგ დაცვაში თამაში გავაუმჯობესეთ. ახლა, ჩვენთვის გატანა არც ისე იოლია.
- ფსიქოლოგიის მხრივ თავს როგორ გრძნობთ?
- ამჟამად, ყველაფერი კარგად მიდის. “რეალში” გატარებულ ბოლო სეზონში ძალიან გამიჭირდა. “ოსასუნადან” ახალი დაბრუნებული ვიყავი, ნაკრებში სადებიუტო მატჩი ჩატარებული მქონდა და ვიმედოვნებდი, რომ მადრიდულ კლუბშიც მომცემდნენ სათამაშო დროს. შედეგი კი საპირისპირო მივიღე. “ხეტაფეში” გადმოსვლით თავისუფლება მოვიპოვე. აქ ყველაფერი უბრალოა, ვსაუზმობ გულშემატკივრებთან ერთად და არა პრეზიდენტთან.
- ბომბარდირთა დავაში ისეთ ფეხბურთელებთან ერთად მოიხსენიებით, როგორებიც არიან მესი, ვილია, იბრაჰიმოვიჩი და იგუაინი...
- ჩემი ამჟამინდელი მდგომარეობა ამტკიცებს, რომ გუნდი კარგად თამაშობს.
- ფერნანდო ლორიენტეს განცხადებით, თქვენ რომ გატანის იმდენივე შანსი მოგეცეთ, რამდენიც მათ, გაცილებით მეტს გაიტანდით...
- სხვა გუნდების მსგავსად, შეტევაში “ხეტაფეც” მიდის და საგოლე მომენტებს ქმნის. ასეთ დროს, თავდამსხმელისთვის მნიშვნელოვანია საჯარიმო მოედანში გადაადგილება. თავდამსხმელები მატჩის დროს ბურთს არცთუ ხშირად ვეხებით, მაგრამ მის მისაღებად მზად ყოველთვის უნდა ვიყოთ. თუ 20 წუთი გიწევს უბურთოდ თამაში, მისი მიღებისთანავე უნდა შეგეძლოს მომენტის გამოყენება. როდესაც უბურთოდ ხარ, უნდა შეისწავლო მეტოქე. პირადად მე, ყურადღებას მცველებზე ვამახვილებ და არა მეკარეზე. ვსწავლობ მათ სისწრაფეს, ნახტომს, რადგან უდა ვიცოდე რა შესაძლებლობები აქვთ მათ. ასეთ დროს, სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს კონცენტრაციას. მისი და ინსტინქტის გარეშე გოლს ვერ გაიტან.
- რომელ მცველს გამოარჩევდით, ვისთანაც აქამდე გითამაშიათ?
- პეპეს. მასთან ყოველთვის სერიოზული ბრძოლის გადატანა მიწევს.
- ვის მიიჩნევთ საუკეთესო თავდამსხმელებად?
- სამს გამოვარჩევ: სამორანო, ბუტრაგენიო და რონალდო.
- ამ პასუხებში იგრძნობა მადრიდული სული...
- ჩემი ოჯახი ყოველთვის “რეალს” ქომაგობდა. მაგრამ კონკრეტულად ეს თავდამსხმელები იმიტომ ავარჩიე, რომ პირველი ყოველთვის ბომბარდირი იყო, მეორე ძალიან მოძრავი ფეხბურთელი, მესამე კი, ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებებს ღებულობდა.

მოამზადა მიშა ზაქარეიშვილმა
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095713