ფეხბურთი

14:44 | 23.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

რობერტ ლევანდოვსკი: “დორტმუნდში” ბოლო სეზონს ვატარებ”

 რობერტ ლევანდოვსკის სატრანსფერო საგა, როგორც იქნა დასრულდა. პოლონელი ფორვარდი მიუნხენის “ბაიერნის” ნაცვლად კვლავინდებურად დორტმუნდის “ბორუსიაში” ითამაშებს, თუმცა, “ბილდისთვის” მიცემულ ინტერვიუში დასავლეთსლავი თავდამსხმელი ირწმუნება, რომ “ვესტფალენშტადიონზე” ბოლო სეზონს ჩაატარებს.

 - მთელი ზაფხულის განმავლობაში არ წყდებოდა ვნებები თქვენი დორტმუნდიდან აბარგების თაობაზე. ყველაფრის მიუხედავად, მიუნხენისბაიერნშიარ გადახვედით და მორიგი საბუნდესლიგო სეზონი კვლავბორუსიასშემადგენლობაში დაიწყეთ...

- ახლა უკვე დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, “ბორუსიაში” კიდევ ერთ სეზონს ჩავატარებ. კლუბის ხელმძღვანელებთან ყოველგვარი გაუგებრობა აღმოფხვრილია, ერთმანეთს ყველაფერი გულახდილად, შეულამაზებლად გავუზიარეთ. ორივე მხარემ შეცდომები დავუშვით, სადღეისოდ კი თემა დახურულია.

- წინა თვეების განმავლობაში არ დაგიმალავთ, რომ “ბაიერნში” გადასვლა გსურდათ. თუკი კვლავინდებურად ამ განწყობით ხართ, “ბორუსიაში” თამაში არ გაგიჭირდებათ?

- არა, არ გამიჭირდება. ზაფხულში სხვა მოტივაცია მამოძრავებდა – მეგონა, ბავარიაში გადავიდოდი, ამიტომაც გაურკვევლობაში მყოფი გაღიზიანებული გახლდით. ამჟამად პრობლემა დარეგულირებულია, მოქმედი კონტრაქტის პირობებს ბოლომდე შევასრულებ.

- ცოტა ხნის წინათ სხვაგვარად ფიქრობდით და მზად იყავით, ხელშეკრულება ცალმხრივად გაგეწყვიტათ...

- კლუბმა საპირისპირო გადაწყვეტილება მიიღო, რომლის ძალითაც დორტმუნდში ვრჩები. კონტრაქტის დარღვევა კი არც მიფიქრია, ჟურნალისტებმა სიტუაცია ზომაზე მეტად გაბუქეთ. ბევრი გამოცემა ჩემი და ჩემი აგენტების წინააღმდეგ მოქმედებდა.

- 2014 წლის ივნისში დორტმუნდის “ბორუსიასთან” გაფორმებულ ხელშეკრულებას ვადა გასდის. რა იქნება ამის შემდეგ?

- პირდაპირ მოგახსენებთ – “დორტმუნდში” ბოლო სეზონს ვატარებ. ამის მიუხედავად, ამჟამად ჩემი საზრუნავი და საფიქრალი მომავალი ბუნდესლიგა და ჩემპიონთა ლიგაა. ახლანდელ გუნდს მოპოვებული ტიტულებით მსურს დავშორდე.

- უფრო კონკრეტულად ხომ ვერ გვეტყოდით საამსეზონო გეგმებზე?

- “ბორუსია” ყველა ფრონტზე მხოლოდ და მხოლოდ წარმატების მისაღწევად იბრძოლებს. ისიც კარგად გვესმის, რომ ნებისმიერი გუნდი ჩვენ წინააღმდეგ თამაშისას მაქსიმალურ კონცენტრაციას და მონდომებას გამოავლენს. მაგრამ “ბორუსია”არაფერს დათმობს. ჩვენი განწყობა უკვე დავადასტურეთ გერმანიის სუპერთასისთვის ჩატარებულ მატჩში, როდესაც “ბაიერნი” დავამარცხეთ. სეზონის ბოლომდე ამგვარი  მოტივაციით ვითამაშებთ და გულშემატკივარს ვპირდები – მიუნხენელებს იოლად არ დავუთმობთ ბუნდესლიგის ჩემპიონის ტიტულს.

- შეგწევთ კი საამისო ძალა? გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე მარიო გიოტცე სწორედ მიუნხენში გადავიდა...

- მარიოს წასვლის მიუხედავად, წლეულს “ბორუსია” უკეთაა დაკომპლექტებული, ვიდრე გასული სეზონის სტარტის წინ. ჩვენ ხომ პიერ-ემერიკ ობამეანგი, სოკრატისი და ჰენრიხ მხითარიანი დავიმატეთ. ობამეანგმა ბუნდესლიგა ჰეთ-თრიკით გახსნა, თავიანთ რეალურ ძალას მალე დანარჩენი ორიც გამოავლენს.

- საკუთარი ხელფასით უკმაყოფილო იყავით. ამ მხრივ რა სიახლეა?

- კონსენსუსს მივაღწიეთ. აქამდე ყოველწლიურად მილიონნახევარ ევროს ვიღებდი. მომავალი 10 თვის განმავლობაში გაცილებით უკეთესი ხელფასი მექნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.123122